სპეციალისტები ქვეყანაში, ჯანდაცვის სექტორში სერიოზულ კრიზისს პროგნოზირებენ. ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ამჯერად მწვავე პერიოდი, სავარაუდოდ, უფრო დიდხანს გაგრძელდება და აგვისტოს ბოლომდე გასტანს.
სპეციალისტები სრულ ჩაკეტვაზე გაცილებით ეფექტურად, არსებულ ვითარებაში, ე.წ წერტილოვან შეზღუდვებს მიიჩნევენ.
დიდი ალბათობით, კორონავირუსის დელტა შტამი სხვა შემთხვევებს მალე სრულად ჩაანაცვლებს.
ბოლო მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებული ვირუსის შემთხვევებიდან 80% სწორედ ინდური ვარიანტია.
“წინ არის აგვისტოს თვე, შემდგომში სექტემბერი და თუკი რიცხვის მატება იქნება, ეს იქნება კატასტროფული მდგომარეობა ჯანდაცვის სექტორისთვის და არ არის გამორიცხული, რომ სერიოზული კრიზისიც კი დაგვიდგეს,” – განაცხადა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ იმ ადგილებში სადაც მობილობა და რისკები მაღალია გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული
“გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული, მე პირადად არ ვარ მომხრე სრული ლოკდაუნის. ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს. უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით,” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
კომენტარები