მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“იმ დღეს ღამის გადაცემაში ერთი ამბავი მოვყევი გველებზე მონადირეზე, თუმცა გვიანი იყო და ალბათ ბევრმა ვერ მოისმინა. ახლა მინდა გავიმეორო, ჩემი საყვარელი ამბავი-იგავია.
იყო ერთი გველებზე მონადირე, ახალგაზრდა ბიჭი. მას გველების ჭერისა და ხოცვის დიდი ნიჭი ჰქონდა, ასე ეხმარებოდა სოფელს და ხალხიც მშვიდად ცხოვრობდა. ამბობდნენ მამამისი სწორედ გველის ნაკბენისგან მოკვდა და ბიჭიც ამის გამო ჩაება შურისძიებაშიო.
ვერანაირი შხამიანი რეპტილია ვერ ეკარებოდა იმ ადგილებს… ყველაფერი კარგად მიდიოდა, სიმშვიდე იყო… სანამ სოფელში ერთი გონიერი, ეშმაკი და თავის მხრივ შურისძიებას მოწყურებული გველი არ შესრიალდა. ჩაუსაფრდა ბიჭს, უკბინა და ადგილზე მოკლა.
დიდმა მწუხარებამ მოიცვა სოფელი, იყო გოდება, გლოვა… ბიჭი ყველას უყვარდა. მიხვდა ხალხი, რომ ისევ რთული ხანა დაუდგებოდათ… მაგრამ მოულოდნელად, ძალიან მალე, მეზობელი სოფლიდან დასახმარებლად მოხუცი მონადირე მოვიდა, რომელმაც დაიფიცა, რომ მკვლელი გველი ვერ გაექცეოდა. მონადირემ ფიცი შეასრულა: მიხვდა, სადაც იმყოფებოდა გველი, მანტრით გააბრუა და ის მოკლული ბიჭის დედას მიუყვანა. იქვე მთელი სოფელი შეკრებილიყო, ერთი სული ჰქონდათ, გველი გაეგლიჯათ.
მოხუც მონადირეს გველის ენა ესმოდა და ჰკითხა გველს, თავის გამართლებას თუ შეეცდებიო. გველმა უპასუხა, ჰო, ბიჭი მე მოვკალი, ალბათ დამნაშავე ვარ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რამდენი ჩემიანი მოკლა მან, ზოგი სრულიად უმიზეზოდაც… ამიტომაც სხვანაირად არ შემეძლო, შური უნდა მეძიაო.
ეს ყველაფერი მონადირემ ხალხს გადაუთარგმნა და იკითხა, რა ვქნათ, მოვკლათო?
აბა, რა უნდა ვქნათ, აუცილებლად უნდა მოვკლათ, უნდა მოვკლათ, სხვა ვარიანტი არც არსებობს, უნდა მოვკლათ, სამაგალითოდ დავსაჯოთ, დავფლითოთ, ანდა უკეთესია ცოცხლად დავწვათ, – დაგავიწყდათ, ეს რა ბიჭი, რა ადამიანი მოგვიკლაო.
მონადირემ ახლა ბიჭის დედას ჰკითხა, შენ რას იტყვიო?
და იკითხა ბიჭის დედამ: ამ გველის სიკვდილი ჩემს ვაჟს თუ გააცოცხლებსო?
არაო, უთხრა მონადირემ, ვერ გააცოცხლებსო.
მაშინ ნუ მოვკლავთო, თქვა ქალმა, თუ ჩემი შვილი ვეღარ გაცოცხლდება, კიდევ ერთი მკვლელობა რა საჭიროა? ახლა თუ მას მოვკლავთ და ამით შურს ვიძიებთ, ხვალ სხვა გველი მოვა და ისევ მოკლავს რომელიმე ჩვენიანს, ამას დასასრული არ ექნება, ამიტომ აქვე დავასრულოთ ეს ჯაჭვი, ნუ მოვკლავთ, ძალიან გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას… ჩემი შვილი აქ რომ იყოს, შენ ადგილზე რომ იყოს მონადირევ, ჩემი მკვდარი შვილი აქ რომ მოვიდეს ერთი წამით მაინც, ისიც დაინდობდა თავის მკვლელსო.
კარგიო, უთხრა ბებერმა მონადირემ და გაუშვა გველი. ამბობენ, რომ მას მერე იმ სოფელში გველები არავის უნახავს.”
კომენტარები