ნანა სულავა, ალია
წინა კვირას „ალიაში“ დაიბეჭდა ჟურნალისტური გამოძიება, სათაურით: „ლევან რატიანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული!“, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც. მკითხველს შევახსენებ, სტატიაში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელ ლევან რატიანს მძიმე დანაშაულობებში სდებდნენ ბრალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის პროფესორის, აწ გარდაცვლილი მაია დგებუაძის ძმა ორდე დგებუაძე და მისი ნათესავები.
წერილის დაბეჭდვისთანავე, გამომეხმაურა ლევან რატიანი, რომელმაც მასალის დაბეჭდვამდე ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავა. ლევან რატიანი რედაქციაში გვესტუმრა, მას ვთხოვე, თავისი ხელით დაეწერა, თუ რაში არ ეთანხმებოდა „ალიას“ რესპონდენტს, რათა მისი პოზიცია ზუსტად გასულიყო და მერე რაიმე სადავო არ გამხდარიყო.
ლევან რატიანის პასუხი:
– არა, არ შემიძლია წერა… ხელები მიკანკალებს… ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი…
– კეთილი, მაშინ მიპასუხეთ კითხვებზე. თქვენ აკადემიკოსი სორთმან ჯაფარიძე მძიმე ბრალს გდებთ: მისი მტკიცებით, ის იმიტომ არ შეუშვით ავადმყოფთან, რომ მაია დგებუაძე უკვე გარდაცვლილი იყო და ცხედარი მორგში გყავდათ. მეორე, მთავარი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფისთვის ოპერაცია არ უნდა გაგეკეთებინათ, რადგან მას ყელის სიმსივნე ჰქონდა და მეტასტაზი ყელიდან ტვინში იყო წასული. ბატონი სორთმანი სვამს კითხვას, ავადმყოფს თავის ქალა რატომ გაუხსნეს, როცა ძირითადი კერა ყელში იყოო. აკადემიკოსი დღესაც ამტკიცებს, რომ ოპერაციის გარეშე მისი მეუღლის და, მაია დგებუაძე, კიდევ იცოცხლებდა. რას იტყვით ამაზე?
– მაია დგებუაძეს ჰქონდა თავქვე სიმსივნე ( ბატონი სორთმანი ამბობდა, მას უთხრა, რომ ყელის სიმსივნე ჰქონდა, – ნ.ს.). რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შევუშვი სორთმან ჯაფარიძე ავადმყოფთან, ახლავე აგიხსნით. ოპერაციამდე, როდესაც მაია დგებუაძე ადეკვატური იყო, მე რადიოლოგ მარიკა ჯაფარიძეს ვთხოვე, ბატონი სორთმანი შეეშვა მასთან სანახავად და მაია დგებუაძემ სორთმანს შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება ოპერაციის ჩატარების საკითხს, თავად მაიას სურდა ოპერაციის გაკეთება (მაია დგებუაძის რძლის, ფიქრია დვალაძის ნაამბობით, მაია მას ეს-ემ-ეს-ით ატყობინებდა, რომ ჰქონდა ლიპომა, რომელსაც ამოიჭრიდა და მორჩებოდა, – ნ.ს.).
– როგორც მიამბეს, ოპერაციის ჩატარების შემდეგ ბატონი სორთმანი არაერთხელ ყოფილა ავადმყოფის სანახავად და არცერთხელ არ შეგიშვიათ მასთან, შეურაცხყოფა მიგიყენებიათ. რატომ?
– მე არ მახსოვს, ოპერაციის შემდეგ იყო თუ არა სორთმან ჯაფარიძე. როცა კი შემხვედრია ბატონი სორთმანი, ყოველთვის მოწიწებით ვექცეოდი მას.
– თქვენ ექიმ ასლან გერმანიშვილისთვის გითქვამთ, თითქმის გვამია, მაგრამ ოპერაცია უნდა გაუკეთოო…
– ტყუილია, რადგან მე ასლან გერმანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდი…
– თქვენ მაია დგებუაძის რძლისთვის გითქვამთ, ეს წერილი შეკვეთილია და ამაში ფული გაქვთ გადახდილიო.
– ტყუილია, მე ეს არ მითქვამს.
– ბატონო ლევან, მაია დგებუაძის ნათესავები ამბობენ, რომ გარდაცვლილს ნათესავები არ მიაკარეთ, დასაფლავებაზე არ დაასწარით…
– მე რაც დამიბარა ჩემმა პროფესორმა, ისე მოვიქეცი. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებდა და კოვიდრეგულაციები დავიცავი.
