ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, წერს:
“სეზონური დეპრესიისკენ მიდრეკილებს ჭეშმარიტად გეტყვით კაი რამეს: ადრიდან მორთეთ ბრჭყვიალა ნივთებით სახლი და ფერადი ყვავილები უხვად გქონდეთ ფანჯრის რაფებზე, ყველა სხვა ფერი ნაცრისფერ ცაზე უპირველესად რომ დაინახონ თქვენმა მშვენიერმა თვალებმა.
ხოდა ბევრნაირი ჩაი და მურაბები მოიმარაგეთ სარიტუალოდ და საბანივით პალტო ამჯობინეთ ლამაზ პალტოებს გარეთ გასასვლელად. აი ისეთი, თქვენი სითბო რომ თქვენვე მოგხმარდეთ მის ქვეშ და მაქსიმალური ავტონომიით დატკბეთ გარესამყაროსგან. არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე სიცივეში და სისველეში სეირნობა თბილი პალტოთი.
ვისაც არა აქვს თბილი რამეები, მათთვის ჩავაბაროთ ჩვენი ზედმეტი პალტოები და ჯემპრები, რომ გათბეს სხვაც ყველა. უფრო მეტად ცხიმიანი საკვები ეხმარება ენდორფინების აჟრიამულებას ამ ამინდებში, ვიდრე ჩვეულებრივ მოვიხმართ და ვისაც სეზონური დეპრესია არ გემუქრებათ, თქვენთვის გლინტვეინის, ბუხრის (რადიატორის გინაც) და სიყვარულის სეზონის დადგომა მომილოცავს, მოგეცეთ ლხენა, რა გენაღვლებათ.
ხოდა კიდევ, იუთუბზე ჩართეთ 15 წუთიანი ვარჯიშების გაკვეთილი, სასარგებლოა დიდად და მანდაც გასწავლით თავის დაზოგვას, – გადახვევით 5 წუთში ვამთავრებ მე და მთელი კვირა მყოფნის. თქვენი დოზა თავად განსაზღვრეთ. როდის გავა ეს ზამთარიო, არ წამოგცდეთ, მთავარია, – ეწყინება და მალე გავა და რა გამოდის? – შემოკლებული სასიცოცხლო დრო. ნუ ააჩქარებთ. იყოს.”
კომენტარები