სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი, მედიცინის დოქტორი, თსსუ პროფესორი, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულაური ცენტრის დირექტორის მოადგილე – ბატონი მამუკა ბოკუჩავა საქართველოში თავის მიმართულებას ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროფესიონალია, ამიტომ მის კაბინეტში მოსახვედრად პაციენტთა შორის, დაუსრულებელ რიგში ჩავდექით და ვეცადეთ რამდენიმე წუთიანი შეხვედრა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სისხლძარღვთა პათოლოგიების ირგვლივ არსებულ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე, გამორჩეული პროფესიონალის მხრიდან კომპეტენტური პასუხების მისაღებად.
– ბატონო მამუკა, რა შეცვალა კოვიდპანდემიამ თქვენს პროფესიაში?
– კოვიდპანდემიის პირობებში ჩვენს დარგში იმდენად შეიცვალა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მიმართ მიდგომა, რომ ზოგიერთმა განვითარებულმა ქვეყანამ დროებით პროტოკოლების და გაიდლაინების გადახედვაც კი დაიწყო. ჯერ კიდევ გროვდება მასალა ამ დაავადებასა და დაავადების შედეგად გამოწვეული გართულებების შესახებ, რომელიც, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა სირთულის იქნება. რაც შეეხება სისხლძარღვოვან გართულებას, უამრავი მასალა დაგროვდა ამის შესახებ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო სტატისტიკით კოვიდის მიერ გამოწვეული თრომბოზები, ჰოსპიტალიზირებილ პაციენტებში, დაახლოებით 22 პროცენტს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ხუთი ჰოსპიტალიზირებული პაციენტიდან, ერთს შეიძლება, განუვითარდეს ვენური ან არტერიული სისტემის თრომბოზი. აქედან გამომდინარე, მსოფლიო მასშტაბით, ყველა პროტოკოლით, კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ხვდება კლინიკაში, როგორი სიმძიმისაც არ უნდა იყოს ის, ანტიკოაგულანტები ანუ დამცავი საშუალებები უკეთდებათ.
– რას ფიქრობთ ვაქცინაციასა და მის ირგვლივ არსებულ არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე?
– ვაქცინა დღეს ვირუსისგან დასაცავად ერთადერთი საშუალებაა. უნდა გავითვალისწინოთ როგორც ვაქცინაციით გამოწვეული სარგებელი, ისე მასთან დაკავშირებული რისკები. რაც შეეხება სტატისტიკას, მაგალითად ბრიტანეთში მილიონ ვაქცინირებულთა შორის თრომბოზის ოთხი შემთხვევა მიიღეს და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ესენი ის პაციენტები იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჰქონდათ თრომბოციტოპენია და ამ მიზეზით გამოწვეული თრომბოზი უკვე გადატანილი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციამდე რუტინულად გარკვეული ანალიზების ჩატარება არ არის საჭირო. ჩემი დარგიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ პაციენტისთვის, რომელიც მიდის ვაქცინაციაზე, ანამნეზში გადატანილი ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაც კი არ წარმოადგენს ვაქცინაციის უკუჩვენებას, უფრო მეტიც, ასეთ პაციენტებს ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ შეხვდებათ კოვიდი, მათთან უფრო მეტ გართულებას უნდა ველოდეთ.
– სისხლძარღვები ადამიანის ორგანიზმის ერთგვარი გზამკვლევია, რომელმაც სისხლით უნდა მოამარაგოს ჩვენი ორგანიზმი, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გამართულია ჩვენი სისხლძარღვები, რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს, რომლებსაც სეზონურად ურთულდებათ ვენური და არტერიული დაავადებები?
– სამხრეთის ქვეყანა ვართ, ცხელ ქვეყანად ვითვლებით და ზაფხულში წინა პლანზე მოდის ვენების პათოლოგიები, იმიტომ რომ ცხელ გარემოში ფართოვდება ვენები, ვენების გარკვეული ფორმით გამოხატული პათოლოგიები ზრდასრული მოსახლეობის 60-დან 70-პროცენტს აღენიშნება. შესაბამისად, ცხელ გარემოში ეს პრობლემა უფრო წინა პლანზე მოდის, განსხვავებით არტერიული პათოლოგიებისგან, რომლებთან დაკავშირებითაც, პაციენტების შედარებით დიდ ნაკადს უფრო შემოდგომიდან ველოდებით.
