თეოლოგი, ლადო ნარსია, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს პასუხობს:
“პასუხი მამა ანდრია ჯაღმაიძეს:
მადლობა მადლობისთვის, მეგობარ ზვიად (ანდრია) ჯაღმაიძეს!
ასე იყო, პეტერბურგიდან დაბრუნებულს სასულიერო აკადემიაში შეგხვდი. მჯეროდა, რომ თქვენი მიზანი განათლებით და თავმდაბლობით ეკლესიის მსახურება იქნებოდა. დღეს ამას ვეღარ ვხედავ!
სრულიად მოუმზადებლად (ჩემი შეფასებით!) დათანხმდი საქართველოს ეკლესიის მართვის ყველაზე საპასუხისმგებლო ვალდებულებას და ამიტომ, დღეს ყოველ თქვენს განცხადებას შიშით ვუსმენ, რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ ეკლესიის სახელით.
მაგალითისთვის რამდენიმეს შეგახსენებ:
1. ყოვლად დაუსაბუთებლად მოღალატეს და გამყიდველს ეძახით ბნ. მელაშვილს. ამ ბოღმით გასიებული ადამიანების წინაშე ნუთუ ეს მის სასიკვდილოდ გამეტებას არ ნიშნავს? რის საფუძველზე, მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი რუკების?! შენს ამ ქმედებას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო!
2. რუსეთის სპეცსამსახურებს მთელ მსოფლიოში მიუწვდებათ ხელი (არაერთი შემთხვევაა ამის დამადასტურებელი!) არასასურველი ჟურნალისტების განადგურების განზრახვით. თქვენ ერთი სიტყვაც ვერ დაგაცდენინათ ჟურნალისტმა, რომ გიორგი გაბუნიას მიმართ სიკვდილის მუქარა შეიძლება რუსეთის ინტერესებში ყოფილიყო, როცა ეს სრული სიცხადით იკვეთებოდა გაბუნიას წინააღმდეგ ორგანიზებულ საქმეში. რატომ?
3. რაც ტახტამცველი შიო მუჯირის და მისი გუნდის სახელით მართავთ ეკლესიას ერთხელ თუ გამოეცით საპროტესტო ნოტა რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებების წინააღმდეგ აფხაზეთში და სამაჩაბლოში? ერთხელ მაინც? რატომ?
4. რატომ არ მიმართავთ საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური საქმიანობის გასანეიტრალებლად აფხაზეთში და სამაჩაბლოში?
აქ მეტს აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მე შენთვის რუსეთის აგენტი არ მიწოდებია. თუმცა, რამდენიმე თვის წინ სოც. ქსელში გამოჩდა ადამიანების სია, რომელშიც საეკლესიო პირები რუსეთის ე.წ. “გავლენის აგენტებად“ ხართ მოხსენებული. “გავლენის აგენტი“ ნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს არ სჭირდებათ პირდაპირ “ვერბოვკაზე“ გასვლა, რადგან სამიზნე ადამიანები ისედაც მოკავშირეები არიან იმ იდეებისა, რომელიც უნდა განეხორციელებინათ სპეცსამსახურების “ვერბოვკით“. ამიტომ, ასეთ ნიადაგზე მათ ზედმეტი შრომა აღარ უწევთ.
სამწუხაროდ, რუსული მიზნებისთვის დღეს საპატრიარქო ისევ ნოყიერი ნიადაგია. თუ ამის წამკითხველი ფიქრობს, რომ მე ჯიბეში მიდევს თქვენი, შორენას ან “ჟოზეფინას“ აგენტურული დოსიე, ბრიყვი და გონებასუსტია. ვისაც გონება აქვს მას ვთხოვ ქვემოთ შემოთავაზებულ ანალიზში შემისწოროს სად ვცდები:
– საქართველოს ეკლესიას რუსული სპეცსამსახურები თითქმის 200 წელი მართავდნენ. 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მართვა სრულად გადავიდა რუსეთის ხელში. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 1921 წლიდან ქვეყანა ისევ რუსეთის მმართველობას დაექვემდებარა. მოგვიანებით სტალინმა ეკლესია მთლიანად სპეცსამსახურების დანამატად აქცია.
1990 წელს ავტოკეფალიის აღიარების და 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა 200 წლიანი გამოცდილების მქონე რუსული სპეცსამსახურები საქართველოში: ა) დავტოვოთ ქვეყანა და წავიდეთ ჩვენს საყვარელ რუსეთში, რადგან ამიერიდან ქართველები დამოუკიდებლები არიან ეკლესიურად და სახელმწიფოებრივად და აქ აღარაფერი გვესაქმება? ბ) შევეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აქამდე არსებული რესურსები საქრთველოში დასარჩენად, მათ შორის იდეოლოგიური?
ვინმე ფიქრობს, რომ „ა“ ვერსია ახლოს არის რეალობასთან? „ბ“ ხომ ნამდვილად არის!
რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური საყრდენი, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობის დაცვის 90 იანებისთვის დამახასიათებელ ქარცეცხლში, რელიგია იყო. უფრო სწორად კი საბჭოთა იდეოლოგიზირებული “მართლმადიდებლობა”, რომელმაც ეროვნული იდენტობის დაცვა შეითავსა პატრიარქ ილია II და სამღვდელოების ეთნოფილეტური მოძღვრებებით. (აქ ფაქტის კონსტანტაციას ვცდილობ და არა იერარქიის განსჯას!). რისთვის უნდა მიეღწია ამით რუსეთს?
1. საქ. ეკლესიის გარე სამყაროსაგან იზოლაციისთვის;
2. დასავლეთის დემონიზაციისთვის;
3. მუდმივი შიშის და ისტერიის დანერგივისთვის, რომ საფრთხეშია ჩვენი უნიკალური რელიგიურ-ეროვნული იდენტობა. სწორედ ასეთი ისტერიით იწარმოება მტრის ხატი წინასწარ დაშინებულ საზოგადოებაში. დღეს ამას აკეთებს ეკლესია, ნაცვლად იმისა, რომ მტრის არარსებობის (სიყვარულით გადალახვის) ქრისტიანული მოძღვრება იქადაგოს.
რუსეთმა სამივე მიზანს მიაღწია!!! ვისი ხელით – სამღვდელოების!
მამა ანდრია, დღეს თქვენ ამ სამღვდელოებას უჭერთ მხარს და მათი დაცვით აგრძელებთ მართვის რუსულ ტრადიციას საქართველოს ეკლესიაში. ამიტომ, მე მართალი სინდისით გეუბნებით – თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის საქმეს აკეთებთ!
მე მეგობრობას პატივს ვცემ და დიახ, ვიცნობ თქვენს ბრწყინვალე ოჯახს, მაგრამ გახსოვდეთ, სასწორის მეორე პინაზე ეკლესია და ქრისტეს მოძღვრება დევს!”
კომენტარები