ჟურნალისტის მოგონებები
2005 წლის ზამთარია. ისეთი ყინვები დაიჭირა იმ წელს, ძვალსა და რბილში ატანდა. ზუსტად რომელი თვე იყო, ვეღარ ვიხსენებ, მგონი, დეკემბერი იყო. გაზეთ „ალიაში“ ვმუშაობდი. იმ დღეს ვისვენებდი. დასაძინებლად დაახლოებით 1–ელი საათისთვის დავწექი, ძილ–ბურანში ვიყავი, მობილური ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. ტელეფონის ეკრანს დავხედე და გიორგი ბრეგვაძე მირეკავს, „ალია ჰოლდინგისა“ და ჩემი შეფი. მივხვდი, რაღაც არაორდინალური ხდებოდა, თორემ დროს არ დამირეკავდა. ვუპასუხე. გიორგი მომესალმა და პირდაპირ საქმეზე გადმოვიდა. გაბრაზებული იყო, „ალიას“ ყველა ჟურნალისტს დავურეკე, ვინც ამ საქმეს აკეთებდა, ზოგს გათიშული აქვს ტელეფონი, ზოგი არ მპასუხობს, ეტყობა სძინავთ. შენი შეწუხება არ მინდოდა ამ ყიამათში, ამ შუაღამისას, არ მინდოდა, წყნეთიდან თბილისში ჩამომეყვანე, მაგრამ სხვა გზა არ არის, ძალიან სერიოზული საქმეა და მასალა უნდა გააკეთო, ადექი, ჩაიცვი და 5 წუთში დაგირეკავო.
ავდექი, ფართხა–ფურთხით ჩავიცვი და გიორგიმ გადმომირეკა. რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, ტელეფონში ვერ გეტყვი, დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს გვისმენენ. როგორმე ჩამოდი თბილისში და ბაგებში, კუს ტბის ასახვევთან, შავი ჯიპი დაგვხვდება, ის ხალხი მოგიყვება ყველაფერს და სადაც საჭიროა, იქაც წაგიყვანენო. ჯიპის ნომერი მითხრა და ყოველი შემთხვევისთვის, ვინც უნდა დამხვედროდა, მისი ტელეფონის ნომერი მომწერა, ვინმე ბატონი დავითისა, რომელიც როგორც ვივარაუდე, ბატონი დავითი არ აღმოჩნდა.
შეგნებულად არ მითხრა მისი სახელი გიორგიმ, სიფრთხილისთვის.
მეგობარს დავურეკე, გავაღვიძე და ვთხოვე, მანქანით ბაგებში ჩავეყვანე. საკუთარი მანქანა არ მყავდა და დღემდე არ მყავს. 10 წუთში მოვიდა ჩემთან და 10 წუთიც არ დაგვჭირვებია ბაგებში ჩასასვლელად. კუს ტბის ასახვევთან მართლა შავი ჯიპი იდგა. გადმოვედი ჩემი მეგობრის მანქანიდან, ის უკან, წყნეთში წავიდა. მივედი ჯიპთან, მძღოლის მხრიდან მივუახლოვდი, გამიღო მძღოლმა კარები, მკითხა, შენ ხარ ლევან ჯავახიშვილიო? კი, მე ვარ–მეთქი. წინ დაჯექიო, მიპასუხა. მოვიარე და დავჯექი. უკან საშუალო ასაკის, ბრგე მამაკაცი იჯდა, მომესალმა, მე ვარ დავითიო, მითხრა. მერე გაეცინა, სხვა სახელი მქვია, მაგრამ მოდი, ჯერ არ გეტყვი ჩემს სახელსო. მეც გამეცინა, ვიცი, დავითი რომ არ გქვიათ, მაგას ადრევე მივხვდი, როგორც თქვენ იტყვით, ისე იყოს–მეთქი.
