ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“სანდრა რულოვსი ციხეში რომ ორგანოებს აჭრიდა ხალხს და შავ ბაზარზე ჰყიდდა ეს ბევრმა დაიჯერა. როგორი სამედიცინო აბსურდია ეს ამბავი ამაზე დროს არ დავხარჯავ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამის დამჯერებელი ადამიანთა ჯგუფისგან არასდროს არაფერი გამიკვირდება. არც ის, ერთმანეთის ხორცით რომ იკვებონ…
მიუხედავად ამისა, ისევ ამ ადამიანთა ჯგუფისთვის პროპაგანდის სამკურნალოდ, ამჯერად ყოფილი პრეიდენტის თავს დატრიალებულ ბარიატრიულ აბსურდს განვმარტავ.
რამდენადაც ვიცი პატიმრის ადვოკატმა უკვე წარმოადგინა ამონაწერი მისი სამედიცინო ისტორიიდან, რაც აჩვენებს, რომ ოპერაცია 2017 წლით თარიღდება. ამა თუ იმ ოპერაციის გართულებები ხუთი წლის დაგვიანებით არ ვლინდება. სამედიცინო განათლება არ სჭირდება ამას რომ მიხვდე.
ახლა წარმოვიდგინოთ თეორიული სცენარი, რომლის მიხედვით ბარიატრიული ოპერაცია ციხეში მოხვედრის წინა პერიოდში გაკეთდა.
თქვენი ყურით ხომ ისმენდით, მთავრობის უკლებლივ ყველა წევრისგან, რომ მოშიმშილე პრეზიდენტი სინამდვილეში დიდი რაოდენობით საკვებს მიირთმევდა? ამას ხომ იჯერებდით უპირობოდ? სამედიცინო განათლება არაა საჭირო, უბრალოდ დაგუგლეთ და ნახეთ კვების რა რეჟიმია ფიზიკურად შესაძლებელი ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ. თქვენი თვალით ხომ გაქვთ ნანახი ყოფილი პრეზიდენტის დაკავების კადრები ხინკლით სადილობისას? განა თქვენ არ ღლიცინებდით რეფიდინგის პროცესში ხაჭაპურებს მიირთმევსო? თქვენი თვალით ხომ გაქვთ ნანახი ყოფილი პრეზიდენტი დაკავებისას და ლამის ყოველდღიურად მანამდე, სხვა და სხვა ეთერებში ბოლო ორი წელი მინიმუმ. ხომ შეგიძლიათ ამოქექოთ ეს კადრები და ნახოთ წონის რაიმე განსაკუთრებული კლება შეენიშნებოდა თუ არა 2021 წელს?
ჰოდა, ნუთუ უმარტივესი კითხვის დასმა არ შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის, ნეტა ეს ფაქტები ერთმანეთს ხომ არ გამორიცხავს?
ახლა კლინიკაზე, სადაც პაციენტი ბოლო 6 თვეა მილევად რეჟიმში არსებობს. მკურნალობსთქო ვერ ვიტყვი, რადგან მკურნალობის შედეგად პაციენტის ჯანმრთელობა უნდა გაუმჯობესდეს, ადამიანი სიკვდილის პირამდე კი არ უნდა მივიდეს.
თქვენი ყურით ხომ გესმით ყოველ დღე, როგორ ამტკიცებენ კლინიკა ვივამედის ექიმები, რომ პაციენტის მდგომარეობა უარესდება და ჯერ დიაგნოზი არ დაუდგენიათ. ყველა ოფიციალურ განცხადებაში კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტი წონაში პროგრესირებადად იკლებს, მას აღენიშნება ცხელება, უტარებენ ყველა შესაძლო კვლევას, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ დაუდგენიათ.
ბარიატრიული ქირურგიის შედეგად ადამიანი პროგრესირებადად, გაუჩერებლად არ იკლებს. კლების პროცესი რაღაც პერიოდს მოიცავს, ის დამატებითი ძალისხმევის გარეშე არ ხდება და სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუ ცხადია რაიმე გართულებასთან არ გაქვს საქმე.
