9 აგვისტოს, ადვოკატმა დიანა გვიშიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს კვების ერთ-ერთ ობიექტში, საკვების მირთმევის შემდეგ, ყელი დაუზიანდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყელში მცირე ზომის რკინა ჰქონდა შერჭობილი.
“მავთული აღმოჩნდა ვაკის “კრაბსბურგერში“ და ჩემს შვილს ჩაერჭო მარჯვენა მხარეს ყელში, გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით და დროული დახმარებით გადარჩა დახრჩობას, ვპოსტავ მხოლოდ იმიტომ, რომ იყავით ფრთხილად! მადლობა უფალს გადავრჩით”,- წერს დიანა გვიშიანი.
დეტალების დასაზუსტებლად დიანას პირადად დავუკავშირდით:
– ჩემი გოგონა, რომელიც 15 წლის არის, კლასელებთან ერთად “მზიურში” კონცერტს დაესწრო, რის შემდეგაც ასულან ვაკეში ამ ობიექტზე. აიღეს ბურგერები და მიირთმევდნენ, მითხრა, ჭამის დროს ვიგრძენი, რომ რაღაც გადამცდა და შემდეგ დამაწყებინა ხველაო. ამ მომენტში ზოგმა წყალი მიაწოდა, ზოგმა პური, მთელი გზა წყალს ასმევდნენ. სახლში რომ მოვიდა და ყელში ჩავხედე, უსტვენდასავით ბავშვი, შავად ჩანდა რაღაც ყელში. გამოვიძახე სასწრაფო და რომ ავუხსენი სიტუაცია, გაგვაფრთხილეს, რომ ბავშვს არ ესაუბრა და მაშინვე იაშვილში გადაიყვანეს. იქ დიდი მაკრატლით ამოაცალეს, 4-5 სანტიმეტრის რკინა, რომელიც იდრიკებოდა. მენეჯერსაც ვუთხარი, რომ ჩივილს არ ვაპირებდი და ასევე ყველა შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. უბრალოდ დავწერე ერთი რაღაცის გამო, რომ ისევ თვითონ იყვნენ ყურადღებით, ჩემი შვილი გუშინ სიკვდილს გადარჩა და ეს დამიდასტურეს ექიმებმა. ძალიან შეწუხებული იყო მენეჯერი, მეც შვილები მყავსო. მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ყველა ბავშვი ჭამს ბურგერს და ფრთხილად იყვნენ – აი, ეს იყო ჩემი სტატუსის მიზანი და მეტი არაფერი.
– ალბათ, ამ ფაქტის შემდეგ შეამოწმებენ ობიექტს…
– არ ვიცი, რაც უნდა, ის ქნან. მე მაქვს ვიდეოც და ყველა ფაქტი, რომ სასწრაფო გამოვიძახეთ და ბავშვი იაშვილში გადავიყვანეთ. ვერ აგიწერთ გუშინ მე რა გადავიტანე. მინდა, ჩემი სტატუსით ხალხი გაფრთხილდეს და ეს ობიექტებიც იყვნენ ფრთხილად. ექიმებმა მითხრეს, რომ უფალს შესწირე მადლობაო, რადგან შეიძლებოდა ადგილზევე ფატალურად დასრულებულიყო ყველაფერი.
“კრასბურგერის” მენეჯერი თაკო ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მომხდარით თავადაც გაოგნებულია:
– ბავშვის მშობელს ვესაუბრე, მე მყავს 5 შვილი და ჩემ შვილებს აქ, ჩემთან ვაჭმევ. ხორცი “აგროჰაბიდან” მომაქვს, აქ რკინის პრაქტიკულად არაფერია. დედას რომ ვესაუბრე, არ ჩანს ისეთი ქალბატონი, რომ რამე მომიგონოს, ნორმალური ადამიანია. უბრალოდ ვერ ვხვდები, მთელი დღე აქ ვარ და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება რკინა ხორცში მოხვედრილიყო. არ მაქვს რკინის არაფერი ობიექტზე, შევედი ახლაც და ყველაფერი დავათვალიერე.
– ადგილზე მოხდა ეს ფაქტი?
– ადგილზე არ მომხდარა, მერე აღმოაჩინეს. სწორად გამიგეთ, ქალბატონი, რომელსაც ვესაუბრე, ძალიან მშვიდად მელაპარაკა. ძალიან შეწუხებული ვარ, მესამე წელია, რაც ეს ობიექტი მაქვს. მეც შვილები მყავს და ჩემი შვილის მეგობრებიც აქ მიირთმევენ. კვებას ეხება და უნდა ნახოთ, როგორი სისუფთავე მაქვს. ყოველდღე ახალი ხორცი მომაქვს. რატომღაც მეგონა, რომ ავანტიურა იქნებოდა, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული. ცოტა ხნის წინ მზარეული ძალიან კონფლიქტურად გავუშვი და ვიფიქრე, იქიდან მოდიოდა ეს ამბავი. თუმცა ბავშვის დედას რომ ვესაუბრე, ძალიან წესიერი ქალია. ვერც იმას ვიტყვი, რომ არ იყო-თქო და ვერც იმას, რომ ნამდვილად იყო.
– შეიძინეს ბურგერი და გზაში მიირთვა ბავშვმა?
– არა, აქვე მიურთმევია, მე მთელი დღე აქ ვარ და აქ ცუდად არ გამხდარა. უკვე სახლში მისულს აღმოუჩინეს. ამ ქალმა მითხრა, რომ არ ვაპირებ არაფერსო, მაგრამ ჩემთვისაც საინტერესოა, რა მოხდა რეალურად. სწორად გამიგეთ, არაფერს ვაბრალებ, მაგრამ თუ ბავშვს ყელში რკინა აქ გაეჩხირა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, აქვე ხომ უნდა მომხდარიყო რეაგირება?
– ფოტოზე ძალიან დიდი ზომის რკინა ჩანს…
– როგორ გითხრათ, ამ ზომის რკინა არარეალურია, მაგრამ მჯერა თან მშობლის.
– მგონი, პირველი შემთხვევააა ამხელა რკინა საკვებ პროდუქტში…
– რა გითხრათ, ძალიან განერვიულებული ვარ.
ambebi.ge
კომენტარები