ბატონმა დავითმა მძღოლს უთხრა, წავედითო. გზაში მითხრა, სად და რისთვის მივდიოდით. მოკლედ, ენერგეტიკის მინისტრის, ნიკა გილაურის თანაშემწე, ნიკა ასათიანი გაეტაცებინათ თბილისის შემოგარენის ერთ–ერთ სოფელში. მას გაქცევა მოეხერხებინა და გამტაცებლებმა თავი დაანებეს. ასათიანმა მოახერხა პოლიციაში დარეკვა და იმ სოფლიდან პოლიციამ ჩამოიყვანა. გამტაცებლებიც დააკავეს და დაზარალებულიც და ეჭვმიტანილებიც მთაწმინდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ, თაბუკაშვილის ქუჩაზე. ბატონმა დავითმა მითხრა, რომ ამ საქმეში უშუალოდ ვანო მერაბიშვილია გარეული, ასათიანი შსს–ს დაკვეთით, მათმა „ზონდერებმა“ გაიტაცეს და ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს საქმე არ გახმაურდესო. საქმის მთლად ჩაფარცხვაც უნდოდათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათო. აი, მხოლოდ ეს ვიცოდი, როდესაც ოპერის შენობასთან მივედით. იქ ჩამომსვეს, ბატონი დავითი წავიდა შავი ჯიპით, მე კი მთაწმინდის პოლიციისკენ გავეშურე.
შევედი პოლიციის ეზოში და შსს–ს პრეს–ცენტრის უფროსი, გურამ დონაძე დავინახე. სახეზე მიცნობდა, ისედაც არ გვქონდა კარგი ურთიერთობა და რომ დავენახე, მიხვდებოდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და მეტი გულმოდგინებით შეეცდებოდა საქმის ჩაფარცხვას. კაპიუშონი გადავიფარე თავზე და ისე შევედი პოლიციის შენობაში. ვიდრე დონაძე იქ იყო, დაახლოებით საათნახევარი, მას ვემალებოდი, ვერავისთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე. დონაძეს თან ახლდა ოპერატორი და რასაც ეუბნებოდა, იმას იღებდა. იქ ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი და ოპერატორი დავინახე, მაგრამ გურამ დონაძეს დასდევდნენ, ვიფიქრე, რომ დონაძემ მათთან მოახერხა საქმის მოგვარება, რადგან ჟურნალისტებიც და ოპერატორებიც დონაძის მითითებას უსიტყვოდ ასრულებდნენ. რამდენიმე ფრაზას, დონაძის ოფიციალური კომენტარის ნაწილს მოვკარი ყური და საბოლოოდ დავასკვენი, რომ დონაძეს ამ საქმის ჩაფარცხვა სურდა და თუ ვერ ჩაფარცხავდა, ისეთ კადრებს აღებინებდა ტელევიზიებს, ისეთ კომენტარებს აძლევდა, თითქოს ნიკა ასათიანი შემთხვევით გაიტაცეს, სხვაში შეეშალათ, სხვა უნდა გაეტაცებინათ და ის შერჩათ ხელში. რაც მთავარია, გამტაცებლებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ პოლიციასთან. ეს იმ შემთხვევისთვის კეთდებოდა, თუ ინფორმაცია მაინც გაჟონავდა, დაზღვევისთვის, გურამ დონაძე წავიდა, ჟურნალისტებიც თან გაჰყვნენ. მხოლოდ მაშინ დავიწყე მოქმედება.
ცხადია, არ გამიმხელია, რომ ჟურნალისტი ვიყავი. ნიკა ასათიანის ახლობლად გავასაღე თავი მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ სამ კაცს გაეტაცებინა ნიკა ასათიანი. პოლიციელებთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ სამ კაცს, სპეცსამსახურის თანამშრომლებს, ოქროყანის სასაფლაოზე გაეტაცებინა ასათიანი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, კუდ–ის თანამშრომლები გაიტაცებენ სანდრო გირგვლიანსა და მისი მეგობარს, ლევან ბუხაიძეს, ორივე სცემენ, აწამებენ, სანდრო სასაფლაოზე მოკვდება და ლევან ბუხაიძე სასწაულებრივად გადარჩება. არ ვიცი, ნიკა ასათიანის მოკვლას აპირებდნენ თუ არა „ზონდერები“, მაგრამ კარგი საქმისთვის რომ არ გაიტაცებდნენ და არ აიყვანდნენ სასაფლაოზე, ეს ნაღდია. ნიკა ასათიანმა მოახერხა გაქცევა სასაფლაოდან, ერთ–ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში შევარდა და დახმარება სთხოვა. გამტაცებლები დაფრთხნენ და მანქანით თბილისში დაბრუნდნენ, ნიკას ყვირილზე სოფლის მოსახლეობა გამოეფინა, ასათიანი უკვე უსაფრთხოდ იყო და თავადვე დარეკა პოლიციაში. პოლიციამ მიაკითხა და მთაწმინდის სამმართველოში გადაიყვანა, რადგან ოქროყანა მთაწმინდის რაიონში შედიოდა.
