ქეთი ქანთარია:
“ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის დაკრძალული მამის და ბაბუის საფლავზე სანთლის დასანთებად მისულ ჩემს მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ შეიარაღებული ზომბები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.10-კაციანი შეიარაღებული ზომბების ხროვა – საფლავზე მისულ ორ ადამიანს.
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეების გაქცევიდან წამებში ეცნობა შესაბამის ორგანოებს და მიცემულ იქნა დეტალური ინფორმაცია დამნაშავეებზე (ავტომანქანის მარკა, ფერი, სანომრე ნიშანი და ა.შ), ერთი საათის (არც კი) გამოსაძიებელი საქმე, ერთი წელია გამოუძიებელია!
ერთი წელია, რაც ავადმყოფების თავში მოიხარშა ეს სიმდაბლე და დაქირავებული ზონდერების მიერ იქნა განხორციელებული ასე მონურად, სამარცხვინოდ და ამის ჩამდენები დღემდე წარსულში იქექებიან და აღშფოთებით გვახსენებენ წინამორბედების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. თითს იშვერენ მათკენ და „გვამადლიან“ დღევანდელ სამარცხვინო ყოფას, თითქოს უარესის ჩამდენნი და მკადრებელნი არ იყვნენ…
საცოდავი არარაობები ხართ – ვის ავადმყოფ თავებს მსგავსის ჩადენა მოაფიქრდა, ვინც განახორციელა, ვინც ამაზე თვალი დახუჭა და ვისაც იმის გამბედაობაც არ ეყო, ჩვეულებრივი, ადამიანური თანადგომა გამოეხატა და დაეგმო ეს სულიშემძვრელი სიმდაბლე, როდესაც ასე არაკაცურად, ერთი კვირის დაკრძალული ადამიანის საფლავზე უსწორდებიან ბავშვს, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, ვისთვისაც მშობელს, ოჯახს, იმ ბაბუას, ვისი საფლავიც შეურაცხყვეს, სიკეთის და სიყვარულის, პატიოსნების მეტი არ ჩაუნერგავს მისთვის და მამას, რომელსაც არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია და რომელიც მხოლოდ სიმართლის და სამართლიანობის მხარეს იყო…
დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა საკადრისი სამართლებრივი პასუხი, ძალიან მალე, მაგრამ იმაზე ადრე თითოეულს მოგაკითხავთ ურმით მოსიარულე სამართალი, ეჭვიც არ შეგეპაროთ!
დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ სრულად უსამართლო და უმსგავსო ფაქტიდან თავისთვის გამოიტანს მხოლოდ ერთს – ადრეულ გაკვეთილს სიკეთესა და ბოროტებაზე და ექნება რწმენა, რომ სიკეთე აუცილებლად ძლევს ბოროტებას და რა თქმა უნდა ის თავისი ჩვეული სიკეთით გააგრძელებს ცხოვრებას, სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, ისევე როგორც მისი მამა და ბაბუა… ?”
შეგახსენებღ, პარტია “საქართველოსთვის” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ხელმძღვანელს მალხაზ თორიას და მის შვილს ზუგდიდში, სოფელ კოკში 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე თავს მაშინ დაესხნენ, როცა საკრებულოს დეპუტატი მამის საფლავზე იყო.
“სასაფლაოს ეზოში ვიდექი, როცა გაჩერდა მოთეთრო ფერის BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, კიდევ გაჩერდა მეორე ავტომანქანა შავი ფერის. იკითხეს რაღაც, მაგრამ ეს იყო ფორმალური. სოფლის გზას კითხულობდნენ. ნელ-ნელა გადმოვიდნენ, ჯერ სამი იყო, მერე ექვსი გახდა, შვიდი და მომიახლოვდნენ.
[ერთმა] იარაღი ამოიღო, დამიმიზნა მე, ჩემს შვილს და ყვიროდა: დაწექით, დაწექითო. ამ დროს დაიწყეს ჩემზე და ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა. წამაქციეს, ერთს მუხლი ჰქონდა თავზე დაბჯენილი.
ვყვიროდი, დაანებეთ ჩემს შვილს თავი, არასრულწლოვანია, რაღაც გეშლებათ-მეთქი. ამაზე იყო პასუხი – არაფერი გვეშლება, სწორ მისამართზე ვართ მოსული. არასწორი პოზიცია გიკავია და ამისთვის ისჯებიო. ჩვენ რატომ გვეწინააღმდეგებიო”, – ჰყვებოდა ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი.
საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება).
მალხაზ თორია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 31 მაისს გააკეთა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს უერთდებოდა
კომენტარები