მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ჩვენ დროს ნული კლასი იყო. ანუ სკოლაში ვიმყოფებოდით, გაკვეთილზე ვისხედით, მაგრამ არ ვიყავით. ნული კლასი – როგორც ჩანს აბსურდული სკოლის შესამზადებელი დონე იყო. დიახ, საერთოდ არ მახსოვს იმ წელს რა ვისწავლე. სამაგიეროდ, მახსოვს მასწავლებლის სახე, რომელიც დაფაზე წერდა. ხვდებით ჰო, მასწავლებელი ნული კლასის მოსწავლეების, 6 წლის ბავშვების წინ რაღაცას წერდა (მე საერთოდ 5-ის ვიყავი, ანუ ჩაფსმა ახალი მიტოვებული მქონდა). კითხვა და რაღაც-რაღაც სიტყვები ვიცოდი, მაგრამ მასწავლებელს რა უნდოდა, ვერ ვაცნობიერებდი. ამიტომაც, როგორც ჩანს, მექანიკურად წამოვდექი და დაფას მივაშტერდი. ცხადია, ავნერვიულდი. გაუგებარ ტექსტს იმ დროიდან ვერ ვიტანდი. უკნიდან ვიღაცამ მომქაჩა, დაჯექი, დაჯექი, ვერ ვხედავო. აქ უკვე გავოცდი, ჩემ უკან იჯდა ვიღაც ღლაპი, ვინც ეტყობა იცოდა, რა ეწერა დაფაზე. ბოდიში, ვუთხარი მასწავლებელს, მე… მე ვერ ვიგებ, რა წერია დაფაზე.
მასწავლებელი მომიახლოვდა, ჩემი სიმაღლის იყო, მარცხენა ხელი კეფის მხრიდან დამადო, მეთქი მეფერება და მარჯვენათი ბა-ბახ ისეთი სილა გამაწნა ლოყაში, რომ ეგეთ სილას მერე ინდურ ფილმებში ვნახულობდი ხოლმე მხოლოდ და ჩემი თავი მახსენდებოდა. სუფსის კლუბში სწორედ მაგიტომ ავტირდი, ჩემი თავი რომ გამახსენდა, დედას კი გულჩვილი ვეგონე, თავზე მეფერებოდა და ამიტაჰ ბაჩანის პერსონაჟზე მეუბნებოდა, აგე ნახე, თუ არ გადარჩესო. ფილმს ერქვა „შურისძიება და კანონი“ და ვერ გადარჩა იქ გმირი.”
კომენტარები