ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძე ვერტმფრენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ სთხოვა საქართველოს მთავრობამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს შოვში, სამაშველო ოპერაციისთვის.
ქარსელაძე უარყოფს, რომ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ავიაცია გვიან ჩაერთო.
“პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ ვითარება ისედაც მძიმეა, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას…ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და გაგავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია ვინაიდან საუბარი არის პირველ რიგში ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ, რომ მიზეზ- მიზეზ ნუ ვიქნებით იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვით იმისთვის, რომ როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა.
მართალია მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე.შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ვერტმფრენისა და გარდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში….
ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა? – განაცხადა ქარსელაძე, ონში გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ.
ირაკლი ქარსელაძეს, როგორც ჩანს არავინ უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, მაშველებთან ერთად კი ადგილზე იყო, მაგრამ ვერტმფრენების მისვლამდე, ვერ გადაადგილდებოდნენ და მეორე ქედიდან უყურებდნენ ტრაგედიას, როგორც ჩანს, ისიც დაუმალეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებლა, ტრაგედიიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ისევ ვერტმფრენებს ითხოვდა! და ბოლოს, როგორც ჩანს, არც ის იცის, რომ შსს–მ განაცხადა – ბოდიში, ღამე და ვერტმფრენებით ხალხის გამოყვანა შეჩერდა შოვიდან, ამწუთას კი, მინიმუმ 152 ადამიანი ელოდება გათენებას და რაჭიდან გამოყვანას. და თუ ეს დეტალები არ იცის, ცხადია, არც ის ეცოდინება, რომ მეზობელი სახელმწიფოების ვერტმფრენები ღამითაც დაფრინავენ.
ან, ყველა ეს დეტალი იცის და უბრალოდ, გვატყუებს.
“წინ ვეღარ გადავადგილდებით, ვერავის ვუკავშირდებით” – გუბერნატორის მოადგილე
კომენტარები