ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი – მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში) და მე-6 მუხლის მეორე ნაწილი (უდანაშაულობის პრეზუმფცია).
გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვის ვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მამალაძისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. თავად დეკანოზი ამბობს, რომ მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.
3 წლის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნა. 2021 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო.
“მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას”. – წერდა იურისტი დავით ჯანდიერი.
კომენტარები