გიორგი ჯავახაძე
„ალიას“ ესაუბრება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელსაც, ვინაობის გამხელა საჯაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს:
„20 ივნისს უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, 20 ივნისს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხალხი იმდენად იყო გაბრაზებული, უკვე სულ ერთი იყო, ვის დაძახებულზე გამოვიდოდა გარეთ. არ აინტერესებდათ არც დიღმელაშვილი, არც მაქარაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ 23-24 ივნისს უნდა ყოფილიყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილი, მომდევნო აქციის დღე ორგანიზატორებმა 24 ივნისს ჩანიშნეს. ამან ხელისუფლებას, რომელიც 20 ივნისის დილას მომბალი იყო და ზოგად დაპირებებს იძლეოდა, ამოსუნთქვის საშუალება მისცა და 24 ივნისს ჩანიშნული გამოსვლა პარლამენტში ღარიბაშვილმა გადმოიტანა 22 ივნისს. სხვათა შორის, რეგლამენტის მიხედვით, პრემიერი პარლამენტში სულაც 1 ივნისამდე უნდა გამოსულიყო და ამ გამოსვლის გადატანით, კანონი დაარღვია, მაგრამ ვინ მოსთხოვს, რო პასუხს? მაშინ გამოვიდა, როცა მას და მის საქმეს სჭირდებოდა. გამოვიდა ღარიბაშვილი 22 ივნისს პარლამენტში, ლანძღა ევროპარლამენტარები, ომის დაწყების სურვილში დაადანაშაულა და 23 ივნისს, ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტში ყველას იმაზე ესაუბრა, რამდენი ადამიანი დგას თბილისს ქუჩებში, ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით, ევროპარლამენტარები პასუხობდნენ ღარიბაშვილის განცხადებებს და პასუხობდნენ საკმაოდ ცუდად, ხისტად. მას შემდეგ, რაც სახლებში ჩამსხდარი ხალხის ფონზე ღარიბაშვილმა ბოლო იმედი გადაუწურა კანდიდატის სტატუსის მიღებას თავისი განცხადებებით, 24 ივნისს გაიმართა მომდევნო აქცია და წაუყენეს ხელისუფლებას ულტიმატუმი – გადამდგარიყო მთავრობა. ულტიმატუმის ვადა იწურებოდა 3 ივლისს. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ რეგიონებიდან წამოიყვანდნენ ხალხს ნაკადებად და თბილისში აზვირთებოდნენ.
რა მოხდა 3 ივლისს? არაერთი ქალაქიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მხოლოდ 2 „მარშუტკით“ წამოიყვანეს მათი ქალაქიდან ხალხი და წამოიყვანეს ისინი, ვინც ძალიან აქტიური იყო და სახლში არ გაჩერდებოდა. არავისთვის მოუწოდებიათ, არავისთვის დაურეკიათ, არავისთვის უთხოვიათ წამოდიო. არც კი გამოუყვანიათ მეტი ტრანსპორტი, არ ჩასულან პატარა ქალაქების უმრავლესობაში. ორი „მარშუტკა“ ხალხი არის სულ 40 ადამიანი, ხო? 10 ქალაქიდან რომ წამოიყვანო 40-40 ადამიანი, ეს არის 400 ადამიანი, 400 ადამიანი როგორ უნდა აზვირთებულიყო თბილისში? კარგი 4 000 ადამიანი ვთქვათ – 4 ათასის ადამიანის აზვირთება როგორ წარმოედგინათ?
მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორებს ულტიმატუმი ჰქონდათ წაყენებული ხელისუფლებისთვის ან გადადექით, ან გაგიშვებთო – მაინც ბევრი ადამიანი მივიდა 3 ივლისის აქციაზე, მათ იცოდნენ, რომ მთავრობა არ გადადგებოდა – ანუ, რა უნდოდათ, რატომ გავიდნენ? რომ გაეშვათ ხელისუფლება, ამისთვის გავიდნენ. მაშ, თუ ხელისუფლების გაშვებას არ აპირებ, იმ აქციაზე რატომ უნდა გახვიდე, სადაც ულტიმატუმი აქვს გადადგომის მთვარობას წაყენებული? არა და არ თქვეს აქციის მონაწილეებმა ის მთავარი სიტყვა, რისთვის იქ ხალხის უმრავლესობა იყო გასული – წადი!