– საოჯახო ანდერძში ვკითხულობ: მაია დგებუაძე თქვენ გიბარებთ, ვინ უნდა დასწრებოდა მის დასაფლავებას, მაგრამ არცერთ მათგანს არ შეატყობინეთ, ხოლო ვისზეც კატეგორიულად გაფრთხილებდათ, არ მოვიდეს სამედიცინო უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორიო, ზუსტად ის იყო დასაფლავებაზე.
– რექტორმა თვითონ გაიგო, მოვიდა და დასაფლავების შემდეგ მალევე წავიდა… სამედიცინო უნივერსიტეტში ყველამ გაიგო, მაგრამ მოვიდნენ მხოლოდ რექტორი და პროფესორი სულაბერიძე.
– ბატონო ლევან, თქვენ მაია დგებუაძის ძმას, ორდე დგებუაძეს უთხარით, რომ ჯერ კიდევ იცოცხლებდა ავადმყოფი, დააიმედეთ და ხობში გაუშვით, მაგრამ იმავე დღეს, ხობამდე არ მისულს, დაურეკეთ და შეატყობინეთ, რომ გარდაცვალება დაფიქსირდა. ის ხუთ საათში თბილისში დაბრუნდა და თქვენ მიცვალებული უკვე ეკლესიაში გყავდათ დასვენებული, მეორე დღეს დაასაფლავეთ. ერთ დღეში როგორ მოასწარით ყველაფერი. როგორც მითხრეს, იქ თქვენი ნაცნობები ყოფილან, რომლებმაც, თურმე, გარდაცვლილის სახელი და გვარიც კი არ იცოდნენ.
– მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ჩემმა პროფესორმა დამიბარა. მეტის გაკეთება პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო.
– თქვენ ანდერძის დაწერიდან 6 თვის ვადის გასვლამდე ორდე დგებუაძეს პირდებოდით, რომ ქონებას გადაუფორმებდით მას. ასე რატომ აიმედებდით და ატყუებდით? 6 თვის გასვლის შემდეგ კი დაჭერით დაემუქრეთ. ასე იყო?
– ესეც ტყუილია. მე არაფერს არ შევპირებივარ. მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ჩემმა პროფესორმა დამიბარა.
– თქვენ ორდე დგებუაძეს, როგორც ის ამბობს, დღევანდელ მთავრობასთან სიახლოვითაც აშინებდით და დაჭერით ემუქრებოდით. არ გაბედოთ დარეკვაო, ასე მაფრთხილებდაო.
– ყველაფერი ტყუილია.
– ბიძინა ივანიშვილის სახელსაც იყენებდაო…
– ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობ.
– ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილის საბანკო ანგარიშიდან ამას წინათ დიდი თანხა მოხსენით.
– ტყუილია, სად ჰქონდა მაია დგებუაძეს ფული? ბათუმში 36 კვ.მ. ფართობის ბინა ბანკიდან გამოტანილი სესხით იყიდა. მე შემიძლია, ყველა საბანკო ანგარიში წარვადგინო. თავისი შექმნილი ანატომიური ატლასი ბანკიდან გამოტანილი სესხით დაბეჭდა. ყველა საჭირო დოკუმენტი არსებობს და, თუ საჭირო გახდება, წარვადგენ.
– თქვენ მაია დგებუაძემ დაგიტოვათ სამეცნიერო მემკვიდრეობა. როგორც მისი ნათესავები ამბობენ, ამას წინათ მისი შრომებით საკუთარი წიგნი გამოგიციათ და პრეზენტაცია გქონიათ.
– ესეც ტყუილია. 2013 წელს გამოვეცი წიგნი. მას შემდეგ მე წიგნი არ გამომიცია. რაც შეეხება სამეცნიერო მემკვიდრეობას, მის ბინაში, დიდ დიღომში, თვეში ერთხელ მივდივარ. მტვერს გადავწმენდ ხოლმე. უჯრებიც კი არ გამომიღია. მაია დგებუაძის კომპიუტერიც კი არ გამიხსნია.
– როგორც დგებუაძის ნათესავები ამბობენ, ეს ბინა მაია დგებუაძის მშობლების აშენებული ყოფილა. თითოეული ნივთი მაიას დედის ჩატანილი ყოფილა ხობიდან. დგებუაძეების ძვირფასი ოქროს ნივთები, რომლებიც მის ძმას ეკუთვნოდა, ახლა ლევან რატიანის ხელშიაო…
– მე ჩემი პროფესორისგან ვიცი, რომ რაც მის სახლშია, ყველაფერი მისი შეძენილია. მისმა მეგობარმა ნანა გულუამ პეტერბურგიდან დამირეკა და მითხრა, მაიას ანდერძი აუცილებლად უნდა შეასრულოო და ვასრულებ ისე, როგორც ანდერძში წერია.