ვცდილობ მეტი გავიგო, მაგრამ ვერაფერს ვგებულობ. პოლიციელები ბევრს არაფერს მეუბნებიან, თუ ნიკა ასათიანის ახლობელი ხარ, ახლა დაკითხვაზეა, მალე გამოუშვებენ და თავად მოგიყვება ყველაფერსო. ამასობაში ნიკა ასათიანი დაკითხეს, გაუშვეს და ცხადია, ახლოს არ გავკარებივარ. ეზოში ჩავედი, ვნახე, როგორ დახვდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ავედი ისევ პოლიციის შენობაში.
მთელი ამ ხნის მანძილზე, გიორგი ბრეგვაძე ნახევარ საათში ერთხელ მირეკავდა, საქმეზე არაფერს მეკითხებოდა, შენ თუ ხარ უსაფრთხოდო, მარტო ამას მეუბნებოდა. აღარ მახსოვს რაზე, მაგრამ რაღაცაზე წავიწუნე. გიორგიმ გამამხნევა. კაცო, შენ ხომ არ გგონია, ახლა სახლში ფლოსტებში ვარ და ბოლთას ვცემ. თუ აუცილებელი გახდა, მაშინვე მანდ გავჩნდებიო. ძალიან მესიამოვნა. ჟურნალისტური საქმიანობისას შიშს არასდროს ვუჩიოდი, ომში ვიყავი, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ მაინც გული მომეცა.
ბოლოს დილის 6 საათზე დამირეკა გიორგიმ. მახსოვს, უკვე იქით დავამშვიდე, არანაირი საფრთხე არ მემუქრება, გურამ დონაძე წავიდა დიდი ხანია, არც შსს–დან მოსულა სხვა ვინმე და სრულიად უსაფრთხოდ ვარ–მეთქი. შესაძლო საფრთხეს რაც შეეხება. სადაც მინისტრის თანაშემწე გაიტაცეს, იქ ერთ ჟურნალისტაც რაიმე რომ გაუჩალიჩონ, გასაკვირია? მით უმეტეს, ის ჟურნალისტი ამ გატაცების ამბავს თუ იძიებს? როგორც ვთქვი, გიორგი ბრეგვაძემ დილის 6 საათზე დამირეკა, ჩემთან ერთად გაათენა. მითხრა, ახლა ცოტას წავუძინებ და რამდენიმე საათში დაგირეკავო. არ მიყვარს პირმოთნეობა და სხვისას ვერ ვიტან, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. „ალია“ ჩემთვის მეორე ოჯახია, გიორგი ბრეგვაძე კი ის კაცია, რომელიც ყველა გასაჭირში გვერდში დამდგომია, კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს და ეს იმედი არასდროს გამცრუებია. 17 წელია ვიცნობ და ერთხელ არ მოვუტყუებივარ. ვინც კარგად იცის, რა ხდება სხვა მედია საშუალებებში, ისინი მიხვდებიან, ჟურნალისტისთვის რამხელა კომფორტია ასეთ ხელმძღვანელთან მუშაობა.
საქმე აშკარად ცუდად მიდის. ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მოვიპოვე მომხდარზე. პოლიციელებს, გამომძიებლებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული, გურამ დონაძემ უბრძანა, კრინტი არ დაძრათ ამ ამბავზეო და ისინიც ჩუმად არიან. დონაძე კი იყო შსს–ს პრეს–ცენტრის უფროსი, მაგრამ რეალურად მინისტრის მოადგილის წონა და გავლენა ჰქონდა. სამი ახალციხელი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი და გურამ დონაძე აკონტროლებდნენ შს სამინისტროს და მას დაქვემდებარებულ სპეცსამსახურებს – კუდ–ს და სუს–ს. ის კი გავარკვიე, ვინ იყო ამ საქმის გამომძიებელი. გვარ–სახელი აღარ მახსოვს, საშუალო ასაკის, საშუალო სიმაღლის შავგრემანი კაცი იყო. დავუკაკუნე კაბინეტის კარზე, მობრძანდითო. შევედი მის კაბინეტში და თავი ერთ–ერთი გამტაცებლის ბიძაშვილად გავაცანი.
