ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე.
– ბატონო დემურ, ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირის სესხის აღებაზე – 75 მილიონ ევროზე. დიდი დავა იყო იმაზე, ეს სესხი იყო თუ დახმარება. ბოლოს, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს იყო 25 წლიანი, 0.5%–იანი იაფი სესხი და მასზე სხვა სესხებიც არის ჩაბმულიო. რამდენად გამართლებულია ხელისუფლების ეს საქციელი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უზარმაზარი საგარეო ვალები დაიდო, მათი მმართველობის პერიოდში, სახელმწიფომ რამდენიმე მილიარდი ევრო და დოლარი ისესხა დასავლეთის ქვეყნებისგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, თან უფრო მაღალ პროცენტებში და მათ შორის, ევროკავშირისგანაც? რა იყო რეალური მიზეზი ამ სესხზე უარის თქმისა?
– ეს 75 მილიონი ევრო იყო სესხი და არა დახმარება. ზუსტად ვერ გეტყვით, რეალური, ხელისუფლების სამზარეულოში გამომუშავებული პოზიცია რა არის, მაგრამ თავისთავად ეს ფული იყო ე.წ. ყბადაღებულ სასამართლო რეფორმისთვის გათვალისწინებული. სად წავიდოდა ეს ფული? კონსულტაციებში, უცხოეთიდან მოწვეული ხალხი დაატრენინგებდა ჩვენი სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს და მათ შორის, სავარაუდოდ, მოსამართლეებსაც, ამ უცხოელებს გადაუხდიდნენ ხელფასებს და მერე ბანკეტებით გააცილებდნენ და ა.შ. ამ ტიპის სესხები ყოველთვის წამგებიანია ქვეყნისთვის. ქვეყანას სესხი თუ სჭირდება და ყველა ქვეყანას სჭირდება სესხი, ყველა ქვეყანა სესხულობს ფულს, მათ შორის, უდიდესი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, ამისთვის არის შესანიშნავი გზა – თუ მართლა გჭირდება რაიმე, უშვებენ სახაზინო ვალდებულებებს – ფასიან ქაღალდებს. მათ ცნობილი შუამავალი ჯგუფების მეშევეობით განათავსებ საფონდო ბირჟებზე, იღებ სესხს და შემდეგ ისტუმრებ. ყველა ეს დანარჩენი სესხი, სავალუტო ფონდიდან, ევროპისა და მსოფლიოს ბანკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან, არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და არასდროს რეალურ საქმეს ის არ ხმარდება. ასეთ სესხებს მერე პროცენტებით ცალკე იხდი და ცალკე მათ პოლიტიკურ ფასსაც იხდი და რა არის ეს პოლიტიკური ფასი, საზოგადოებამ ამის შესახებ არასდროს არაფერი იცის, არავინ ეუბნება. თუ ჩემს კონტროლის პალატაში მრავალწლიან გამოცდილებას ენდობით, სადაც უამრავი რამ მაქვს ნანახი, ასევე, ვიყავი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და ხელი მიმიწვდებოდა მნიშვნელოვან ინფორმაციებზე, მათ შორის, საგარეო სესხებთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა ამ ტიპის სესხები გაიხარჯა კორუფციულად, პოლიტიკური ელიტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. არც მომდევნო ხელისუფლებების პერიოდში შეცვლილა ეს ტენდენცია. სახელმწიფო იღებს ვალს, ათეულობით წელი ემსახურება ამ ვალს და რეალური შედეგი არ არის. ერთის მხრივ სწორია, რომ ხელისუფლებამ არ აიღო ეს 75 მილიონი სესხი ევროკავშირისგან, იმიტომ რომ საერთოდ არ უნდა აიღოს, ამერიკიდან, რუსეთიდან, ევროკავშირიდან, მსოფლიო ბანკიდან თუ სავალუტო ფონდიდან… საგარეო ვალი არ სჭირდება საქართველოს. საქართველოს ბანკებში დევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ფული, რომელიც არ მიდის საქმეში. ეს ე.წ. დაძინებული ფულია.

