ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი.
– „ნამახვანჰესზე“, რიონის ხეობის გაყიდვსა და ამის გამო აგორებულ საპროტესტო ტალღაზე რას იტყვით?
–„ნამახვანჰესია“ ხერხემალი იმ უბედურებებისა, რაც გვჭირს. ყველა უნდა გაერთიანდეს ამ თემის გარშემო. ყველა უნდა შეუერთდეს ამ პროტესტს, რომ გავტეხოთ წელში, ხერხემალში ყველა უბედურება და უიღბლობა. ვინც ნაწყენია ერთმანეთზე, კეთილი უნდა ინებონ და შერიგდნენ ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც ამპარტავნულად გადგება გვერდზე, ვინც პირად წყენას თუ ამბიციას ახლა დააყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, მე იმ ხალხთან ვერ დავდგები. ახლა, მთლად გარყვნილი და ხელიდან წასული ადამიანი თუა, სხვა არის, მაგრამ პატარა შეცდომები ერთმანეთთან ყველას აქვს დაშვებული და ეს ძველი წყენა ყველამ უნდა დაივიწყოს, კუდაბზიკობის დრო აღარ არის. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, არაო, უნდა აშენდეს „ნამახვანჰესიო“. მე ირაკლი ღარიბაშვილს პატივს ვცემდი, რომ ადრე ოჯახის ინსტიტუციაზე, მართლმადიდებლობაზე სერიოზული განცხადებები გააკეთა, ბევრი ისეთი თქვა და გააკეთა კიდეც, რაც ქართველი კაცის გულშია და მოსაწონია. ახლა ამ განცხადებით, საკუთარ ცხვირში თავადვე მოირტყა ხელი.
– ყველას გაერთიანებასა და ძველი წყენის დავიწყებაზე რომ საუბრობთ, ეროვნულ ძალებს გულისხმობთ?
– იცი, რა არის, შემოგევლე? ეს სიტყვები, „ეროვნული ძალები“, გაიაფდა. რა. ვიღაც სამი კაცი დადგება ერთად, ერთი იძახის, მე ზვიადის ვიცნობდი, მეორე ამბობს, მე მერაბ კოსტავას ვიცნობდი და იბრალებენ ეროვნულობას. როგორ ხარ ეროვნული, შენი ნაცხოვრები ცხოვრება მითხარი ერთი, ან, სად ყოფილხარ მამულისათვის, სად დაგიღვრია სისხლი, რა ბიჭი ხარ და რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის. იმას ვიცნობდი, ამას ვიცნობდი და ეროვნული ვარ, ეგრე არ არის. ძალიან გაიაფდა ეს „ეროვნული“. აი, როგორც ხალხური სიმღერა „შავლეგო“ იყო ერთ დროს. „შავლეგოსნაირად“ მე სიმღერა არ მიყვარდა, მაგრამ ისეთმა ხალხმა დაიწყო ამ სიმღერის მღერა, ძალიან გაიაფდა და გაუბრალოვდა. დღეს ისევ მომინდა. „შავლეგო“ ვიმღერო. ისეთი სიმღერაა, ჯიგრიანი, სისხლს აგიდუღებს. აი, ვიღაც „ტუფტა“ ტიპები რომ მღერიან, იმათ გააუფასურეს. ეროვნული მოძრაობა იყო თავის დროზე. მაშინ იმ ეროვნულ მოძრაობაში ისეთი ხალხი იყო, იმათთან ახლოს არ ვიცი, დღევანდელებიდან მივა ვინმე? მაგარი ბიჭი იყავი და დამდგარიყავი მათ გვერდით, მისულიყავი და იმ ეროვნული მოძრაობის ნაწილი გამხდარიყავი. კალიმა აქეთ დაგრჩებოდა, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ. ახლა ეროვნული მოძრაობა არ არის და ძალიან ხელოვნური, რაღაც არაცოცხალია, ეროვნულ მოძრაობაზე რომ ლაპარაკობენ. სხვა სიტყვა უნდა მოინახოს, რომ ეროვნული მოძრაობის სახელის ქვეშ არ ერთიანდებოდნენ ყალთბანდი ადამიანები. ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა, მოდით, დაუდექით გვერდით ამ სახალხო პროტესტს, დაივიწყეთ, რომ ვიღაცას არ სცემთ პატივს. ნაწყენი ხართ ვინმეზე? დაივიწყეთ და ერთად გააკეთეთ ეს საქვეყნო საქმე.
– კაი, ეროვნულებს აღარ ვახსენებ და ეს „ნამახვანჰესის“ გამო აგორებული პროტესტი, გააერთიანებს ხალხს და ისეთი პროტესტი აგორდება, რომელიც სერიოზულად შეარყევს ხელისუფლებასაც და იმ ოპოზიციურ ძალებსაც, რომლებიც თურქეთის შიშით, ხმას ვერ იღებენ ხელისუფლების აშკარა ღალატზე, თურქულ კომპანიაზე გაყიდულ რიონის ხეობაზე?
– კი, კი, გაერთიანდებიან. მუხტი მუშაობს. მთავარია ღვთის წყალობა და შეწევნა ჰქონდეთ ამ კეთილ საქმეში. ვაკვირდებოდი, რა და როგორი საზოგადოება იყო და მაგათთან დავდგები, როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცი და მაგათთან ერთად გავიტან მაგ თემას.
კომენტარები