ადამიანის აბსოლუტურად ყველა ორგანო სისხლძარღვებით იკვებება და სისხლძარღვთა ქირურგები პრაქტიკულად ყველა ორგანოს სისხლის მიმოქცევაზე ვართ პასუხისმგებლები, გარდა გულისა, გულის კორონარული სისხლძარღვები კარდიოლოგებისა და კარდიოქირურგების კომპეტენციაა, ხოლო თავის ტვინის ინტრაკარიალური ანუ ტვინის შიდა არტერიები ნეიროქირურგების კომპეტენციაა. დანარჩენი ყველა სისხლძარღვი ჩვენს კომპეტენციად ითვლება, ამიტომ ჩვენი დარგი ანატომიის და ფიზიოლოგიის ძალიან ფართო ცოდნას მოითხოვს.
– რა გართულებები გხვდებათ ყველაზე ხშირად?
– ფართოდაა ცნობილი ისეთი გართულებები, როგორიცაა თავის ტვინის ინსულტი, რომლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს თავის ტვინის მკვებავი არტერიების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი შევიწროება, რამაც შესაძლოა განაპირობოს ინსულტი და სამწუხაროდ, სავალალო შედეგიც კი გამოიწვიოს. მუცლის აორტის და მისგან გამომავალი ვისცერალური ტოტების, რომლებიც პრაქტიკულად ყველა შინაგან ორგანოს კვებავენ, დაზიანებამ, შესაძლოა, განაპირობოს შესაბამის ორგანოში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ესეც ჩვენი კომპეტენციის საგანს წარმოადგენს, ასევე ქვემო კიდურების და ზემო კიდურების არტერიები, რომლებიც აწვდიან სისხლს ქვემო და ზემო კიდურებს, ქვემო კიდურებში ამის ძირითადი სიმპტომური გამოვლინება ე.წ ხანგამოშვებითი კოჭლობაა – როდესაც პაციენტს გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ეწყება ტკივილი, რომელიც აიძულებს მას, გაჩერდეს და შეისვენოს. ამ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა ასეთია – თუ ეს ხანგამოშვებითი კოჭლობა პაციენტისთვის მაინვალიდიზირებელია, მიდის სპეციალისტთან და ის განსაზღვრავს რა ტიპის მიდგომა სჭირდება მას. არსებობს მკურნალობის თერაპიული და ქირურგიული მიდგომა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაიხვეწა ნაკლებად ტრავმული ე.წ ენდოვასკულარული ჩარევები, როდესაც არა ღია, არამედ ნახევრად ღია, უფრო დამზოგველი მეთოდით კეთდება ჩარევა. არის ასევე ჰიბრიდული ჩარევები, როდესაც ენდოვასკულარული და ღია ქირურგიის კომბინაცია ხდება.
მუდმივად გვაქვს ონლაინ კონფერენციები ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ხდება ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მსოფლიოს ყველა თანამედროვე მიღწევას.
– რა ურჩევთ მათ, ვისაც ამ სეზონზე აწუხებს ვენები და რატომ გვხვდება ეს პრობლემა უფრო ხშირად ქალბატონებში?
– გენდერულ თავისებურებას აქვს მნიშვნელობა ქრონიკული ვენური დაავადების თვალსაზრისით, უფრო მეტად ქალბატონებს აწუხებთ ეს პრობლემა და ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ორსულობა, რაც განაპირობებს გენეტიკაში არსებული ვენური პათოლოგიების მანიფესტაციას და რაც უფრო მეტია ორსულობები, მით უფრო ფართოდ აქვთ ვენური ქსელი გამოხატული. პაციენტებმა ვენური პათოლოგიებით, აუცილებლად უნდა აკონტროლონ სხეულის მასის ინდექსის და დიდი ყურადღება მიაქციონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
– რა ზომის ქუსლით უნდა ატარონ ფეხსაცმელი ქალბატონებმა და როგორ დავაბალანსოთ ჯდომითი სამსახური?
