მართალია, ჯერჯერობით არ უთქვამთ, მაგრამ პანდემიამ საქართველოს იმაზე მეტად შემოუტია ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო. საქმე ის გახლავთ, რომ დაავადებული ადამიანები სხვადასხვა წერტილში არიან, ანუ ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ და დასკვნა, რომ ისინი კონკრეტულ ბაზარზე დადიოდნენ, ადვილად დაიდო. ლილოს ბაზრობა გახდა ის დენთის კასრი, რომელიც აფეთქდა და რასაც ახლა დავწერთ, საგულდაგულოდ იმალება.
ლილოს ბაზრობის კლასტერის ათზე მეტ ადამიანზე, ექიმებმა განაცხადეს, რომ წყაროს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ვერსია, რომ ბაზრობაში მომუშავე ადამიანებს ვიღაცამ გადადო, ცოტა არ იყოს, საფუძველს მოკლებულია, რადგან ერთი ადამიანი ყველას და სხვადასხვა დღეს ვერ დაუვლიდა. რა მოხდა რეალურად? რატომ არის, რომ ვირუსი გადაედოთ გამყიდველებს და არა მყიდველებს? თანაც, ერთ-ერთი ინფიცირებული ჯიუტად იმეორებდა, რომ არავისთან კონტაქტი არ ჰქონია, წავიდა, მიიღო საქონელი, დააბინავა და წამოვიდა.
„ჩვენ, ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს, სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ვირუსი არა კონკრეტული ადამიანისგან, არამედ შემოტანილი საქონლისგან გადაგვედო. ძირითადად საქონელი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის, შესაბამისად, ისინი ორკვირიან კარანტინს გადიან. არ გამოვრიცხავ, ან არ დაამუშავეს ჯეროვნად, ან ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა და ვადაზე ადრე გამოიტანა საქონელი. ახლა ამას არავინ იტყვის, მაგრამ ჰკითხეთ ნებისმიერ მოვაჭრეს და ის დაგიდასტურებთ, რომ ეჭვი არა ადამიანზე, არამედ შემოტანილ საქონელზე აქვს“,- გვითხრა ლილოს ბაზრობის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
რამდენად რეალურია მონაყოლი, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ეჭვი, რომ საწყობიდან ორკვირიან სავალდებულო ვადაზე გავიდა საქონელი დახლზე, მათაც აქვთ და ამ მიმართულებით შესაბამისი კვლევა უკვე მიმდინარეობს.
ცალკე პრობლემაა ტრაილერის მძღოლები, ანუ ე.წ. იმპორტირებული ვირუსი. საზღვარზე მძღოლებს მხოლოდ სიცხეს უზომავენ და თუ სიცხე არ აქვს, ვირუსიანიც რომ იყოს, თავისუფლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, ჩერდება ძირითადად, საოჯახო სასტუმროში, ვახშმობს კვების ობიექტში, სარგებლობს საზოგადოებრივი საპირფარეშოთი, მაღაზიაში შედის, ვაჭრობს და შესაბამისად, ვირუსსაც ადვილად ავრცელებს. რა თქმა უნდა, საზღვრის დაკეტვა ისედაც მძიმე პირობებში მყოფ ეკონომიკას საერთოდ ცელს გამოუსვამს, მაგრამ აუცილებლად მოსაფიქრებელია რამე მექანიზმი, რაც შემოსული მძღოლების კონტროლს უფრო გაამკაცრებს. მაგალითად, მათ რომ არ ჰქონდეთ კონკრეტულ ადგილამდე მანქანის გაჩერების უფლება, რომ გადანაწილდნენ კონკრეტულ სასტუმროებში, სადაც პერსონალი შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
საყოველთაოდ ცნობილი ვირუსის გარდა, საქართველოს ეკონომიკური კრიზისიც უტევს.
ჯერჯერობით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახერხებს ბოსტნეულით გამოკვებას, მაგრამ შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ბოსტნეული გაძვირდება და ადამიანები შიმშილის ზღვარზე იქნებიან. უკვე დოკუმენტებით დასტურდება, რომ საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტი შიმშილობს და თუ არ გჯერათ, თვალი იმ კვლევას გადაავლეთ, სადაც გამოკითხულთა 81%-ს შემოსავლის და საკვების გარეშე დარჩენის ეშინია. აგერ უკვე ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც 2020 დადგა და უცხოური ინვესტიციები არ შემოსულა. გაჩერებულია მშენებლობები (ამ ბოლო დროს ამოძრავდნენ, მაგრამ რეალური ციფრი 25%-ს არ აჭარბებს), რესტორნები მოგების მეოთხედსაც ვერ იღებენ, დასაქმებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდებოდა ერთადერთი (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს) იმედი კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნებია.
