აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az ქართულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ლუკოილის“ მიერ კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი, რომელიც შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანიდან საქართველოში, კონკრეტულად ბათუმის პორტში გადაიზიდა, პრაქტიკულად იქვე გაიჭედა. საუბარია დაახლოებით 1000 ტონა ნავთობზე.
ევროკავშირი ემზადება ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტის მისაღებად, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს რიგ შეზღუდვებს ნავთობის ექსპორტზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები ჯერ არ შესულა ძალაში, ნავთობის არაერთი წამყვანი კომპანია უარს ამბობს რუსული ნედლეულის გაყიდვაზე, რადგან ეშინიათ თავად არ მოხვდნენ შეზღუდვების ქვეშ. სწორედ ამიტომ ყაზახური კომპანიებიც კი ცდილობენ რუსული ნავთობისგან თავი შეიკავონ.
როგორც გაირკვა, ყაზახურმა კომპანიამ, რომელიც ტრანსპორტირებას ახორციელებდა, საერთაშორისო სანქციების გამო უარი თქვა ლუკოილთან თანამშრომლობაზე. შედეგად, ბათუმის პორტთან ახლოს მდებარე რკინიგზის სადგურზე ნავთობის სავსე ავზების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაგროვდა.
“ქართულ ოპოზიციასთან ასოცირებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ქართული მხრიდან, კომპანიას, რომელიც ლუკოილთან თანამშრომლობს, მჭიდრო ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ქართული ოპოზიცია მუდმივად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სანქციების უგულებელყოფაში და რუსეთთან უკანონო ვაჭრობაში. ტელეკომპანია „პირველმა“, რუსული ტანკერების ნავთობით და ნავთობპროდუქტებით დატვირთვის კადრები აჩვენა ბათუმის პორტში, აჩვენა, თუ როგორ უახლოვდება რუსული დროშის ქვეშ მყოფი ტანკერი ბათუმის პორტის ერთ-ერთ ტერმინალს. რაც შეფასდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევად. საპასუხოდ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბათუმის პორტში რუსული ტანკერების შესვლა და ნავთობის მიღება არ არის სანქციების დარღვევა, ვინაიდან აშშ-ს და ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებია შეზღუდვები ექსპორტზე.” – წერს გამოცემა
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო დღეებში მკვეთრად შემცირდა რუსული ნავთობის მიწოდება ზღვით.
სააგენტოს გათვლებით, შავი ზღვის, ბალტიის და არქტიკის სანაპიროებზე რუსული პორტებიდან აზიის მიმართულებით მიმოსვლის მოცულობა ორ თვეში მინიმუმამდე დაეცა. ყოველდღიური გადაზიდვების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა შავი ზღვის პორტებში, სადაც ეს მაჩვენებელი 59 პროცენტით (ანუ 313 000 ბარელი ნავთობით დღეში) დაეცა. ასევე, წყნარი ოკეანის სანაპიროზე რუსეთის სამი აღმოსავლეთის ტერმინალიდან მიწოდება შემცირდა 17 პროცენტით (205 000 ბარელი დღეში).
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემუშავება, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
წინა, მეხუთე პაკეტი მოიცავდა რუსეთის ფედერაციიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან შევა.
კომენტარები