ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.
– „ალიასთან“ ინტერვიუში თქვენ განაცხდეთ, რომ თუ ხელისუფლება „აგენტების კანონს“ მიიღებდა, ამით ხალხის წინააღმდეგ წავიდოდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და ხელისუფლების შეცვლას შეეცდებოდა პირდაპირი დემოკრატიის წესით. ასეც ხდება. ხალხი გამოვიდა ქუჩაში, დაარბიეს, მაგრამ მერე უფრო მეტნი გამოვიდნენ. ბევრი ამბობს, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებიც, რომ შესაძლოა, უკრაინული „მაიდანი“ განმეორდეს თბილისშიო… რა მოხდება?
– „მაიდანის“ საჭიროება უკვე აღარ არის. მე მგონი, უკვე ყველაფერი გაირკვა. „მაიდანი“, მისი მსგავსი მოვლენები მაშინ ხდება, როდესაც ერთმანეთს ორი ტოლფასი ძალა უპირისპირდება და მაინც სჭირდება ხელისუფლებას, რომ მეტ–ნაკლებად სტაბილური ვითარება იყოს. ჩვენი ხელისუფლება ახლა ისე მყიფეა, ხელი რომ ჰკრა, წაიქცევა.
– მართლა ასე თვლით? რა ფაქტების საფუძველზე ფიქრობთ ასე?
– ხელისუფლებამ მშიდობიანი პროტესტანტების დარბევის მერე, დაკარგა ის ელექტორალური რესურსი, რომელიც თეორიულად უშვებდა იმას, რომ ან ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ თამაშობს და ელოდებოდა იმის გარკვევას, რუსეთსა და უკრაინას შორის ვინ გაიმარჯვებდა და მერე გამოაჩენდა თავის პოზიციას, მხარს გამარჯვებულს დაუჭერდა. ამ ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა. აქციაზე გავიდნენ და აღარ კითხულობენ, ომი თუ თავისუფლება, რაც ხელისუფლების მიერ შემოგდებული კითხვა იყო. ეს ხალხი „ქართულ ოცნებში“ ხედავდა ძალას, რომელიც „ნაცმოძრაობას“ არ აბრუნებდა ხელისუფლებაში. ეს ხალხი დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“. მთელმა მსოფლიომ უთხრა ხელისუფლებას, ამ კანონს ნუ მიიღებთო და მაინც მიიღეს პირველი მოსმენით. ამის საპასუხოდ, ხალხმა დაიცვა ევროპული არჩევანი და ახლა, მოსახლეობა მოახდენს სრულ კონსოლიდაციას, რაც ეროვნული კონსესუსისთვის არის საჭირო. თქვენ ხომ გახსოვთ, 9 აპრილის მერე რა აქციები იმართებოდა საქართველოში. ახლაც ასე მოხდება. ახლა იქნება ის მოცემულობა, რომ უკვე არის შანსი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებისა. ხელისუფლება უკვე ვეღარ იძალადებს ხალხზე. არ შეიძლება, პოლიცია რამდენჯერმე გამოიყენო ხელისუფლების შესანარჩუნებლად. დეპუტატი რომ ხარ, ისეთი არაფერი უნდა გააკეთო, რომ მერე პოლიციის დასაცავი გახდე, პოლიციის ზურგსუკან დაიმალო. კარგი, ერთხელ და ორჯერ დაიმალე და როდემდე დაიმალები? ვფიქრობ, „მაიდანის“ აუცილებლობა არ იქნება, იქნება ეროვნული კონსოლიდაცია ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად, რომელიც თავისთავად დაალაგებს ყველაფერს.
– რა იქნება ხალხის შემდგომი ნაბიჯი? სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება და სხვა ამ ტიპის ნაბიჯები? როგორ უნდა აიღოს ხალხმა ხელისუფლება ხელში?