საქმე თუ გინდა, დალოცვილო, გამოუშვი ფასიანი ქაღალდები, მიეცი შენს მოქალაქეებს მათი შესყიდვის უფლება. ხალხი ბანკებიდან გამოიტანს ფულს და იყიდის სახელმწიფო ობლიგაციებს თუ სხვა ტიპის ფასიან ქაღალდებს, მოგებასაც ნახავენ და არც სხვაგან წავლენ ფულის სასესხებლად. მაგრამ არა! მაინც იღებენ ამ ორგანიზაციებისგან, სხვა და სხვა სახელმწიფოებისგან სესხებს და ამ ფულს ითვისებენ კორუფციული სქემებით სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები. მხოლოდ სესხების მცირე ნაწილი ხმარდება იმ საქმეს, რისთვისაც სესხებს იღებენ. სესხი რომ აიღოთ სახლის კაპიტალური რემონტისთვის, მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი გააკეთოთ და დარჩენილი თანხა საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯოთ, დაახლოებით ასე აკეთებენ. მე ძალიან ვაკრიტიკებ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ რაც სწორია, სწორია. არ უნდა აეღოთ ეს სესხი და არც აიღეს. სასამართლო რეფორმას სესხი კი არა, მას პოლიტიკური ნება სჭირდება. ეს სესხი აბსოლუტურ უაზრობაში უნდა დახარჯულიყო. აქამდე უზარმაზარი თანხები მოხმარდა სასამართლო რეფორმას და ზოგადად, მართლმსაჯულების რეფორმას, მათ შორის, საგარეო სესხიც და საშინაო, საბიუჯეტო, გადასახადების გადამხდელთა ფულიც. რა ეტყობა ჩვენს სასამართლოს რეფორმირებულისა? არც არაფერი. რა დაეტყო საქართველოს ეკონომიკას მილიარდობით აღებული იმ სესხების შემდეგ, რომლებიც ეკონომიკაში უნდა ჩადებულიყო? არც არაფერი. იმიტომ, რომ ყველა სესხი იხარჯებოდა არა იმ მიზნებისთვის, რისთვისაც აიღეს, არამედ პოლიტიკური ელიტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამდენი სესხების პარალელურად, არ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ იზრდება ხელისუფლების წარმომადგენელთა ფინანსური, ქონებრივი მდგომარეობა, გადახედეთ მათ ყოველწლიურად მზარდ ქონებრივ დეკლარაციებს. მოკლედ, ამჯერად სწორედ მოიქცა ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს რესურსები, ჩვენ სესხი თუ დაგვჭირდება, ცივილიზებულად უნდა ავიღოთ, მაგრამ არა ამ ტიპის სესხები.
– სწორედ ეგეც იწვევს ეჭვს, რომ რაღა ახლა გაეღვიძათ სინდისი და დაუოკდათ მადა? ამ 75 მილიონ ევროსესხზე უარის თქმა, ამ ხელისუფლების ქმედება დამაჯერებელი და გამართლებული იქნება მაშინ, თუ მალე სხვა უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან ან უცხოეთის სახელმწიფოებისგან უფრო მაღალ, 3–4 პროცენტში და უფრო მოკლე ვადით თუ არ აიღეს სესხები.
– გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს არის, ერთის მხრივ, ერთი პირველი სწორი ნაბიჯი, მეტი სწორი გადაწყვეტილება არაფერი მაგონდება ამ მთავრობის გაკეთებული. ახლა ვნახოთ, არჩევნების შემდეგ რა გაგრძელება იქნება.
– ამ სესხის აღებას პოლიტიკური დატვირთვა მიეცა. ოპოზიცია ამბობს, რომ ევროკავშირის სესხზე უარის თქმით, საქართველომ ერთგვარი დისტანცირება მოახდინა ევროპისგან. ევროპას საჩუქარზე ხელი აუკრა ჩვენმა ხელისუფლებამო, ასეა?
– კი, ბატონო, ეს იყო შეღავათიანი, მაგრამ მაინც სესხი და არა საჩუქარი, ჯერ ეს ვთქვათ. ფულად საჩუქრების უკან დაბრუნებას არავინ ითხოვს, თან პროცენტებში არ იძლევიან, რაც არ უნდა დაბალი იყოს პროცენტი. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ეს არის ყველაზე გაძღვალტყავებული, საცოდავი ნარატივი, რომ არიქა, საქართველო ამით უარს ამბობს დასავლეთზე და მიდის რუსეთისკენ. ამ იდიოტიზმის განმცხადებელი, ელჩი იქნება, ამერიკელი სენატორი თუ ევროპარლამენტარი, ის ისეთივე ჭკუამოკლეა, როგორც ქართველი ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც ამ სისულელეს ამბობენ. საქმე ის არის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გაქვს, უამრავი პრობლემა გაქვს მოსაგვარებელი. რუსეთი–ამერიკა–ევროპა – ეს მოცემულობაა და ამ მოცემულობაშიც უნდა ისწავლოთ, არ უნდა იყო მიამიტი, მარიონეტი და სხვისი ხელებში შემყურე. ამ მიმართულებით თუ წავალთ, ყავლგასული ოპოზიციონერობა და ყავლგასული, შტამპებად ქცეული, ეს სულელური ნარატივები უკვე სასაცილოდაც აღარ აღიქმება.

კომენტარები