ამ დროს, ამ გამტაცებილის ახლობლები პოლიციის ეზოში არიან ადვოკატთან ერთად. რაღაცას თათბირობენ. გამომძიებელმა ჯერ არ იცის, რომ ადვოკატია მოსული. დაახლოებით დილის 9–ის ნახევარია. გამომძიებელს ვკითხე, იქნებ მითხრა, რეალურად რა მოხდა, ჩემმა ბიძაშვილმა და მისმა ძმაკაცებმა მინისტრის თანაშემწე რატომ გაიტაცეს–მეთქი. რაღაც მიმიკიბ–მომიკიბა. კიდევ ჩავეკითხე. შემომხედა, ძმურად, თბილ ოთახში ზიხარ („პლიტა“ იყო ჩართული) გარეთ, იმ ყინვაში დგომას ჯობია, აქ იჯექი შენთვის თბილად, ნურაფერს მეკითხები ამ საქმეზე და მადლობა მითხარი, რომ შემოგიშვიო. პოლიციის შენობაში მართლა ისე ციოდა, როგორც ქუჩაში. დაახლოებით 15 წუთი გავიდა, ეს გამომძიებელი რაღაც ფურცლებში იქექება, თავს არ იღებს მაღლა. სითბოში მოვითენთე, ცოტა ძილი მომერია. უცებ, გამომძიებელს შიდა ტელეფონზე დაურეკეს. აიღო ყურმილი, კი, უფროსო, ახლავე მოვდივარო, დაავლო იმ ფურცლებს ხელი და გავიდა ოთახიდან. გასვლისას მითხრა, პოლიციის უფროსი მეძახის, შენი ბიძაშვილისა და მისი ამფსონების ჩვენებები სჭირდება, უნდა მივუტანო. შენ თუ გინდა დამელოდე, თუ გინდა წადი, იმ ბიძაშვილებს და იმის ძმაკაცებს ბევრს არა, მაგრამ ერთ–ორ წელს პირობითს მისცემენ ან საპროცესო გარიგებით გამოუშვებენ, შენც კარგად იცი, ვინც პატრონობს მაგათო და თავი ზემოთ აიქნია – იქ, ზემოთ არის ის ხალხიო.
გავიდა გამომძიებელი. მაგიდაზე ქაღალდებისა და საქაღალდეების დასტები დევს. ავდექი, ვათვალიერებ და პირველად თვალში დაზარალებულ ნიკა ასათიანის დაკითხვის ოქმი მომხვდა. ზემოდანვე იდო ერთ–ერთ დასტაზე. ექვსი ფურცელი იყო „სკრეპით“ აკინძული. ბევრი არ მიფიქრია, ავიღე ეს ფურცლები, დავახვიე, ჩავიდე „კურტკაში“, გამოვედი ოთახიდან. იმ ოთახის გვერდზევე კიბეები იყო, დავეშვი და გავედი გარეთ. ეს იყო პოლიციის სათადარიგო კიბეები, რომლითაც იშვიათად სარგებლობდა ვინმე, მთავარი შემოსასვლელი შენობის მარცხენა ფლიგელში იყო. ისე გავედი შენობიდან, ვერავინ დამინახა. კიდევ კარგი, ის კიბეები დავინახე, სხვაგვარად მთელი დერეფნის გადაკვეთა და ისე გასვლა მომიწევდა, თან, პოლიციის უფროსის კაბინეტთან ჩავლა. კი არაფერი მოხდებოდა, მაგრამ უფრო უსაფრთხოდ და საიმედოდ გამოვედი.
