„მე ის ყურანზე არ დავაფიცე და სიტყვაზე ვენდე, რომ ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს“ – ასეთი განცხადება გააკეთა მედიასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ტერორიზმის ხელშეწყობისათვის სასჯელმოხდილი, ბაადურ ჩოფანაშვილის შესახებ.
„ჩოფანაშვილი თანახმა იყო დაეფიცებინა ყურანზე, რომ ჩვენება, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს, არ წაუკითხავს. მე არ დავაფიცებინე, ვუთხარი, რომ ეს სასჯელი იქნებოდა. გორნაკაშვილმა წაიკითხა, არ მოაწერა და მიუსაჯეს 13 წელი. ეს ამბობს, რომ ბევრ დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, არც იცოდა, მისი შინაარსი და არ იცნობდა თემირლანს. დავჯერდი სიტყვიერ დაფიცებას, რადგან ხელისუფლებამ ყველა ჩვენება ზეწოლით მოიპოვა. უნდა განახლდეს გამოძიება ხელახლა და ყველაფერი გაირკვეს“
თავად ბაადურ ჩოფანაშვილმა, მედიასთან კონტაქტი არ ისურვა და სოფელ დუისში, ქისტური თემის თავშეყრის ადგილი, კომენტარის გარეშე დატოვა.
ჩოფანაშვილი, პანკისში, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ, 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
ჩოფანაშვილს, სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სამი წლის შემდეგ, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და დარჩენილ 5 წელს, პირობით, 6 წლიანი გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
მაჩალიკაშვილების ოჯახი, საქმის გამოძიებასა და თემირლან მაჩალიკაშვილის რეაბილიტაციას, საქართველოში წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდა, რის შემდეგაც მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოს მიმართა.
EMC-ის ინფორმაციით, საქმეს „მაჩალიკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული სასამართლო უკვე დაჩქარებული წესით იხილავს.
კომენტარები