ალენ დელონის გარდაცვალებას ლევან ბერძენიშვილმა პოსტი მიუძღვნა, რომელმაც უამრავი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ხშირად მეკითხებიან, რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენაო და მეც ვუპასუხებ. ასეთ დროს ფიგურირებს „ვეფხისტყაოსანი“, „ძმები კარამაზოვები“, „ილიადა“… მაგრამ კითხვა რომ უფრო ზოგადი ყოფილიყო, ყველაზე უფრო ხელოვნებამ რითი მოახდინა თქვენზე გავლენაო, ჩემი პასუხი სრულიად სხვა იქნებოდა. ჩემზე მთავარი გავლენა წიგნს არ მოუხდენია. ჩემზე მთავარი გავლენა მოახდინა კინომ და ამ კინოში ერთბაშად რამდენიმე ადამიანმა. კინოს ერქვა „როკო და მისი ძმები“, იგი 1960 წელს გადაიღო ლუკინო ვიკონტიმ, მუსიკა დაწერა ნინო როტამ, მთავარი როლები შეასრულეს ანი ჟირარდომ და რენატო სალვატორიმ, ხოლო როკო – ქრისტე, წმინდანი, თავადი მიშკინი და ყველაფერი იყო ალენ დელონი. შემდეგში გავიგე, რომ თომას მანის „იოსებსა და მის ძმებსა“ და იტალიელ პოეტს, როკო სკოტელაროს „შეუქმნიათ“ ეს სათაური ვისკონტის თავში; რა თქმა უნდა, დოსტოევსკისა და ჯოვანი ტესტორისაც თავისი როლი ჰქონიათ…
პირველად როდის ვნახე, არ ვიცი. საბჭოთა ეკრანზე 1960 წელსვე იყო თუ 1961-ში, არ მახსოვს. მაგრამ ვიცი, რომ ბევრჯერ მაქვს ნანახი. არ ვიცი, როდის, მაგრამ ერთხელაც ჩამომიყალიბდა რწმენა, რომ სანამ ხუთი ადამიანი: რეჟისორი, კომპოზიტორი, სიმონე, ნადია და, უპირველეს ყოვლისა, როკო ცოცხლები არიან (როლებსა და მსახიობებს რომ ვაიგივებდი, ესე იგი, ჯერაც ბავშვი ვიყავი), მანამდე ყველაფერი კარგად იქნება. ანუ, პოტერიანას მიხედვით, ჰორკრუქსები შემიქმნია.
ლუკინო ვისკონტი წავიდა 1976 წელს, ნინო როტა – 1979-ში, რენატო სალვატორი – 1988-ში, ანი ჟირარდო –2011-ში, მაგრამ ცოცხალი რჩებოდა როკო = ალენ დელონი. დღემდე.
ალენ დელონი სილამაზის ეტალონი იყო, ზოგისთვის ასეთადაც დარჩა. ჩემთვის ის ბევრად, გაცილებით მეტი იყო.
1998 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დავინიშნე. მძიმე დრო იყო ბიბლიოთეკებისთვის. დახმარებისთვის მივმართე კულტურული ქვეყნების საელჩოებს. თითქმის ყველა დაგვეხმარა, ბუნებრივია, რუსეთის გარდა. ყველაზე უფრო დაგვეხმარა საფრანგეთის საელჩო, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო. მე ვიჯექი რიშელიეს ქუჩაზე, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კაბინეტში და ჩემი კოლეგა ჟან-პიერი ბიბლიოთეკის მართვას მასწავლიდა. კულტურის სამინისტრომ შემომთავაზა, სია წარმოგვიდგინე და ვისაც გინდა, შეგახვედრებთო. სია წარვადგინე: სოფი მარსო, ანი ჟირარდო და ა.შ.
ალენ დელონი ჩემს სიაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. ის ჩემთვის ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი იყო ყოველთვის.
Requiescat in pace.
კომენტარები