– ბატონო ლევან, იმავე ანდერძში ვკითხულობ, ეს ანდერძი არ არის საბოლოო და ის შემიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოო… ისე, ზნეობრივად რამდენად გამართლებულია, რომ პაციენტის ქონებას, თუნდაც მისი ანდერძის საფუძველზე, მისი ექიმი ეპატრონება?
– მე ანდერძი გავხსენი 11 დეკემბერს. მანამდე არაფერი ვიცოდი, ანუ ოპერაცია უკვე გაკეთებული ჰქონდა. მან ოპერაციის წინა დღეს მომიტანა ჩანთა და მითხრა, ამ ჩანთაში დევს ის ყველაფერი, თუ როგორც უნდა მოიქცე შენ, რა უნდა გააკეთო ჩემი სიკვდილის შემდეგო. საავადმყოფოში დაწოლამდე მესიჯი გამომიგზავნა: „არაფერზე ინერვიულო, შვილო, ჩემი სიცოცხლისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. დანარჩენი ყველაფერი ღვთის ნებაა… ლევან, ადრე მოდი, არ მინდა, მეზობლებმა დაჩაჩანაკებული მნახონ“. – ეს მომწერა ოპერაციის წინა დღეს.
– ნათესავები ამბობენ, რომ თქვენ გარდაცვლილი პროფესორისთვის ორმოციც კი არ გადაგიხდიათ, დასაფლავებისთვის კი მისი პენსიის ფული გამოგიტანიათ.
– ტყუილია. ორმოციც გადავუხადე და მას ესწრებოდნენ ბატონი ორდე და მისი მეუღლე. ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გავაკეთე. მამაოც იყო მოსული… სანამ „ალიაში“ წერილი დაიბეჭდებოდა, დამირეკა ფიქრია დვალაძემ და მითხრა, დიღმის ბინა დაგვიბრუნე და „ალიაში“ წერილი არ დაიბეჭდებაო.
– გამოდის, “ალიას” სახელით გაშანტაჟებდათ?
– რაც იყო, იმას ვყვები… მე მინდა გავხსნა მაია დგებუაძის სახელობის მუზეუმი. ყველა მისი ნივთი მუზეუმში იქნება დაცული. მაია დგებუაძის დონის მეცნიერი თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო ისტორიაში არავინ მეგულება. ამიტომ მე ამას გავაკეთებ.
ლევან რატიანთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეეგ დავუკავშირდი გარდაცვლილი პროფესორის მაია დგებუაძის რძალს და კომენტარი ვთხოვე ლევან რატიანის ნათქვამ სიტყვებზე: „დიღმის ბინა დაგვიბრუნე და „ალიაში“ ეს სტატია არ დაიბეჭდებაო“.
ფიქრია დვალაძე:
– ძმის საფლავს ვფიცავარ, „ალია“ საერთოდ არ მიხსენებია. მე მას ვუთხარი, მშვიდობიანად მოვილაპარაკოთ-მეთქი. ცნობილ ექიმს გიღირთ ეს ნერვიულობა, ეს ალიაქოთი, რეპუტაციის შელახვა, ან მიცვალებულის მიმართ ასე საჯაროდ საუბარი ეთიკურია-მეთქი? არ დავმალავ, მას ვთხოვე, დიღმის ბინა მოგვყიდე-მეთქი. ის ბინა ჩემი მეუღლის მშობლების ნაყიდია და ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. მისი პასუხი ასეთი იყო: შენმა ქმარმა „ალიას“ ჟურნალისტი დაიქირავა, ფული გადაუხადა და ჩემზე წერილს აბეჭდინებს. შევხედავ ერთი, რა დაიბეჭდება „ალიაში“, რას დამაბრალებენ და მერე მივალ ჩემი პროფესორის საფლავთან და ჩავძახებ – შენ ყველასთან მართალი იყავი!“
ლევან რატიანი კი აცხადებს, რომ მას არ უთქვამს, ეს წერილი შეკვეთილია და ამაში ფული გაქვთ გადახდილიო და ამბობს, რომ ეს ტყუილია…
„ალიამ“ მკითხველს ორივე მხარის პოზიცია გაგაცნოთ და ამით ვამთავრებთ ამ თემაზე მუშაობას…
კომენტარები