დანამდვილებით ვიცი და ამიტომ თამამად ვიტყვი, კლინიკა ვივამედში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა პრაქტიკულად მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზინანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, გასტროსკოპია, კუჭ-ნაწლავის ბარიუმით რენტგენოგრაფია. კვლევები რამდენიმე თვის წინ არის ჩატარებული. საჯაროდ ითქვა ეს ყველაფერი, საიდუმლო ინფორმაციას არ ვფლობ. ეს კვლევები საკმარისია იმისთვის, რომ ბარიატრიული ქირურგიით გამოწვეული გართულებები გამოვლენილიყო და მათი მკურნალობა დაწყებულიყო. თუ ეს ისტორია ნამდვილია, რატომ ვერ დაისვა პოსტბარიატრიული ქირურგიის გართულებების დიაგნოზი თვეების წინ და რატომ არ დაიწყო მათი მიზანმიმართული მკურნალობა? ანუ რა გამოდის, თვეები იწვალეთ, ათეული ათასების კვლევები აკეთეთ, უამრავი კონსულტანტი მოიყვანეთ და ბარიატრიის გართულებით გამოწვეული წონის კლების დიაგნოზი ვერ დასვით? ნუთუ ამის ხმამაღლა გაცხადება უხერხულობას არ შეგიქმნით? თუ დაისვა დიაგნოზი და დაიწყო მკურნალობა, შესაბამისი ჩანაწერი ავადმყოფობის ისტორიაში უნდა არსებობდეს, ამ ტიპის გართულებების ამსახველი დიაგნოზების კოდები უნდა იყოს გამოტანილი დღიურებში და მას თან უნდა ახლდეს მკურნალობის გეგმა. აქვე შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო ისტორია სასამართლო ექსპერტიზის ფარგლებში შესწავლილია და მსგავსი ჩანაწერი რომ არსებულიყო აუცილებლად გამჟღავნდებოდა. თუ დიაგნოზი ვერ დაისვა ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა გაუთავებელი კვლევების საფუძველზე ეს სამედიცინო ჯგუფის უცოდინრობაზე მიუთითებს და იურიდიული პასუხისმგებლობის მომენტში ცოდნის დეფიციტი ალიბი ვერ იქნება. თუ დიაგნოზი დაისვა და მასზე რეაგირება არ მოხდა, ეს გულგრილობის ფაქტია და ესეც სამედიცინო პერსონალის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, კლინიკის ოფიციალური პოზიციის თანახმად, მათ დღემდე არ იციან კონკრეტულად რა დიაგნოზი იწვევს პაციენტის წონაში დრამატულ კლებას და ყოველდღიურ ცხელებას. თუ იციან და ოფიციალურ განცხადებად “დიაგნოზი დადგენილი არაა” -ს აცხადებენ, ესე იგი იტყუებიან. ტყუილი სამედიცინო პრაქტიკაში სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.
მოკლედ, ძვირფასო მოქალაქეებო, სანამ ათას პროპაგანდისტულ სისულელეს დაიჯერებთ, კითხვები დასვით. ფბზე უსაგნო კაკუნის ნაცვლად დაგუგლეთ კითხვები და ბევრ პასუხს იპოვით.
ყოფილი პრეზიდენტის მოვლაში ჩართულო ძვირფასო კოლეგებო, იქნებ როგორღაც დაარწმუნოთ ამ სულელური პროპაგანდის ავტორები, მთლად ასე ნუ გაგწირავენ. ეს ყველაფერი ბოლოს თქვენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამ პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას უკანა რიცხვებით ვეღარ გადაწერთ, ის უკვე შესწავლილია ექსპერტიზის ფარგლებში. ჰოდა, რასაც ბოლო დღეებში ავრცელებენ ამის დამადასტურებელი ჩანაწერები თქვენს ისტორიაში, რამდენადაც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდანაა ცნობილი, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ვერაფერი დაგიცავთ როცა ეს ქეისი პატიოსან სასამართლომდე მიაღწევს.
და კიდევ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა არსებობს პროფესიული სინდისი და თავმოყვარეობა. მე კი არ უნდა ვწერდე ახლა ამ პოსტს, კლინიკა ვივამედი უნდა ავრცელებდეს ოფიციალურ განმარტებას ყველა პროპაგანდისტული სიცრუის გასაფანტად, რათა თქვენი რეპუტაცია არ გაცამტვერდეს.
P.S. როგორი სიბინძურეებიც არ უნდა ავრცელონ თქვენმა ტროლ-ბოტურმა ფაბრიკებმა, სულ რომ ჰიტლერის ნათესაობა ან ასისტენტობა დამაბრალონ ამ სიმართლეს ხომ ვერ შეცვლით. ჩემს ხმას თუ ჩაახშობთ სხვები იტყვიან სიმართლეს. ძალიან ბევრი პატიოსანი, უსაზღვროდ განათლებული ექიმი აკვირდება ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევას და როგორც კი უკვე მოლაპარაკე მართალი ხმები ჩაიხშობა ისინი ალაპარაკდებიან.
და ბოლოს…
სანამ რამეს დაიჯერებთ თქვენივე მეხსიერებაში მოიძიეთ წარსული გამოცდილება და დასვით კითხვები. ნუ მისცემთ უფლებას პროპაგანდას რომ სულელ ბრბოდ გაქციონ, რომელსაც იმასაც კი დააჯერებენ, რომ ციხეში დაჭრილი ორგანოების ვედროთი გამოტანა და შავ ბაზარზე გაყიდვაა შესაძლებელი.
ცნობისათვის, ორგანოთა ტრანსპლანტაცია ძვირადღურებული ტექნოლოგიური პროცესია და ურთულეს ოპერაციებს მოიცავს, როგორც ტრანსპლანტის მოპოვება ასევე მისი გადანერგვა. ამ ორ ამბავს შორის კი ორგანოების სიცოცხლისუნარიანად შენახვის რთული პროცესია.”
კომენტარები