საქართველოში რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია “არტპოდგოტოვკას” წევრი, აქტივისტი რაფაელ შეპელევი გაუჩინარდა. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია Первый отдел ავრცელებს.
“რაფაელი დიდი ხნის განმავლობაში იყო Артподготовки-ის მოძრაობის წევრი და ის ამას არც მალავდა. პირიქით, ამის შესახებ ღიად საუბრობდა სოციალურ ქსელებში. ბოლო რამდენიმე წელი ის საქართველოში ცხოვრობდა, უფრო ზუსტად კი 2021 წლის სექტემბრიდან და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა. მის წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვა აქტივისტების წინააღმდეგ, დაუსწრებლად აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები. შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, მიუხედავად იმისა რომ რაფაელი რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა, მაინც აღმოჩნდა რუსეთში. სადაც მას ჯერ ადმინისტრაციული მუხლით დასდეს ბრალი, შემდეგ კი დააპატიმრეს.
როგორ აღმოჩნდა ის რუსეთში, ეს არ ვიცით – ამას ჯერ კიდევ ვარკვევთ. იმისთვის, რომ გავიგოთ რა მოხდა, მასთან უნდა შევიდეთ რამენაირად და მას თავად ვკითხოთ. შესაძლოა ის მოიტაცეს, შესაძლოა ის თავად ჩავიდა რუსეთში, საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ საზღვრები პირობითია. არსებობს ბევრი ადგილი სადაც ხალხს იტაცებენ, ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ერთი ქართველი მოკლეს და ერთი გაიტაცეს რუსმა მესაზღვრეებმა. ამიტომ, თუ პირადად არ გავესაუბრებით რაფაელს, ვერ გავიგებთ რა მოხდება. ჯერჯერობით რაც ვიცით, ის დაკავებულია რუსეთში”, – ამბობს რუსი უფლებადამცველი.
13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ.
“Первый отдел” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეპელევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით კი ტერორიზმის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათივე ცნობით დაკავებული ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, თბილისიდან შეპელევი კირბალში ჩავიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ჯერ სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ ლომისას ტაძარში ასვლა მოისურვა. მათივე თქმით, სოფელში კაცს ტაქსის მძღოლი ელოდება, გვიანობამდე მგზავრი უკან არ დაბრუნდა, რის გამოც კაცი წავიდა.
“ტაქსის მძღოლმა მოიყვანა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფი, აიყვანა იქ სასაფლაოებზე, სურათები გადაიღო. მერე უთხრა, რომ მე იქ ლომისაში ავალ – დამელოდეო. 4 საათი ელოდებოდა მძღოლი, მერე მენახირეებმა ნახესო, მოვიდნენ იქიდან ვიღაცებიო და წაიყვანეს ის ფოტოგრაფიო, აღარ ჩამოვიდა აქ”, – ამბობს ადგილობრივი მედიასთან.
კომენტარები