დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ე.წ.“ლოქდაუნის“ გამოცხადება და მიიღებს თუ არა ქვეყანა არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა გაორმაგებულ რაოდენობას? – ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.
ალექსანდრე გოგინავა: არჩევნების შემდეგ, ვირუსის შეკავება რთული იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ და პლიუს მართვა იყოს ადეკვატური, ჰოსპიტალური სექტორი უფრო უნდა დაიხვეწოს, ახალი კადრების გადამზადება უნდა მოხდეს. თუ ავირჩიეთ ის გზა, რომ კი არ ჩავკეტოთ, არამედ ვმართოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ.
ეს მეთოდი აქვს არჩეული ევროპის უმრავლეს ქვეყანას, სადაც ცდილობენ, რომ ცოტა ხნით გამოაცხადონ „ლოქდაუნი“. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან მოხდეს მკაცრი იზოლაციის გამოცხადება, ან საერთოდ არ მოხდეს.
ნოემბერში ორი-სამი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ვირუსის ზრდა იყოს, მაგრამ თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ყოველდღიურად 2 ათასამდე ინფიცირების ნიშნული, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ პაციენტები სწორად მართოს.
თან, ახლა გამოცხადებული „ლოქდაუნი“ ეფექტური არ იქნება, რადგან საკმაოდ მაღალია ვირუსის გავრცელება და არც უშველის, ანუ ცოტა საკამათო თემაა, რამდენად ღირს “ლოქდაუნის” გამოცხადება.
შეაკავებს თუ არა „ლოქდაუნის“ გამოცხადება ვირუსის გავრცელებას, არის მსჯელობის საგანი, მაგრამ ცალსახაა, რომ მისი გამოცხადება ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს. ჩემი პირადი აზრია, რომ თუ ახალი შემთხვევები არ იქნება კატასტროფულად მზარდი, ამ შემთხვევაში, მართვის დახვეწაზე უნდა ავიღოთ ორიენტირი და არა შეზღუდვების გამკაცრებაზე.
შეკრებები, სადაც წესები არ არის დაცული, არის ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ რისკი, ამიტომ ვნახოთ… თუ რთული სიტუაცია არჩევნების შემდეგ შეიქმნა, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის გზას მიმართოს სახელმწიფომ, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი რთულია.
კომენტარები