– ხალხი თავისას უკვე აკეთებს, დაანახა ხელისუფლებას, რომ ევროპულ არჩევანს არ დაუთობს. არავის არ დაეზარა და არ შეეშინდა, დაეწერათ „ფეისბუკზე“, დაეწერათ წერილები და მოეწერათ ხელი – სპორტსმენები, ხელოვანები… ყველა ჩაერთო ამ პროცესში, ყველამ დააფიქსირა საკუთარი მკვეთრი პოზიცია, რომ მხრს ევროპას უჭერენ, ყველამ დაგმო პარლამენტის მიერ „აგენტების კანონპროექტის“ მიღება და ყველამ თქვა, რომ ეს არის ბოროტება და ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ 76 თუ 78 დეპუტატს, ვინც პირველი მოსმენით ხმა მისცა ამ კანონპროექტს, არავინ აპატიებს ამას. ეს უკვე მათი განაჩენი და დასასრულია. მათ საკუთარ თავს პოლიტიკოსობის უფლება აუკრძალეს. გინდათ „შულავერის კომიტეტი“ დაარქვით ამას, გინდათ მოღალატეები და სულელები, გინდათ ივანიშვილის ლაქიები – ტერნიმებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხალხი, როგორც რაღაც პოლიტიკური რესურსის მატარებელი, უკვე დამთავრდა, ისინი აღარავისთვის არიან საინტერესო. გასაგებია, რომ ერთ კაცს ემსხურებიან პირადი გამორჩენის მიზნით. ასეთი პოლიტიკოსები ვის რა შავ ქვად უნდა?! შავი და თეთრი გაირკვა, რაც მოსახდენი იყო, მოხდა. ხელისუფლების ლუსტრაცია მოხდა, საზოგადოების მხრიდან მოხდა ეროვნული იდეის და ევროპული არჩევანის დაცვა. ალბათ, ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ბოლომდე ვერ გაიაზრა, რეალურად რასთან ჰქონდა საქმე, რადგან ბევრი უწიგნური ხალხია ხელისუფლებაში და მათ შორის, პარლმენტშიც. მიშა ყაველაშვილი კი ამბობს, სამშობლოს ღალატს წიგნიერება რად უნდაო, მაგაში ვეთანხმები, მაგრამ წიგნიერება სჭირდება იმის აღქმას, ვისი გორისანი ვართ, რა წარსული გვქვს, რა ღირებულებებით გვიცხოვრია. მე ის აზრი დამებადა, რომ ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვთ საქართველოს წარსულზე, ისტორიაზე, ეროვნულ იდენტობაზე, ქართველი ხალხის მისწრაფებებზე. ევროპული არჩევანი, ეს იყო მილიონების არჩევანი, როდესაც ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად, დავით აღმაშენებლის არჩევანი იყო, რომელმაც დიდგორის ბრძოლა ევროპელ ჯვაროსნებთან ერთად მოიგო. ეს არის ჩვენი ისტორია, ეროვნული ძახილი, რომელიც გამორიცხულია, ვინმემ შეაჩეროს.
– ხალხი რატომ დაარბიეს? იდგნენ, მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ და სპეცრაზმმა ჯერ ხელით დაიწყო ხალხის დაშლა, მერე გაუშვეს წიწაკის სპრეი და მხუთავი გაზი. ეს რაში დასჭირდათ? თან კობახიძემ დიდი ამბით დაგვიანონსა, დარბევა არ იქნება, ახლა გახარია კი არ არის შს მინიტრი, ვახტანგ გომელაურიაო!
– კი, სცენარი მართლა მასე იყო. თუ ხალხის მხრიდან იყო რაიმე აგრესია, მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის აგრესიის საპასუხოდ. ხალხს პირველს არ გამოუხატავს არანაირი აგრესია. მე მაინც მგონია, ეს იყო ხელისუფლების ისტერიული ქმედება. ამ საქციელს არ აქვს, რეალური აღქმა. ამის წინაპირობა ხალხს არ შუქმნია, რომ იქ რაიმე კონფლიქტი მომხდარიყო. ხელისუფლება პანიკაშია და ისტერიკაში იყო ის პიროვნება, რომელმაც ეს ბრძნება გასცა, რადგან შეეშინდა ქუჩაში გამოსული ამ ხალხისა. ეს ხელისუფლება არის მართლა დე ფაქტო ხელისუფლება, ის არ გამოხატავს ხალხის ნებას. შარშან, 20 ივლისს ხალხმა უთხრა, დასხედით, იმუშავეთ, შეასრულეთ 12 პუნქტი, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკანდიდატის სტატუსიო. შეასრულე შენი მოვალეობა, შენ ხარ ჩვენი დაქირავებული მსახური და რაც კანონით გევალება, ის გააკეთეო. ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, პირიქით, ყველაფერი უკუღმა გააკეთა, თავი არ დაზოგა, რომ სტატუსი არ მივიღოთ. ყველაფერთან ერთად, დაარბია ევროპული არჩევანის მომხრე ადამიანები. აქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი.
– „ქართული ოცნებიდან“ ხომ არ დაიწყება დეპუტატების წამოსვლა და განცხადებები, რომ ისინი ქვეყნის ევროპულ არჩევანს უჭერენ მხარს და მათზე ზეწოლა იყო?