თაბუკაშვილი ქუჩიდან რუსთაველამდე დინჯად, ნელი ნაბიჯებით ამოვედი. დილის 9 საათია. რუსთაველზე ერთადერთი კაფე იყო ღია – „შხარა“, „იმელის“ შენობის გადაღმა. შევედი კაფეში, ყავა შევუკვეთე და ვთხოვე, რამდენიმე თაბახის ფურცელი ხომ არ გექნებათ–მეთქი. ამ კაფეს საკმაოდ ხშირი სტუმარი ვიყავი, მიმტანები მიცნობდნენ და აქ არაერთხელ დამიწერია სტატიები. ერთმა მიმტანმა მითხრა, უფროსთან ავალ და გამოვართმევო. მომიტანა თაბახის ფურცლები. დავიწყე ნიკა ასათიანის დაკითხვის ოქმის კითხვა. დეტალები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ის დამამახსოვრდა, რომ იმ სამ კაცში, რომელთაც გაიტაცეს, ერთ–ერთი მისი ნაცნობი იყო და იმიტომ ჩაუჯდა მანქანაში, ოქროყანის სასაფლაოზე სახეში რამდენჯერმე დაარტყეს, იარაღის ამოიღეს და აი, მაშინ გაიქცა. სროლა ვერ გაბედეს, სდიეს. როდესაც ასათიანი შევარდა ვიღაცის სახლში, ხალხი გამოექომაგა და ატყდა ყვირილი, შეეშინდათ, დევნას დაანებეს თავი, დაბრუნდნენ სასაფლაოზე და მანქანით თბილისში დაეშვნენ.
დავწერე სტატია, ყველაფერი მქონდა, რაც გამოძიებას და რის დამალვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა გურამ დონაძე. კომენტარისთვის დავურეკე მინისტრს, ნიკა გილაურს. ეძინა, გავაღვიძე, ეს თვითონ მითხრა, ეს ჟურნალისტები კაცს არ დააძინებთო. ხმაზეც ეტყობოდა, რომ ნამძინარევი იყო. ვკითხე, თქვენი თანაშემწის, ნიკა ასათიანის გატაცების შესახებ რას იტყვით–მეთქი? რააო? – შეიცხადა გილაურმა, – ნიკა მართლა გაიტაცესო? ჩემგან გაიგო მინისტრმა, რომ მისი თანაშემწე გაიტაცეს და უკვე უსაფრთხოდაც იყო, მე მოვუყევი ამ ამბის დეტალები, დიდი მადლობა გადამიხადა და ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო, თქვენგან გავიგე ეს ამბავიო, მითხრა და დამემშვიდობა. რაც ვილაპარაკეთ, ეგ თუ გინდა დაბეჭდე, ეგ იყოს კომენტარიო, ეს კი მითხრა ბოლოს.
ცხადია, რაც მითხრა, დავწერე. მოვრჩი წერას, მგონი 5–6 ფინჯანი მაგარი ყავა დავლიე ამ პერიოდში, რომ არ დამძინებოდა. ბოლოს ისე მხნედ და ყოჩაღად ვიყავი, თითქოს ორი დღე და ღამე, გადაბმულად მეძინა. მივედი რედაქციაში, მივეცი მასალა ჩვენს მბეჭდავს, მზია გორგაძეს დასაბეჭდად.
მე ახლა 15 წლის წლის წინ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშული ვაღიარე. ეს სრულიად შეგნებულად და გააზრებულად გავაკეთე. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩემს გარდა, დღემდე არავინ იცოდა, რომ გამომძიებელს, მისსავე კაბინეტში, დაზარალებული დაკითხვის ოქმი მოვპარე. ნამეტანი კანონმორჩილი მოქალაქეები ამას რომ წაიკითხავთ, ჭკუის დარიგებს ნუ დამიწყებთ, რომ ქურდობა ცუდია. ეგ მეც ვიცი, მაგრამ ზოგჯერ იძულებული ხარ, კანონი დაარღვიო. თამაშის როგორი წესებიც შემოგვთავაზა იმდროინდელმა ხელისუფლებამ მისთვის არასასურველ ჟურნალისტებს, ჩვენც იმ წესებით ვთამაშობდით. ნუ დამალავდა შსს ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწის გატაცების ამბავს, ნუ შეეცდებოდა გურამ დონაძე ამ საქმის ჩაფარცხვას და ღიად, გახსნილად მოვიპოვებდი ინფორმაციას. კარები ჩამიკეტეს? მეც ავდექი ფარნჯრიდან გადავძვერი.
