,,მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად” , – ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი “მკაფიო” იყოს იმის თაობაზე, რომ “ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება” და იმედოვნებს, რომ “საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია.”
სენატორის თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს.
ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს “ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც იქ, [საქართველოში] ეს ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია”.
საქართველოს შესახებ, სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვება, ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც.
სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ სურს ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი“.
რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა.
სენატორის განცხადების თარგმანს “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.
კომენტარები