მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
რატომ მოჰკლა კლიტემნესტრამ აგამემნონი..
ნაწილი მეორე..
და მაინც, მეგობრებო:
რატომ მოჰკლა კლიტემნესტრამ აგამემნონი?
იქნებ მან ეს დაიმსახურა?!…
აგამემნონმა დაანგრია მშვიდობიანი ტროა.
მან დაიწყო მკვლელობის ხელოვნების სრულყოფა;
ძალიან კარგად იცოდა ეს საქმე;
და ჰექტორიც დაეცა მისი არმიების ძალის ქვეშ;
აგამემნონი აქილევსსაც არ უყვარდა –
როგორც ცბიერი –
რომელიც ათი წლის ომს გადაურჩა;
და ამისთვის საკუთარ ქალიშვილს –
თვითონ –
გამოღადრა ყელი;
დიახ, მეგობრებო – ზუსტად ეს არის
მომხმარებელი და მხმარებელი –
აგამემნონი!
საკუთარი ქალიშვილის მკვლელი.
მან ეს გააკეთა მაშინ და ახლა:
ჩვენთან ყოველ დღე ახალი მოლი იხსნება;
ყველას გვასწავლიან ვაჭრობას;
როგორც ვილი ლომანი ასწავლიდა
თავის შვილს — ბიფის.
აგამემნონმა თავის ქალიშვილს გამოჭრა ყელი
რათა მშვიდობიანი ტროა დაერბია;
და ჩვენ გაშმაგებულნი
ყოველ დღე
ყოველ დილით
ყოველ შუადღეს
ყოველ საღამოს
მაღაზიებში დაგვაჭენებენ..
ბოდლერივით ღამღამობით
თაღედებს კი არ ვუყურებთ –
ჩვენ თვითონ გავხდით
თაღედების ქვეშ მდგომი
საკუთარი სინდის ნამუსის
გამყიდველები.
ნუთუ არ გესმით რატომ მოკლა კლიტემნესტრამ აგამემნონი?
კლიტემნესტრა ელენეს და იყო..
და არა მარტო..
მას არ უყვარდა ბირთვული იარაღი.
მას არ უყვარდა ქიმიური იარაღი.
მას არ უყვარდა ბიოლოგიური იარაღიც.
მას არ უყვარდა შოპინგი.
მას არ უყვარდა მაკდონალდსი.
ის ვერ იტანდა ‘კენტაკის ფრაიდ ჩიკენს’.
მას გული ერეოდა შოპინგის სამყაროზე.
და ის წინააღმდეგი იყო.
დიახ, წინააღმდეგი იყო,
რომ ვაჭრობის და ომის გულისთვის:
მოეკლა იფიგენია –
მისი ქალიშვილი;
რომლის სახელსაც ერიდებოდა ჰომეროსიც კი;
აგამემნონს უყვარდა ბიგ მაგი
და ბურგერ კინგი;
ის აქაველი კოვბოი იყო –
რომელიც კეტჩუპსაც უხვად მოიხმარდა;
ის ‘ფასტ ფუდის’ რესტორანში დაბერდა
ის არჩევდა ‘ლივაი სტროსის’ ჯინსებს
და წინ უსწრებდა კიდეც ‘ჯინსების თაობას’.
ის – ანუ ის – ანუ იგი – ანუ მან –
მან დაირქვა სახელად:
საღეჭი რეზინების თაობა.
და დაანგრია ტროა
და არა ტროი აიკმანი.
ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი,
რომლიც ‘დალასის კოვბოების’ კლუბში
თამაშობდა;
მენელაუსმა საღეჭი რეზინები
შექმნა სპარტაში;
აგამემნონმა არგოსში;
და ატრიდები ღეჭავდნენ
ღეჭავდნენ და ცოხნიდნენ
ყველა სავაჭრო მოლში;
სადაც მომაკვდინებელი იარაღები იყიდებოდა.
დღესაც იყიდება.
ნუთუ ვერ ხვდებით, რატომ მოკლა კლიტემნესტრამ
თავისი ქმარი? სახელად აგამემნონი.
რადგან მისი ქმარი ატყუებდა აქილევსს;
მისი ქმარი ომს სწირავდა ყველაფერს;
მის ქმარს კონტრაქტი ჰქონდა – ზევსთან
და ‘კენტაკის შემწვარ ქათმებთან’.
აგრეთვე ‘ბურბონის ვისკის’ –
ქარხნის სი-ი-ოსთან, ედ ო დანიელსთან.
რომლის მიხედვითაც –
აღმოსავლეთის დედამოტყნულ ევროპაში
იმდენ ვისკის შეიტანდა
რომ პროფიტ მარჟა შეადგენდა
ზუსტად
ას ორმოცდა ცამეტ მილიონ დოლარს
და
თორმეტ ცენტს;
ფული მოიგო აგამემნონმა;
‘ბიგ მაკების’ და ‘ბურგერ კინგის’ გაყიდვით
ომის დიდება თვითონ ვერ შესძლო
კარგად –
და აქილევსს გამოსტყუა უკვდავება;
მაგრამ ის ყიდდა და კლავდა
ორივეს აკეთებდა –
ჯერ ყიდდა და მერე კლავდა..
და ამიტომაც, იგი მოკლა
კლიტემნესტრამ.
მისმა მეუღლემ.
და თქვენ ალბათ უკვე მიხვდით:
რომ ეს მან – ანუ აგამემნონმა
ნამდვილად დაიმსახურა.
ორესტე ცდებოდა, მეგობრებო
და ჰექტორი არა.
სწორედ ამიტომ:
კლიტემნესტრამ მოკლა აგამემნონი.
დიდი მადლობა – პირველი მოქმედება დამთავრებულია.
ფარდა დაეშვა.
კომენტარები