3 ივლისის აქციაზე არ გავიდნენ განაწყენებული მიშისტები, რომლებიც ამტკიცებენ, იმიტომ არ გავედით, გვეწყინაო, 20 ივნისს არ ეწყინათ, 24 ივნისს არ ეწყინათ, 3 ივლისს ეტკინათ? ხელისუფლებას რომ ულტიმატუმის ვადა ეწურებოდა და ხალხს მათთვის პასუხი უნდა გაეცა, ხომ ეს იყო ულტიმატუმის იდეა – მაშინ ეწყინათ და ეტკინათ?
ღამის 12 საათს ელოდებოდნენ, აქციის ორგანიზატორები, რომელი კონკია ღარიბაშვილია, რომ 12 საათს მერე ძვირადღირებული საათი გაქრობოდა მაჯიდან და კაბინეტი გოგრად გადაქცეოდა? რა საჭირო იყო ხალხის ნერვებზე თამაში? ან თუ ღამის 12 საათს ელოდებოდნენ, აქციაც ღამის 12 ზე დაეწყოთ მაშინ. ამის შემდეგ, აქციაზე მისული ხალხის ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან წაიყვანეს – სანამ ოფისთან მივიდოდნენ, „ქართული ოცნების“ ოფისიდან, ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა დიტო სამხარაძემ, ტექსტად შემოუთვალა აქციის მონაწილეებს გინება, იქნება და გაბრაზდნენო, მივიდნენ აქციის მონაწილეები ადგილზე და გამოვარდა ოფისიდან სამხარაძე, „ოცნების“ სხვა წვერებთან ერთად და პირადად აგინდა, მერე კი, ოფისის აივნიდან აქციის მონაწილეთა მისამართით გინება ჩაწერა და ვიდეო გაავრცელა. არადა, რამდენიმე დღის წინ, დიტო სამხარაძეც, ირაკლი კობახიძეც და „ოცნების„ სხვა ლიდერებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, კაცი გინებას როგორ მოითმენს, მეც ეგრე მოვიქცეოდი ოხანაშვილის ადგილას და ვცემდი, ვინც შემაგინებდაო. ეს სრული აბსრუდია და ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ „ოცნება“ თუ მართლა თვლის, რომ გინების გამო კაცმა კაცი უნდა ცემოს, გამოდის, სამხარაძე ელოდებოდა, რომ მის საცემრად გაიწეოდნენ, როგორ უნდა გაწეულიყვნენ მის საცემრად? უნდა გაერღვიათ პოლიციის კორდონი. პოლიციის კორდონის უკან იდგა სპეცრაზმი და შემდეგ ეს შეიფუთეებოდა, როგორც თავდახმა. 3 ივლისს ხელისუფლებას სურდა კიდევ ერთი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება – მზად იყო ამისთვის ხელისუფლების ყველა შტო. ღარიბაშვილმა 3 ივლისს თბილისი დატოვა, ქვეყანა დატოვა 3 ივლისისთვის კახა კალაძემ. თუმცა, გაბედავდა ხელისუფლება აქციის დაშლას, თუ რეგიონებიდან მართლაც იმდენ ხალხს ჩამოიყვანდა ოპოზიცია, რომ თბილისში აზვირთებულიყო? ვერა, რასაკვირველია. მთავრობას ულტიმატუმი ხომ იმიტომ წაუყენეს, რომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და ახლა იძახიან, გრძელვადიანი პროცესია ესაო, როგორ იქნება გრძელვადიანი ის პროცესი, რომელიც მოკლე ვადაში უნდა ჩაეტიოს? კომუნიკაციაში მოხდა შეცდომაო – როგორ, 2 ივლისს რომ გაიგეს ქალაქების უმეტესობიდან მხოლოდ ორი მიკროავტობუსით მოყავდათ ხალხი, არავინ იკითხა, მეტი რატომ არ მოჰყავთ და სად არიან ოპოზიციის მხარდამჭერები?
მე არ ვიცი, იყიდა ეს აქცია ივანიშვილმა, ისესხა, თუ დააშინა, მაგრამ ფაქტია, მუხტს, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, ჯერ 20 ივნისვე დაუწიეს დუღილის ტემპერატურა, მერე 24 ივნისს და ბოლოს 3 ივლისს მოკლეს.“
კომენტარები