ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და „ტაშკენტის ფახტაკორის“ მწვრთნელმა, შოთა არველაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ერთობა იზოლაციაში ყოფნის დროს და კორონავირუსის ფონზე ტაშკენტში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.
„რამდენიმე დღეა საკუთარ თავთან მარტო დავრჩი. წიგნებს ვკითხულობ, ტელევიზორს ვუყურებ. ვთამაშობთ მაგიდის ტენისს, გვაქვს იონიკა და ვმღერით. აქ ძირითადად რუსულ არხებს უყურებენ. იქ სხვა დამოკიდებულებაა ვირუსზე. როცა დასცინიან ევროპას და მსოფლიოს, ჰგონიათ რომ თვითონ უფრო კარგად უმკლავდებიან ვირუსს. ეს ამ შემთხვევაში ცოტა გვშველის და იმედისმომცემია“, – ამბობს არველაძე.
რაც შეეხება პირბადეების თემას, მან თქვა, რომ პირბადეების დეფიციტი რაღაც ეტაპზე ტაშკენტშიც შეიქმნა, რადგან ხალხმა ერთბაშად დაიტაცა, მაგრამ ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა. „იცით, რომ ბამბა ამათია და ეს… მარლას რა ჰქვია ქართულად, ტექსტილი, მარლას მარლა ჰქვია?“, – იკითხა არველაძე, რასაც წამყვანების მხიარული რეპლიკები მოჰყვა. „არა, რა ჰქვია ქართულად, ხვალ რომ დამჭირდეს… თქვენ რა გითხარით, პირდაპირ ეთერში… მარლას რომ მარლა ჰქვია, ეგრე ვიტყვი ზუსტად, „იმედმა“ ესე მითხრა-მეთქი, რომ მარლას მარლა ჰქვია“, – თქვა შოთა არველაძემ.
არველაძემ „იმედის დილის“ ეთერში ქართველ ექიმებს მადლობაც უთხრა. „ისინი საკმაოდ გაწონასწორებულები არიან და ძილის წინ იმედის მომცემი ინფორმაცია ვალერიანის წვეთებია. მათი თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი იმედის საფუძველია“, – თქვა არველაძემ.
არველაძემ საფეხბურთო სეზონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ვარჯიშები შეწყდა. მისი თქმით, შექმნილი ვითარება სპორტის ამ სახეობაზე ნეგატიურად აისახება.
კომენტარები