პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, თორნიკე შარაშენიძე:
“მისი საიმპერატორო უდიდებულესობა მალე მოარჯულებს ველურ ესპანელთა ჯგროს.”
ეს ფრაზა (ოღონდ რუსულად) ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დავდე იმ ვარაუდით რომ რუსეთის არმია ისევე გამოიფიტებოდა უკრაინაში როგორც გამოიფიტა ნაპოლეონის არმია ესპანეთში (ეს ფრაზა მაშინდელი ევროპული პრესის ერთ-ერთი მარგალიტია: როცა ესპანელებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს, გაზეთები წერდნენ ნაპოლეონი ამ თავხედებს მალე მოუვლისო). მაგრამ იმას მართლა არ ველოდი რომ რუსებს ასე მძიმედ წაუვიდოდათ საქმე.
რუსების ეს კატასტროფა შეიძლება შევადაროთ პელოპონესის ომის დროს ათენელთა ლაშქრობას სიცილიაში. ათენელებს არ ეგონათ რომ იქ რაიმე წინააღმდეგობა შეხვდებოდათ. ჯერ ერთი რომ დაქსაქსულები არიან და ვერასოდეს გაერთიანდებიან, მეორეც ჩვენნაირი ხალხია და არ გვეომებიანო (ანალოგია აშკარაა!). საბოლოოდ ათენელთა მთელი საექსპედიციო ჯარი განადგურდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ საბოლოო დამარცხებაში. ასე იცის მოწინააღმდეგის არშეფასებამ.
ცხადია რომ არც ეს ანალოგიაა ბოლომდე ზუსტი. სიცილია ათენისგან საკმაოდ შორს იყო. უკრაინა კი იქვეა და ამიტომ ომი უკვე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადადის. ეს ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის უზარმაზარი ფსიქოლოგიური დარტყმაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ მიწაზე გარე მტერს ფეხი არ დაუდგამს (გარე მტერს, – ჩეჩნური კამპანია არ ითვლება).
ეს ომი რაღაცით ჰგავს ყირიმის ომსაც. მაშინაც ვერ გათვალა ნიკოლოზ პირველმა რომ მთელი ევროპა მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა. ვერ გათვალა მათ შორის იმიტომ რომ სიმართლის თქმას ვერავინ უბედავდა (ანალოგია აშკარაა!). მაშინაც საომარი მოქმედებების დროს თავი იჩინა რუსეთის ჯარში გამეფებულმა კორუფციამ და განუკითხაობამ.
ყირიმის ომი იმდენად მძიმე მარცხი აღმოჩნდა რომ რუსეთი 20 წლით გაეთიშა ევროპულ პოლიტიკას და ამასობაში ძველ კონტინენტზე ორი უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა: გაერთიანდა ჯერ იტალია და შემდეგ კი გერმანია.”
კომენტარები