– ამის დროც რეალურად მოვიდა. ეს არ იქნება მათი მხრიდან მორალური არჩევანი, ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. ახლა, ან ჩაყვებიან პროცესს ბოლომდე, ძალიან შეირცხვენენ თავს და სერიოზულ პრობლემებს გაიჩენენ ცხოვრებაში ან უნდა გაემიჯნონ ანტისახალხო ხელისუფლებას, უნდა ჩამოშორდნენ ამ პროცესს. ძალიან ბევრი წმენდა ჩაატარა ივანიშვილმა მის გუნდში, რომ ზნეობრივი, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული ხალხი არ ყოფილიყო მის გარშემო. მე მაინც მგონია, რომ მორალური კი არა, პირდაპირ პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
– ხელისუფლებას რა გზა დარჩა? სახის შესნარჩუნებლად მიიღონ კანონი, პრეზიდენტმა ვეტო დადოს და ვეტოს გადალახვა აღარ სცადონ?
– უკაცრავად ჟარგონზე და, მაგას აღარავინ სჭამს. ხელისუფლებამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, ის 76 მანდატი დაფიქსირდა, ხალხი მიხვდა, რომ ხელისუფლებას ხალხის სურვილი არ აინტერესებს. ის 76 დეპუტატი გაშავდა და ამის იქით უკვე აღარ არის საინტერესო. ამათ უკვე თაღლითების სახელი აქვთ, სხვანაირად ისინი უკვე ვეღარ მოიხსენიებიან. უკვე ჩამოვყალიბდით, ესენი არიან თაღლითები, მოღალატეები, გადამგდებები… ამათთან, ასე ვთქვათ, კაცური, ზნეობრივი, ქართული, ეროვნული გაგება, უკვე ატროფირებული აქვთ, არანაირ ენაზე მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მათ მანიპულაციები და გამოსავლის ძებნის მცდელობა არაფერს მისცემს, ეს ხალხს უფრო გააღიზაიანებს, უფრო დაიმძიმებენ მდგომარეობას. მათთვის უკვე დასრულდა ყველაფერი და როგორ წავიდნენ პოლიტიკიდან, ახლა იმაზე უნდა იფიქრონ.
– მშიდობიანად როგორ უნდა წავიდნენ, ეგ დარჩათ საფიქრალი?
– კი, კი, მშვიდობიანად როგორ წავიდნენ, ისე როგორ წავიდნენ, რომ მეტი აღარაფერი გაიფუჭონ და დაიზიანონ, ესღა აქვთ საფიქრალი. საქართველოს კომპარტიის ცკ–ს ბოლო პირველ მდივანს, გივი გუმბრიძეს თუ დაეკითხებიან როგორ მოიქცნენ, კარგი იქნება მათთვის. როცა გქვია ხელისუფლება და არ ხარ ხელისუფლება, რეალური ძალაუფლება აღარ გიჭირავს და აღარაფერს წარმოადგენს. ეს მდგომარეობა იყო 1990 წელს საქართელოში, გუმბარიძის მმართველობის დროსაც.
– მგონი, მალე პოლიციაც ზურგს შეაქცევს ამათ..
– არ შეიძლება პოლიციას ორჯერ და სამჯერ ამოეფარო. მე არასწორ გადაწვეტილებას ვიღებ და მერე პოლიციას ვეძახი, ჩემი ხალხისგან დამიცავიო–მეთქი. ეს არანორმალურია და მალე დასრულდება. პოლიციელებს ჰყვთ ოჯახები, ჰყავთ შვილები, იღებენ ხელფსს და უნდათ, ემსახურონ ხალხს და ქვეყანას, ოჯახში პირნათლად მისვლა უნდათ. არც ერთ პოლიციელს არ სიამოვნებს უკანონო ბრძანებების შესრულება. ვის იცავენ? კორუმპირებულ, ერთი კაცის სამსახურში მყოფ სახედაკარგულ ადამიანთა ხროვას, რომელთაც ფულის კეთებისა და პირადი კომფორტის მეტი, არაფერი აინტერესებთ. ამ ხალხს რამდენ ხანს დაიცავს პოლიცია? ამათი კომფორტის, ფულის მოპარვის გამო, ხალხს თავს აჯავრებენ. პოლიციელები ჩვენი თანამემამულენი არიან და მობეზრდებათ ამ დანაშაულებრივი კლანის დაცვა, ერთ დღესაც ზურგს შეაქცევენ და ხალხის მხარეს თუ არ გადავლენ, ხალხს პირისპირ შეატოვებენ ამ ხელისუფლებას და ამით დასრულდება ყველაფერი…
კომენტარები