„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან კარდაკარ ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს. მერობის კანდიდატი დღეს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მოსახლეობას სოფელ ცაცხვის სხვადასხვა უბანში შეხვდა. მამუკა წოწერიას განმარტებით, ყველა სოფელში წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით შედის.
„ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. ვისაუბრეთ სოფელთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით ჩვენი გეგმები, კონკრეტული საკითხები შევაჯერეთ მათთან. გამოიკვეთა ორი ძირითადი გამოწვევა, ეს გახლავთ წყალმომარაგებისა და სანიაღვრე არხის მშენებლობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ცაცხვის წყალმომარაგების პროექტი ცაიშისა და ურთის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად აქტიურად მუშავდება და უახლოეს ხანებში უკვე დავიწყებთ წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება სანიაღვრე არხებს, აუცილებლად აისახება ჩვენს განსახორციელებელ გეგმებში და ეს პრობლემაც გადაიჭრება“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ცაცხვში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის მნიშვნელოვნად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა გამსახურდიას, ჯობავას, კოსტავას ქუჩებზე, ასევე მოეწყო გარე განათება.
ინდივიდუალური შეხვედრების დროს მამუკა წოწერია ნიჭიერ ახალგაზრდას თამთა ჯღარკავას და მეფუტკრე ფერმერს კობა ოყუჯავას შეხვდა.
„შეხვედრების დროს გავიცანი ნიჭიერი ახალგაზრდა თამთა ჯღარკავა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტია. თამთა ჩინური ენის სპეციალისტიცაა. მან პირობა მომცა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ზუგდიდს მოახმარს“ – აცხადებს მამუკა წოწერია.
კომენტარები