მეორე დღეს, მხოლოდ „ალიას“ ჰქონდა ექსკლუზივი მინისტრის თანაშემწის გატაცების შესახებ, თან, დეტალურად აღწერილი ყველაფერი. ნიკა ასათიანს, მართლაც მომხდარის მცირე დეტალი არ გამორჩენოდა და მე ხომ მისი დაკითხვის ოქმი გადავამუშავე. დამირეკა გურამ დონაძემ და მკითხა, ეს ყველაფერი, ასე დეტალურად საიდან ვიცოდი. ჩემმა წყაროებმა მითხრეს–მეთქი. ეგ იყო, მეტი აღარაფერი უკითხავს. აქვე ვიტყვი, რომ „ალიას“ მიერ გასაჯაროებელი ამ ამბის შემდეგ, ნიკა ასათიანის გამტაცებლებს საპროცესო ვერ გაუფორმეს, ვერც პირობითი სასჯელით გამოუშვეს. მართალია მცირე ხნით, მაგრამ ციხეში გაუშვეს. მერე გავარკვიე, რომ სამი გამტაცებელი სოდ–ის კონტროლქვეშ მუშაობდა, ოფიციალურად არ იყვნენ შტატში, მაგრამ სოდ–ის ამგვარ ბინძურ დავალებებს ასრულებდნენ და ქეშად უხდიდნენ გასამრჯელოს. ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება და დადიოდნენ სოდ–ის ნომრებიანი მანქანებით.
მერე გავარკვიე ამ საქმის მთავარი დეტალები, ნიკა ასათიანის გატაცების სავარაუდო მიზეზი. ამ დროს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ ზურაბ ჟვანიას გუნდები უკვე დატაკებულნი იყვნენ ერთმანეთს. სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ ვინც ქვეყანაში ფულად ნაკადსა და ძალოვანებს აკონტროლებს, ის სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას. საქმე უცხოეთიდან შემოსულ მიზნობრივ გრანტს, 5 მილიონ დოლარს ეხებოდა. ეს თანხა, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი. ეს სამუშაოები კი, სახელმწიფო კომპანიას, „საქჰიდროენერგომშენს“ უნდა შეესრულებინა. მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნოდარ უფლისაშვილი გახლდათ, ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი, წესიერი, ინტელიგენტი ადამიანი. ის მოგვიანებით გავიცანი. ნიკა გილაურიც ზურაბ ჟვანიას კადრი, მისი გუნდის წევრი იყო და ცხადია, ენერგეტიკის სამინისტროს ლომის წილი ედო იმ საქმეში, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების, 5 მილიონი დოლარის განკარგვა „საქჰოდროენერგომშენს“ მიანდო.
მიხეილ სააკაშვილის უკვე მოღონიერებულ გუნდს სურდა, ეს სამუშაოები სხვა სახელმწიფო კომპანიას შეესრულებინა, ზურაბ ჟვანიას გუნდისთვის არ ჩაეგდო ეს ფული ხელში. მოკლედ, ჩვეულებრივი სახელისუფლებო კლანური დაპირისპირება იყო. ნიკა ასათიანი კი ამ შეთანხმების ჩასაშლელად მოიტაცეს. რამდენადაც მახსოვს, ამ პროექტის კოორდინატორი ენერგეტიკის სამინისტროდან და შუამავალი იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელმაც ეს თანხა გამოყო, ნიკა ასათიანი გახლდათ. როგორ და რანაირად მოახერხებდნენ ნიკა ასათიანის გატაცებით პროექტის ჩაშლას, ეს არ ვიცი. ეტყობა, ჰქონდათ შესაბამისი გეგმა, რაკიღა ადამიანის გატაცებაზე წავიდნენ და იარაღიც უტრიალეს თვალწინ. ფაქტია, ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი და მისი „ზონდერები“ დაიხმარა და მოუხედავად იმისა, რომ გეგმა ჯერ ნიკა ასათიანმა და მერე მე ავურიეთ, საწადელს მაინც მიაღწიეს. ნოდარ უფლისაშვილი მოულოდნელად, 10 წუთში გადაირჩიეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან. მის ნაცვლად, რამდენადაც მახსოვს, სააკაშვილისა და ჟვანისთვის მისაღები, შეთანხმებული ადამიანი აირჩიეს. სააკაშვილმა მაინც გაიტანა თავისი, ჟვანიას გუნდს არ დაანება 5 მილიონის მისი კონტროლის გარეშე განკარგვა. ბოლოს, პროექტი „საქჰიდროენერგომშენმა“ განახორციელა. თუმცა, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას, აღარც ზურაბ ჟვანია იყო ცოცხალი და მისი პოლიტიკური გუნდიც დაშლილი იყო.
ისე, მართლა კარგი გრძნობაა, მინისტრი შენგან რომ იგებს საკუთარი თანაშემწის გატაცების ამბავს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №18
კომენტარები