ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი გენერატორები უკრაინაში გაიგზავნა.
“დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს მთავრობას და პირადად, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და თქვა:
„სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის – კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში.”
კომენტარები