– ქუსლის ზომას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია, კომფორტული იყოს მისთვის, საერთოდ, 4-5 სანტიმეტრის სიმაღლის ქუსლი ითვლება ოპტიმალურად. მათ, ვისაც აქვს მჯდომარე სამსახური, მაქსიმალურად უნდა შეეცადონ სამსახურიდან თავისუფალ დროს დაიტვირთონ და ჯდომა აქტივობით დააბალანსონ. ასევე მნიშვნელოვანია მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ქალბატონებს ვაფრთხილებთ, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ კონტრაცეპტივები, თუ ცხელ გარემოში გიწევთ მუშაობა, მაქსიმალურად ბევრი სითხე უნდა მიიღოთ.
– 21-ე საუკუნის ძალიან ვერაგი დაავადებაა ათეროსკლეროზი, ამ შემთხვევაში პრევენციისთვის რა საშუალებები არსებობს?
– 35 წელს ზემოთ ასაკში ყველას ვაძლევთ პერიოდულად ექიმთან კონსულტაციის რეკომენდაციას, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ამოწმონ ლიპიდური ცვლა, თუ აღმოჩნდა, რომ ოდნავ მაღალია ქოლესტერინი, უმჯობესია, გაიკეთონ მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ექიმს მისცემს საშუალებას, განსაზღვროს, პერსპექტივაში რამდენად აქვს პაციენტს მაღალი რისკი, რომ მომავალში ჩამოუყალიბდეს სხვადასხვა აუზის არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება. როდესაც ლიპიდური ცვლა დარღვეულია, პაციენტს პერიოდულად აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, ამ შემთხვევაში სასურველია ინახოს საძილე არტერიები, რამდენად გასქელებულია კედელი, არის თუა არა ათეროსკლეროზის განვითარების წინაპირობა. ასევე ინახოს მუცლის აორტა, ხომ არ არის დეფორმირებული კედელი. წელიწადში ერთხელ ასეთ ვიზიტებს ექიმთან პრევენციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს არ აღენიშნებოდეს მაღალი სხეულის მასის ინდექსი.
– როგორია მკურნალობა დიაბეტური ტერფის მქონე პაციენტებში?
– ენდოვასკულარულმა ჩარევებმა ძალიან წინ გადაგვადგმევინა ნაბიჯები დიაბეტური ტერფის მართვაში, თუმცა, ამ პროცესში ერთდროულად რამდენიმე მიმართულების სპეციალისტები ვართ ხოლმე ჩართულები, ძირითადად ენდოკრინოლოგები, რომლებიც უხსნიან პაციენტს, რამდენად მნიშვნელოვანია დიაბეტური ტერფის მართვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფის მოვლას, ნებისმიერი მიკროტრამვითაც კი შესაძლოა ინფექციის კერა გაჩნდეს, რომელთა მართვაშიც გვეხმარებიან ჩირქოვანი ქირურგები.
– ახალშობილებში გახშირდა ჰემანგიომები, რითია გამოწვეული და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
– ჰემანგიომები, იგივე სისხლძარღვოვანი მალფორმაციები, მთელ მსოფლიოში საკმაოდ რთულ პრობლემად ითვლება, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს და გარკვეულწილად გენებში არსებული პათოლოგიებითაა გამოწვეული. არსებობს ამ დაავადების როგორც შედარებით მსუბუქი, ისე ძალიან რთული ფორმები, რომელსაც გამოსავალთან დაკავშირებით, შეიძლება, დასჭირდეს ეტაპობრივი ჩარევა. მნიშვნელოვანია, თუ რა ეტაპზე ხდება ეს ჩარევები. ახალშობილის შემთხვევაში თუ მალფორმაცია არ არის კატასტროფულად დიდი ზომის, ყოველთვის ვაკვირდებით, თუ მალფორმაციის ზრდა სიმეტრიულად მიდის ბავშვის ზრდასთან ერთად, მაშინ ჯობს, საბოლოოდ ჩამოუყალიბდეს სისხლძარღვოვანი სისტემა და მერე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ვხედავთ, რომ წარმონაქმნი ასწრებს ბავშვის ზრდას და ირგვლივ მდებარე ქსოვილსაც გარკვეულ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ პრობლემას უქმნის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დროულადაა მისაღები, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციფიკური სისხლძარღვოვანი გამოკვლევები, მათ შორის კონტრასტული გამოკვლევები. რთული მალფორმაციების მკურნალობა ეტაპობრივია, აქაც საუბარია, ძირითადად, ენდოვასკულარულ პროცედურებზე, პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად კეთდება ღია ქირურგიული ჩარევა.
ნინო მახარაძე
კომენტარები