საქართველოს პირველი არხი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ჟურნალისტს და რედაქტორს, სილვია შტობერს ესაუბრა:
„სანდრა რულოვსს სურდა ბერლინში ჩასვლა, რათა ხანგოშვილს შეხვედროდა. ხანგოშვილმა მას დაუჯავშნა სასტუმროში ნომერი. ის მანქანით უნდა დახვედროდა სანდრა რულოვსს რკინიგზის სადგურთან. ჩვენ ეს ვიცით ხანგოშვილისა და რულოვსის ინტერნეტმიმოწერიდან, რაც გამოძიებამ ამოიღო ხანგოშვილის მობილური ტელეფონიდან.
როგორც ვიცით, ეს უნდა ყოფილიყო მათი პირველი შეხვედრა პირისპირ. მანამდე მათ კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონით ჰქონდათ. როგორც მოგვიანებით, ჩემთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისი მეუღლე ბერლინში ჩეჩნური თემის დახმარებით იყო დაინტერესებული. ხოლო ხანგოშვილს სურდა, სანდრა რულოვსისთვის ჩეჩნური თემის წარმომადგენლები და ადგილზე არსებული სიტუაცია გაეცნო. როგორც სააკაშვილი ამბობს, სწორედ ეს იყო დაგეგმილი სანდრას ვიზიტის დროს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, იმ დღეს, როდესაც სანდრა უნდა ჩასულიყო ბერლინში, ხანგოშვილი მოკლეს. ჩემი ინფორმაციით და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, შემიძლია, გითხრათ, რომ სანდრა რულოვსი ბერლინში ამსტერდამიდან აპირებდა ჩასვლას.
მას მატარებლის ბილეთიც ჰქონდა. ამ მგზავრობას სულ რამდენიმე საათი სჭირდება. თუმცა, ის არ ჩავიდა გერმანიაში, რადგან იცოდა, რომ რაღაც მოხდა. მისი და ხანგოშვილის შეხვედრა ნამდვილად დაგეგმილი იყო. ორგანიზატორი კი თავად მოკლული იყო“, – განაცხადა სილვია შტობერმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები