ჟურნალისტი თეა გვასალია:
„გუშინ წავიკითხე, ჭავჭავაძის ერთზოლიანმა სამანქანო გზამ ისე გაამართლა, რომ ახლა სხვა ცენტრალურ უბნებში ვგეგმავთ იგივეს გაკეთებას და კიდევ უამრავ ქუჩაზე ავამოქმედებთ საათობრივი პარკირების სისტემასო. თან გვიხსნიდნენ: ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ რაც შეიძლება მეტი დისკომფორტი შევუქმნათ მძღოლებს და მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადავსვათო. ჯერ მე იმ სტრატეგს რა ვუთხარი, ვინც წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადებების გაკეთება გირჩიათ და მეორეც, კარგი, ვთქვათ გადმოვედით მანქანებიდან, გავყიდეთ, ჯართში ჩავაბარეთ და მეტროს და ავტობუსებს მივაწყდით. იქ რა ამბავი დატრიალდება, წარმოდგენილი გაქვთ? ამ აუცრელ ერს კიდევ გაძეძგილი ავტობუსები და მეტროს ვაგონებში წიხლით შეტენილი მგზავრები უნდა? ბარემ ტროლეიბუსებიც დააბრუნეთ, ეკოლოგიური ტრანსპორტია და ვინც ასვლას ვერ შევძლებთ, ბიგელის თოკებზე ჩამოვეკიდებით. ეკოლოგიაზე ზრუნვა თუ გინდათ, ტექდათვალიერება გაამკაცრეთ, ბენზინის ხარისხი შეამოწმეთ და ვიცი რომ უძვირესი სიამოვნებაა, მაგრამ ტრამვაის ხაზების გაყვანაზე იფიქრეთ. მანქანებიდან ჩვენს გადმოსმაზე რომ ხართ მაცადინად, ჯერ საკუთარი მაგალითით შეგვაგულიანეთ. შეელიეთ სამტონიან ჯიპებს, და მთლად ველოსიპედებზე თუ ვერ გადაჯდებით ფინეთის პრემიერივით, ელექტრომობილებით მაინც იმოძრავეთ ქალაქში.“
კომენტარები