ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე:
“2013 წელია, ხარ 25 წლის და ხელფასი გაქვს 1000 ლარი. შესაბამისად, ხელზე იღებ 800 ლარს, რადგან 20 % სახელმწიფოს მიაქვს საშემოსავლო გადასახადის სახით. 100 დოლარს (168 ლარი) კი სესხს იხდი, რომელიც ლარში გაქვს ერთ-ერთ კომერციულ ბანკში.
მოგვიანებით ლარმა გაფუჭება დაიწყო და სახელმწიფოს სესხის ლარიზაცია მოგთხოვა. შესაბამისად, სესხი 3.0 კურსით ლარში გადაიყვანეთ და 300 ლარი გაგიხდათ გადასახდელი 168 ლარის ნაცვლად.
მალე, საპენსიო რეფორმაც ჩატარდა და შენს ხელფასს 2 (რეალურად კი 4) პროცენტი მოაკლდა და საპენსიო ფონდში წავიდა. შესაბამისად დაახლოებით 760 ლარი დაგრჩა ხელზე და სესხსაც, 300 ლარს აქედან იხდი. (ვიცი, აქ ოდნავ სხვანაირად ითვლება პროცენტი, მაგრამ ცდომილება უმნიშვნელოა და იყოს ასე).
მოგვიანებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ კიდე უფრო მეტი ფული უნდა ამოიღოს შენგან. ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გაუზარდა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებს და ამ უკანასკნელებმა – თქვენ. 2016 წელს განაკვეთი იყო 6.5% და მას შემდეგ 4 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, თქვენი სესხიც 4%-ით გაძვირდა ყოველთვიურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თვეში იხდიდით სესხის პროცენტს 100 ლარს (10%), ახლა მოგიწევთ 140 ლარის (14%) გადახდა. შესაბამისად 300-ის ნაცვლად 340 ლარს გადაიხდით სესხზე, რომლიდანაც 40 პროცენტს ისევ სახელმწიფო წაგართმევთ.
ხო, დარჩენილი 420 ლარიდან 18% ასევე სახელმწიფოს უხდით დღგ-ს 75.6 ლარს (როცა რაიმეს ყიდულობთ) და თუ სიგარეტს ეწევით ან ბენზინს ისხამთ დამატებით აქციზს, რომელიც არსებითად გაიზარდა ბოლო წლებში, სიგარეტს რომ თავი დაანებოთ.
აქ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს შენთვის. 2013 წელს საგარეო ვალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 2800 ლარი იყო, დღეს კი – 7400 ლარია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ვალიც ბეჭებზე გაწევს.
მაგრამ არ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი თქვენივე კეთილდღეობისთვის კეთდება!”
კომენტარები