„ალიას“ ბათუმიდან ინტერვიუს აძლევს არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, ცნობილი პოეტი ვახტანგ ღლონტი, რომელთანაც საუბარი, მისი მშობლიური ბათუმით დავიწყეთ:
– სამწუხაროდ, ჩვენმა თავისუფლებამ ხშირ შემთხვევაში ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავა, რაც მთელს საქართველოს ეტყობა და, განსაკუთრებით – ბათუმს… ჩვენ საზღვრისპირა რეგიონი ვართ. ამიტომაც სხვაა ჩვენი პულსაცია. ჩვენ სხვაზე ადრე ვგრძნობთ საშიშროებას… ალბათ, ჩვენი ზეთავისუფალი და უცხოეთიდან მართული მოლიბერალოთა გუნდი არატოლერანტობას დამწამებს ისევ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ჩემი ქალაქი ძალიან აჭრელდა ეთნიკურად… დაუფიქრებლად გაიცა ქართული პასპორტები მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ, ბათუმის საზოგადოებას, ამის გამო სერიოზული საპროტესტო აქცია გვქონდა წლების წინ იუსტიციის სახლთან… სამშენებლო ბიზნესიც ანტიეროვნულ საქმედ იქცა, რადგან ბანკის ვალებით წელში გადრეკილი ქართველი ამ ბინებს ვერ იყიდის და ვინც ყიდულობს, ის ხალხი ხვალ-ზეგ თავის ტკივილად იქცეს შეიძლება ჩვენთვის… მარტო რუსეთი არაა ჩვენი პრობლემა, თურქეთსაც თავისი მიზანი აქვს საქართველოსთან მიმართებაში და პოეტს, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, დიპლომატიური სიტყვების თამაში არც მოეთხოვება და არც ეკადრება. სხვა, მიძინებული თემებიც არსებობს, რომლებიც არახალია და საუკუნეებია მოგვყვება და ვისაც ამ იძულებით მეზობლობაში თუ მეგობრობაში პოლიტიკური ქვეტექსტების დანახვა არ სურს, იგი ძალიან მწარედ გამოიღვიძებს ერთხელაც, მაგრამ ჯანდაბას ჩვენი თავი, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრი და ზრუნვა ხომ უპირველესი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად რანგისა და შეხედულებებისა.
– თქვენს ადგილს დღევანდელ საქართველოში სად ხედავთ?
– არაერთხელ და მართებულადაც შეუდარებიათ მწერლობა იმ კრუხისთვის, ბატის კვერცხები რომ დაუდეს გამოსაჩეკად… თავისი სხეულით რომ ათბო კარგა ხანს და, როცა ახალშობილები, ინსტიქტის შესაბამისად, წყალში შეცვივდნენ, შეშინებული დედაც გაედევნა, შვილები არ დამეღრჩოსო და შეჰყვა კიდეც წყალში თავის ჭუკებს… პატარები, რა თქმა უნდა, გადარჩნენ, დედა კი, დღემდე წყლის ზედაპირზე ტივტივებს, მიმღრჩვალი და გაუბედურებული…
უმეტესობა სწორედ ამ დღეშია, თუმცა, ვინც მოასწრო ძველ დროში ეშოვა სახელი, მას გამოუჩნდა კიდეც პატრონი… ახალგაზრდებმაც, ვისაც მეტი ფხა ჰქონდა, უცხოეთიდანაც იშოვეს დამფინანსებლები და, ალბათ, ამიტომაც ჰგავს ხანდახან ზოგიერთის, არცთუ უნიჭო ახალგაზრდა ქალის თუ კაცის, ტექსტები სოროსისტული კატეხიზმოს სავალდებულო საზეპიროებს, როგორც ძველ დროში აცხობდნენ დღეს გაპატიოსნებული ჩვენი ნაცნობები კომკავშირის პრემიაზე წარსადგენ ,,იდეურად და თემატურად’’ გამართულ ნაწერებს… ბიჭებო, გოგოებო, თუ მაინც ვიღაცის ჭკუაზე უნდა გევლოთ და გეწერათ, რაღას გარბოდით მწერალთა კავშირიდან, ,,კუტოკებად’’ და საძმოებად, ხომ იქაც ახერხებდნენ თანაარსებობას ჩვენი უფროსი კოლეგები თავის დროზე… ისე, „აქ“ დაჩაგრულებს „იქ“ ხომ გაგიმართლათ… მიმღები კომისიის მიერ უარყოფილი თქვენი განცხადებები, მწერალთა კავშირის წევრობის თხოვნის თაობაზე, ხომ გექცათ ერთგვარ ინდულგენციებად სხვა ახალ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად…
დიახ, მწერლის ნამდვილი ადგილი მომავალშია… აწმყოში ის ხან ბაჟის ამკრეფია, ხან უბრალო ბუღალტერი, მაწანწალა, მსახიობი, ექიმი, სასულიერო პირი, ძებნილი თუ ავაზაკობისთვის გასამართლებული და ა.შ. და ა.შ და, არცთუ იშვიათად – აბსოლუტურად შეუსაბამო პროფესიას შეფარებული ხელმოცარული და სინამდვილეში გენიოსი, თავისი ნამდვილი საქმისა და მოწოდებისა, რომელიც მოცალეობის ჟამს, შეიძლებოდა საწერ მაგიდასთანაც ეხილა ვინმეს…
დღეს გაადვილებულია მწერლად კურთხევის პროცედურა, თუმცა მწერლობა კვლავ მძიმე და ძნელ საქმედ რჩება. დიახ, გამრავლდნენ მწერლები, მაგრამ მკითხველი დაიკარგა, რადგან ვისაც კითხვა შეეძლო, ყველამ წერა დაიწყო…
– თქვენ, სამი წიგნის ავტორმა, დაწვით მწერალთა კავშირის მოწმობა და, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, სასულიერო აკადემიაში ჩააბარეთ… ეს რა იყო?
