გარდაცვლილი 28 წლის ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად მივიდნენ.
მეგი ბაქრაძის უფლებადამცველებს მხოლოდ დღეს მისცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება, თუმცა მათ საქმის მასალების სახლში წამოღებისა და უკეთ გაცნობის საშუალება არ აქვთ.
“ამ წუთას საქმის მასალებში არის ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელსაც არ ვიცნობთ. პროკურატურამ შეცვალა თავისი პოზიცია და სრულიად უკანონო პოზიციაზე იმყოფება ახლა, როდესაც გვეუბნება, რომ მხოლოდ მასალების გაცნობის უფლებას მოგვცემს და არა მათი გადაღების საშუალებას. 10 დღეზე მეტია გასული, რაც მასალებზე წვდომა არ გვაქვს. ბოლო პერიოდში მიდიოდა მოლაპარაკება პროკურატურასა და ჩვენ შორის. როგორც იცით, გამოსცეს სრულიად უკანონო დადგენილება და შემდეგ გააუქმეს”, – ამბობს ადვოკატი ვახტანგ ბარამიშვილი.
ბეგი ბაქრაძის ოჯახის მეორე ადვოკატის, ნინო ამაღლობელის თქმით, მთავარი კითხვებია: შეიძლებოდა თუ არა ბეგი ბაქრაძის იმუნიზაცია? ჰქონდა თუ არა პოსტვაქცინაციის პერიოდში კლინიკა “იმედს” შესაბამისი ინვენტარი და მედიკამენტები? იყო თუ არა ვაქცინაციის პროცესში ჩართული მედპერსონალი გადამზადებული? იყო თუ არა დაცული ვაქცინაციის პროტოკოლის მოთხოვნები? როგორი იყო მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე?
28 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
კომენტარები