საოპერო მომღერალი – თამარ ივერი “კვირის პალიტრასთან” ქვეყნის დატოვების მიზეზებზე საუბრისას, ამბობს:
ჩემს მეუღლეს ამერიკაში ოჯახის წევრები ჰყავს – დედა, და, ბიძაშვილები და ბევრი ახლობელი… თუმცა, ამ ეტაპზე ამ თემას არ განვიხილავ. ევროპაში, მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, მომავალშიც წავალ.
ბათუმში შესანიშნავი ფესტივალი, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი დავაარსე, რომელმაც სექტემბერში ტრიუმფალურად აიღო სტარტი და შედეგად, რამდენიმე გამარჯვებული უკვე ევროპაში – იტალიასა და ამერიკაში გაემგზავრება, შემდგომი განვითარებისათვის. ამრიგად, ჩემმა ოცნებამ და ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო, თუნდაც ერთ და ორ ახალგაზრდას რომ გაუმართლებს და მისი ნიჭისა და ამ კონკურსის წყალობით სადღაც გავა, ჩემთვის ეს სასიხარულოა და კონკურსი შედგა, მისი მისია შედგა. კონკურსი მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება.
მადლობელი ვარ, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მენდო და ამდენად დიდი პროექტი მომანდო…
ბოშათა ცხოვრებას რომ მივდევდი, “ჩემოდნებზე ვიჯექი”, უცხოეთში ვმღეროდი, რასაც გამოვიმუშავებდი, ჩამოვდიოდი და საქართველოში ვხარჯავდი. ახლა ოჯახი მყავს და ძველებურად ვეღარ ავიყრები, თბილისიდან გასტროლებზე სასიარულოდ… დასავლეთში მეტი შესაძლებლობაა, ჩემი თავის რეალიზება რომ შევძლო. საქართველოში მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, რაც 70 წლის ასაკშიც შემიძლია გავაგრძელო…
ძალიან გული მწყდება, რომ თბილისში ამის (სცენაზე დაბრუნების) შესაძლებლობა არ არის. იმიტომ გვისწავლია და გვიშრომია, სანამ ახალგაზრდები ვართ, მაქსიმალურად ბევრის გაკეთება შევძლოთ.
დღეს ძალიან პოლიტიზებულია ჩვენი ქვეყანა და წლები ასე გადის… მე, დაახლოებით, ათი წლის წინ ჩამოვედი საქართველოში, რადგან დედა ავად მყავდა და მას ჩემი გვერდით ყოფნა სჭირდებოდა. შემდეგ ბავშვები შემეძინა და მსურდა, ქართველებად გამეზარდა. ქართული სცოდნოდათ და მშობლიური ყველაფერი შეესისხლხორცებინათ. უკვე ნამდვილი ქართველები არიან და სადაც უნდა წავიყვანო, ასეთებად დარჩებიან. საოცრად უყვართ თავიანთი ქვეყანა, ადამიანები, თანატოლები, ცხოველები და ყველაფერი, რაც კარგ ადამიანს უნდა უყვარდეს.
კომენტარები