27 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წალენჯიხის სალოტბარო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ სალოტბარო სკოლას, რომელიც კულტურის სამინისტროს ბაზაზეა, შენობა არ აქვს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. ამ თანადგომისთვის მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას ერთგვარად მადლობა გადაუხადა და როგორც ჩანს, ისე შეაწუხა იმ ფაქტმა რომ მისი სამინისტროს ბალანსზე მყოფი სკოლის შეფარება და დაფინანსება მერიას უწევს, და იძულებულია ამისათვის მადლობა თქვას, რომ იქვე, ორაზროვნად განაცხადა, ვიღაც ამბობდა, ძალა ერთობაშია და ასეც უნდა იყოსო. თუმცა, მინისტრი თავისივე ორაზროვნებამ ისე დააბნია, დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდიო, განუცხადა მასპინძლებს.
ცნობისთვის, სალოტბარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები შენობას ითხოვენ, თუმცა წულუკიანმა ამ მოთხოვნას კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა, მე კი ვიცი ამ პრობლემაზე და კი ჩამოვედი ადგილზე, მაგრამ რამდენიმე კვირაში, თქვენ, პედაგოგები სამინისტროში მოდით და იქ გადავწყვეტთ, სალოტბარო სკოლას ახალ ფართს გამოვუყოფთ თუ იმ შენობას გავარემონტებთ, სადაც ახლა არიან შეხიზნულიო. როგორც ჩანს, მინისტრი ამხელა გზაზე სამინისტროში პედაგოგების მისაწვევად იყო ჩაბრძანებული, რა გითხრათ.
ზოგადად, შეხვედრაზე ქალბატონმა მინისტრმა ისე ისაუბრა, თითქოს მთელი კულტურის სამინისტრო წალენჯიხის სალოტბარო სკოლაზე ფიქრით აღამ-ათენებს. არადა, სინამდვილეში, წულუკიანის უწყება ჯამაგირს მხოლოდ ორ პედაგოგს უხდის. დანარჩენ მასწავლებლებს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წალენჯიხის მერია აფინანსებს.
წულუკიანმა არ განმარტა საკუთარი ცინიზმი „ძალა ერთობაზე“, თუ მინისტრმა იცის, რომ ძალა ერთობაშია, მაშინ საკითხავია, სალოტბარო სკოლის პედაგოგთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყურადღებას რატომ არ აქცევს და მათთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის საკუთარ ძალას წალენჯიხის მერიას რატომ არ უერთიანებს? – ამ კითხვაზე მინისტრს წალენჯიხაში სტუმრობისას პასუხი არ გაუცია.
არადა, საქმეში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ წალენჯიხის სალოტბარო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და უბრალოდ, სირცხვილია, ეს დიდი ტრადიციების სასწავლებელი ერთ ოთახში რომ არის „შემწყვდეული“. 2015 წელს შექმნილ სკოლაზე მხოლოდ ახლა, საარჩევნო წელს დაინტერესება ნამდვილად უცნაურია, მაგრამ როგორც იტყვიან-სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
გასაგებია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლას ყველანაირად ეხმარება, მაგრამ კარგი იქნება, თუკი კულტურის სამინისტროც, რომლის ბალანსზეც ეს სკოლაა, მეტ ყურადღებას გამოიჩენს და წალენჯიხის სალოტბარო სკოლას ხელს მაქსიმალურად თუ არა, შენობის გამოყოფით და მინიმალური დაფინანსებით მაინც შეუწყობს.
წყარო.- თაიმერი
კომენტარები