პარტია ,,ჩვენ”-ის თანათავმჯდომარე, გიგიშა პატარიძე სოციალურ ქსელში წერს:
აშშ არჩეულმა პრეზიდენტს დონალდ ტრამპმა, 13 ნოემბერს დაადასტურა, რომ გეგმავს ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორის მარკო რუბიოს წარდგენას აშშ სახელმწიფო მდივნად.
მარკო რუბიო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გავიცანი 2007 ან 2008 წელს, მაშინ ჯერ კიდევ ფლორიდის შტატის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო. ჩემზე 10 წლით უფროსია, მაგრამ იმთავითვე ძალიან პოზიტიური განწყობა დამიტოვა – ენერგიული, განათლებული, გონიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსის.
მაშინ ბევრი ვისაუბრეთ აშშ საგარეო პოლიტიკაზე და ახალგაზრდა პოლიტიკოსების როლზე თუ აუცილებლობაზე აშშ -ს შიდა სისტემაში…
რუბიო მაიამიში დაიბადა, კუბელ ემიგრანტების ოჯახში. დღემდე, კუბის სიყვარულს და იქაური რეჟიმის ანტიპათიას გულში ატარებს და საქმითაც არ აკლებს… მეორეჯერ, მაიამიში 2011 ან 2012 წელს შევხვდი, მაგ პერიოდში სამართლის ლექტორი იყო უნივერსიტეტში.
2016 წელს, მარკო რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ერთ ერთი კანდიდატი იყო, შიდა პრაიმერში დამარცხდა დონალდ ტრამპთან , რომელსაც ხშირად აკრიტიკებდა. არადა, კარგი და ახალგაზრდა პრეზიდენტი ეყოლებოდა აშშ -ს, შეიძლება ორივე კადენციით…
მესამედ, 3-4 წლის წინ შევხვდით, აშშ -ში ერთ ერთ ღონისძიებაზე, ვისაუბრეთ ჩინეთზე და რუსეთზე. მარკო სერიოზული, იდეური ანტი კომუნისტია და ჩინეთის ეკონომიკური თუ პოლიტიკური ექსპანსიის მოწინააღმდეგე, “დაასანქცირა” კიდეც ბეიჯინგმა.
დიქტატურა, არჩევნების მიტაცება, ავტოკრატიული რეჟიმები – აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის ზე-მიუღებელია, შეიძლება ითქვას – პიროვნულ დონეზეც.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიოს დასახელებით მიანიშნა, რომ მისი პოლიტიკა ბეიჯინგის (პეკინის) მიმართ შეიძლება გასცდეს სავაჭრო ტარიფების “ბრძოლას” და გახდეს უფრო მკვეთრი.
რუბიო საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორიც არის. რუბიოს დანიშვნას მოჰყვა ტრამპის კაბინეტის სხვა ისეთი წევრების წარდგენაც, რამაც შეიძლება გააღიზიანოს რუსეთი და ჩინეთი, მაგალითად, იგივე მაიკ უოლტსი – ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად და ჯონ რატკლიფი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელად.
გაუგებარია ჩემთვის – რა უხარია “ქართულ ოცნებას”… გასაგებია, რომ ბ. ივანიშვილი ეცდება გარკვეული ებრაული ლობის გამოყენებით გავიდეს დონალდ ტრამპის ოჯახზე და ადმინისტრაციაზე, მაგრამ მაქსიმუმ გამოივაჭროს საკუთარი კაპიტალის და პირადი იმუნიტეტი… გასაგებია ხომ, რის სანაცვლოდ…?!
საქართველოში რეჟიმი შეიცვლება, ეს გარდაუვალია, უბრალოდ არ მინდა საზოგადოებას გაუჩნდეს (ჩემგან, ყოველ შემთხვევაში) გადაჭარბებული მოლოდინი, რომ ეს მოხდება ხვალ, ზეგ ან მომდევნო კვირეებში. მაგრამ, ეს დღე დადგება, ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქართული საზოგადოების მოშურნეობის საფუძველზე.
ფოტოზე : მარკო რუბიო და აშშ სახელმწიფო მდივანი (2011 წ) ჰენრი კისინჯერი.
კომენტარები