,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,თბილისი უცნაური ქალაქია, უამრავი სახე აქვს…
მცხვენია, რომ ქალაქის ომის დროს, როდესაც თბილისის ცენტრში ძმები ერთმანეთს ხოცავდნენ, დეზერტირების ბაზრობაზე ხალხი ნიგვზისა და ნადუღის ფასზე კამათობდა და აღგძნებული ემზადებოდა საზეიმო სუფრის გასაშლელად.
მსმენია, თუ როგორი ცხვირაბზუებით დახვდნენ თბილისში აფხაზეთიდან დევნილებს და როგორი შეწუხებულნი იყვნენ მათი არსებობით.
ბრაზი მახჩობს, როდესაც 2008 წლის ომს ვიხსენებ… ყურში ჩამესმის თბილისელთა დასაშოშმინებლად, მათი სულიერი სიმშვიდის მისაღწევად ტელევიზიით ნათქვამი ფრაზა:”ნუ გეშინიათ, ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიეს”. ორჭოსანი წყალს წაუღია, მთავარია ჩვენ აღარ გვემუქრება საფრთხეო – ასეთი განწყობა ჰქონდათ თბილისელ სნობებს…
მაგრამ …
ეს ის ქალაქია, სადაც მთელ მსოფლიოში დევნილი დემოკრატები და რევოლუციონერები თავშესაფარს ნაძალადევში პოულობდნენ.
ეს ის ქალაქია, სადაც ხრუშჩოვის გასაშარჟებლად პლეხანოველებმა თავახდილ ვოლგაში საკომისიო მაღაზიის კოსტუმით დამშვენებული კიკა ჩასვეს და ასე გამოხატეს პროტესტი გენ.მდივნის ანტიქართული ისტერიკისადმი.
ეს ის ქალაქია, სადაც დედა ენის დასაცავად ასობით ათასი ადამიანი ისე გამოვიდა ქუჩაში, რომ აქციას ორგანიზატორი არ ჰყოლია. ხალხში ხმა თავისით გავრცელდა, არც მედიას დაუანონსებია დემონსტრაცია და საერთოდ ხმამაღლა შეკრების შესახებ ვერავინ ლაპარაკობდა.
ეს ის ქალაქია, სადაც პროფესორ ლევან ასათიანის, პროფესორ მერაბ ალექსიძის, პროფესორ გივი თუმანიშვილის გარემოსდაცვითი პოზიციების გასაძლიერებლად, სვანეთის გადასარჩენად, ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის ჩასაშლელად მოედნები ივსებოდა.
ეს ის ქალაქია, სადაც ბაბუაჩემი შვილებს ტელევიზორს არ ართვევინებდა ხარაბაძეებს მამა დაეღუპათ და ხმა არ გავიდესო; სადაც ბებიაჩემს კომოდში ყოველთვის ცალკე ჰქონდა გადანახული შოკოლადები (ჩვენ მაინც ვაგნებდით, დეტექტორები გვქონდა) და ხელუხლებელი თეთრეული დასავლეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის; სადაც ექიმი კობა პეტრიაშვილი ჩაბნელებულ და ბანდებით სავსე ქალაქს შუაღამისას ფეხით გადასერავდა, რათა შვილის მაღალი ტემპერატურით გულგახეთქილი დედა დაემშვიდებინა და ბავშვისთვის წამალი მიეტანა.
თუ რიონის ხეობის მცველები თბილისის ნამდვილი გულისკენ მიმავალ გზას ვერ იპოვნიან, მაშინ გაიმარჯვებს ლაშა ბუღაძესა და გურამ ფალავანდიშვილს შორის არსებული ფარული ვნება!”
კომენტარები