“რუსთავი 2“-ის, ყოფილი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ახლა უკვე „ტვ პირველის“ გუნდის წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია მარიამ გაფრინდაშვილმა „2020NEWS”-ს დაუდასტურა.
როგორც გაფრინდაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, ის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდს შეუერთდება და თავის საქმიანობას „ტვ პირველის“ ეთერებიდან განაგრძობს. მარიამ გაფრინდაშვილმა „რუსთავი 2“ 3 დღის წინ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის ძველი გუნდი დაიშალა, ჟურნალისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.
დაბრუნების შემდეგ კი იგი კვლავ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა, სადაც ის 2009 წლიდან მუშაობდა, თუმცა უკვე მეორედ მან ეს ტელევიზია დატოვა.
„ტვ პირველზე“ მარიამ გაფრინდაშვილის გადასვლის შესახებ ფეისბუქზე პოსტი ვატო წერეთელმაც გამოაქვეყნა: “ძალიან ძალიან მაგარი ამბავია ჩვენს არხზე. Welcome”- წერს წერეთელი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ტელეკომპანია პირველის“ გუნდში უკვე რამდენიმე თვეა დიდი ცვლილებებია.
ტელეკომპანიის გუნდს შეუერთდა „მთავარი არხის“ ყოფილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ის ტვ პირველის მთავარი პროდიუსერი გახდა, მასთან ერთად „მთავარი არხი დატოვა“ კიდევ ოთხმა ჟურნალისტმა ეკო მაღრაძემ, ვასილ დაბრუნდაშვილმა, მაკა ანდრონიკაშვილმა და რუსუდან ჯაბანაშვილმა.
ისინი ნოდარ მელაძესთან ერთად ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს ჟურნალისტები არიან. „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ პირველად 30 მაისს გავიდა.
კომენტარები