ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგი ცენტრის“ დამფუძნებელი, გიორგი ყუფარაძე.
– გიორგი, ბევრს ლაპარაკობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ტელევიზიით და სოციალური ქსელებით. ჩემი აზრით, სუს–ი ჩამოშლილია, მაქედან იმდენმა და ისეთი სახის ინფორმაციამ გაჟონა, თავმოყვარე უფროსი აქამდე უკვე გადამდგარი უნდა იყოს და ბევრი მაღალჩინოსანიც. ჩემი შეფასებით, ერთადერთი, ანტიკორუფციული სამსახური მუშაობს სუს–ში, სხვა სამსახურები სრულიად უუნარონი არიან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქტივისტების დევნის მეტს არაფერს აკეთებენ.
– კი, გეთანხმები, სუს–ის ანტიკორუფცული სამსახური ყველაზე უკეთ მუშაობს. სხვა სამსახურები თითქოს არც არსებობს. სუს–ი გახდა „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი პოლიტიკური განყოფილება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გარდა, ყველაფერს აკეთებს სუს–ი. ანტიტერორისტული სამსახური, თავისი აპარატურით, სხვა რესურსებით ჩართული ჰყვავთ ამ პოლიტიკურ დევნაში. უკვე აღარც აინტერესებთ, ვინ შემოდის ქვეყანაში, ვინ ვისი აგენტია, ვინ რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას და ხალხს. ივლისში, სუს–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრტერორისტულმა სამსახურმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრები, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. არ მჯერა, რომ მართლა ტერორისტები დააკავეს. ვიცი, სუს–ის მუშაობის სპეციფიკა. მართლა ტერორისტები რომ ყოფილიყნენ, რამდენიმე დღე ტელევიზიებიდან არ ჩამოვიდოდა ეს თემა. რამდენიმე დღე, დღეში რამდენჯერმე განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებდნენ, ჩანაწერებს მოგვასმენინებდნენ, მიმოწერას და სხვა მტკიცებულებებს გვანახებდნენ, ბრიფინგს ბრიფინგზე გამართავდნენ… დაკავების ოპერაციაც ისე ჩაატარეს, როგორც ჩვეულებრივი საპოლიციო ღონისძიება, ეს ოპერაცია სამთავრობო ტელევიზიებმა გააშუქეს და ამით მორჩა ყველაფერი.
– რუსებით გაივსო ქვეყანა, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ვერანაირ საფრთხეს ამაში ვერ ხედავს. არადა, დიდი ოდენობით უძრავი ქონება, ბიზნესი იყიდეს და ბევრი აღარ აპირებს აქედან წასვლას.
– ბევრი რამ იყიდეს და იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ გადახდა. ქართველები კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო რუსების შემოსვლამ, რადგან ფასები გაძვირდა მათი შემოსვლის მერე. კი, ერთეულები გაკეთდნენ, ფული იშოვნეს, ვინც მიწა, ბინა, სახლი ან მანქანა მიჰყიდა რუსებს, მაგრამ ამან ამ ყველაფერზე ასწია ფასები. არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების ფინანსური ექსპანსიისგან. უხარიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უძრავი და სხვა ქონების ფასი იზრდება, ეკონომიკა ყვავისო, იძახიან. ქართთველები საქართველოში ყველაზე მსყიდველობის უუნარონი არიან. ბინების გაძვირებამ სტუდენტები დატოვა ქუჩაში, ბინებს ვერ ქირაობენ, რადგან ქართველებზე და მით უფრო, სტუდენტებზე გაქირავებას ურჩევნიათ, გააქირავონ რუსებზე. სასტუმროები, რესტორნები, ბარები, კაფეები იყიდეს რუსებმა და ჯერ ქართველები მუშაობენ სამზარეულოებში და რუსები მეტს გვიხდიანო, უხარიათ. ეს დროებითია. მალე ხაჭაპურის გამოცხობას, საცივის გაკეთებას და ხინკლის შეხვევასაც ისწავლიან რუსები და იმ სამზარეულოშიც რუსი მეპატრონეები რუსებს დაასაქმებენ, ქართველებს კი გამოყრიან და დარჩებიან უმუშევრები. ეს დროის საქმეა და ძალიან ახლოს არის ეს დრო.
კომენტარები