წინასწარი მონაცემებით, პარტიები საერთო ჯამში მეოთხედ მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავენ, ინვესტიციად მარტივად შეგვიძლია განვიხილოთ. ოფიციალურ ხელფასს მიიღებენ აგიტატორები, კოორდინატორები, უბნის უფროსები, ზონის უფროსები, კომისიის წევრები. არაოფიციალურ გასამრჯელოს მიიღებენ ის ადამიანები, ვინც კულუარულად იქნება ჩართული არჩევნებში და ეს თანხა მოსახლეობას მცირედით ამოასუნთქებს, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, არჩევნების წინ ლარიც გამყარდება, რადგან მოთხოვნა სწორედ ეროვნულ ვალუტაზე იქნება, რამეთუ ხელფასს სწორედ ლარში გასცემენ და ამასთან ერთად არაოფიციალური ფულიც ლარში დარიგდება.
სამაგიეროდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბერში კვლავ გაძვირდება თამბაქო. აქციზის ღირებულების გაზრდაზე საუბარი აღარ მიდის, ის უკვე დასრულებულია და ლოგიკური დასკვნაც დევს – რადგან მწეველებმა ფასის გასამმაგება გადააგორეს, კიდევ მომატებასაც აიტანენ, ან მოწევას თავს დაანებებენ.
გარდაუვალია პურის გაძვირებაც და ექსპერტები ამასაც პროგნოზირებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ წესით ხორბალი ახლა ყველაზე იაფი უნდა იყოს, მაგრამ პურისთვის საჭირო ხორბლის 99%-ზე მეტი შემოგვაქვს, მხოლოდ 1%-ს ვაწარმოებთ ადგილზე და რაც მთავარია, შემოტანილი ხორბლის 95% რუსეთზე მოდის. რუსეთმა კი არ მოხსნა აკრძალვა ევრაზიის კავშირის არაწევრ ქვეყნებზე და შესაბამისად, ხორბლის ფასიც მოიმატებს. მარაგი, რომელიც აგვისტოს ბოლოს გათავდება, მცხობელებს შესაძლებლობას მისცემს პური არ გააძვირონ, მაგრამ უკვე სექტემბრის შუა რიცხვებიდან, პურის ფასი ეტაპობრივად 5-10 თეთრით (მინიმუმ) მოიმატებს.
პანდემიის გამო, საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი 80%-ით შემცირებულია, რამაც ხორც-პროდუქტებზე ფასები დააგდო, თუმცა გააძვირა ზღვის პროდუქტები და შემოდგომიდან ხორცი კვლავ გაძვირდება, რადგან ვარაუდობენ, რომ საზღვრები ამ მიმართულებით გაიხსნება და მთიდან დაბრუნებული მოსუქებული საქონელი ექსპორტზე გავა.
„საქართველოს ეკონომიკა ერთ ადგილზე დგას. მიმოიხედეთ ირგვლივ, საერთოდ არაფერი ხდება და წელს მხოლოდ იმას თუ აღვნიშნავთ, რომ დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. ახლა ვიღაცები ამბობენ, ეს ხომ 120 მილიონის ინვესტიციააო, მაგრამ არანაირი ინვესტიცია, ეს 120 მილიონი ამ პარკში ხეების გადარგვა და მისი კეთილმოწყობა დაჯდა, დათვალიერება უფასოა, შენახვა კიდევ ცალკე ფული დაუჯდება სახელმწიფოს, ზუსტად ისე, როგორც „ბლექ-სი არენას“ შენახვა ჯდება წლიურად 3-4 მილიონი და მორჩა.
რეგიონები საერთოდ მკვდარია, მოსახლეობა ეზოში მოყვანილ პროდუქტს ან ყიდის, ან ჭამს, ანუ ამ მხრივაც რაიმე მნიშვნელოვანი ძვრა არ არის. ყველაზე მძიმედ ეკონომიკის ერთ ადგილზე დგომას და ინვესტიციების არარსებობას ზამთარში ვიგრძნობთ. ვერ გეტყვით, რამდენად არის მზად ამისთვის ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია – ზამთრამდე რამე თუ არ შეიცვალა, მოსახლეობას პურის ფულის პრობლემა დაუდგება“,-გვეუბნება ექსპერტი.
ანი დვალიშვილი, ალია №26
კომენტარები