– კი, ეს იყო პროტესტის ნიშნად და მწერლისკენ და მწერლობისკენ გახედვაც არ მინდოდა მაშინ… გრძელი ისტორიაა და ამაზე საუბარი ახლა არ მსურს… ზოგადად, ქართულ მწერლობასაც და ეკლესიასაც ებრძვიან არამხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. როგორც ილია ამბობდა, „მართლმადიდებლობა არ ყოფილა ჩვენთვის მხოლოდ რელიგიური აღმსარებლობა, იგი პოლიტიკური ქვითკირიც იყო ქვეყნის სხვადასხვა ნაწილების გასაერთებლად…“ სწორედ ამ ქვითკირს, ამ ერთობას ერჩიან ჩვენი ახალი „მოყვრები“, რადგან მიუხედავად გზადაგზა ჩამუხვლისა თუ დაცემისა, ერის სულიერებაზე მოფიქრალი ხალხი ორივე მხრიდან, ავად თუ კარგად, მაინც ახერხებდა, მთავარი (ღმერთი და სამშობლო) არ დაევიწყებინა საუკუნების განმავლობაში ციცაბოზე მავალი ერისთვის! მწყემსი თუ დაეცა, ფარაც გაიფანტება და ადვილი დავლა ხდება ნადირისთვის… ასე დაფანტულები და დაბნეულები როდის ვიყავით ბოლოს, ჩვენზე უფროსებმაც კი არ იციან… გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს: „თავისუფლებასაც სწავლა უნდა თურმე…“ დიახ, ზოგს მართლა იქ ეგონა სამშობლო, სადაც გაძღა… დღეს ნებადართული მხოლოდ ჩვენი ეკლესიის გინებაა, მაგრამ აბა, გაბედე და სხვის აღმსარებლობას შეეხე, თუნდაც მტრისგან იყოს იგი თავსმოხვეული, თუნდაც რაღაც ორ-სამკაციანი სექტა იყოს, ან სულაც გუშინ დაარსებული რაღაც გაურკვეველი მიზნის ორგანიზაცია – ეგრევე ქვეყანას შეგიყრიან ეს უცხოური ფულითა და მფარველებით თავგასული ნაქართველარები!!! ჩვენ შიგნიდან უფრო მეტი გვჭირს, ვიდრე გარედან.
– გვახსოვს თქვენი მწარე ლექსი ,,არასამთავრობოები – ბიჭები და გოგოები…“ ლამის ტელეგასამართლება რომ მოგიწყვეს ჟურნალისტებმა…
– ეს, პარტიული თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისები, ხშირ შემთხვევაში, ,,სილამაზის სალონებია“ ეშმაკთათვის… ბევრი სიმწარე მახსოვს მათგან… ეს ეშმაკის პარიკმახერები (გნებავთ ,,სტილისტები“, როგორც ბოლო ხანს დაირქვეს), ნეტა, ვის გაადამიანებასა და გალამაზებას ცდილობენ და რის ფასად… გამონაკლისი, კარგიც და ცუდიც, ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ვერ ცვლის საერთო სურათს… საბჭოეთის დროს, როცა ერთი პარტია იყო, არამზადებსაც თითქოს ერთნაირი სახე და სახელი ჰქონდა ყველას, დღეს კი, მათი მემკვიდრეების სახით, ბევრად უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ნაგავთან გვაქვს საქმე… მეტად თუ ნაკლებად, ყველას შემიძლია გავუგო, მძიმე და სასტიკი დროა – საშოვარზეა ხალხი გამოსული (ჩვენი პოლიტიკოსობაც ხომ სხვა არაფერია დღეს), მაგრამ, ზოგ-ზოგები, ისე გადაგვარდნენ, რომ ქვეყნის მოღალატეებსაც კი ეკვრებიან, რაღაც სარგებელი რომ ნახონ… აგერ ამერიკელი კიმ კარდაშიანი სომხეთის (თავისი ისტორიული სამშობლოს) დაცვას სთხოვს ამერიკის მთავრობას… განა მშურს, უბრალოდ, გაოცებას ვერ ვმალავ, რა ჯიშია ამისთანა, რომ ყველა – დიდი თუ პატარა, ჭკვიანი თუ სულელი, პოლიტიკოსი თუ მეცნიერი, პოეტი, მოდელი, უკაცრავად, ბოზი და ყაჩაღი, შინ დარჩენილი თუ სამშობლოდან შორს გადახვეწილი, ერთადაა და ერთ ჭკუაზე, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება… ჩვენთან კი, ვინც აშენდა და დამშვენდა, ლამის ყველა თავისი ხალხისა და ქვეყნის ღალატის ხარჯზე!..
ნანა სულავა, ალია
კომენტარები