კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე საქართველო კვლავ მწვანე ზონის ქვეყანად რჩება და თუ მოსახლეობა ჯანდაცვის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაიცავს, კორონავირუსი მალე დამარცხდება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა.
„ეკონომიკის გათავისუფლებას მოყვა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება, საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური ნორმები და მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს. ისინი აღარ უდგებიან ისე სერიოზულად ამ საკითხს, როგორც პირველი ტალღის დროს.
მე როგორც მამა, როგორც ბაბუა და როგორც საქართველოს მოქალაქე და არა – ხელისუფალი, თავს ვალდებულად ვთვლი, დავიცვა ყველა ის ნორმა, რაც ვირუსისგან დაგვიცავს. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზეც ვიფიქროთ.
ჩვენი სახელმწიფო კორონავირუსის პირველ ტალღას გონივრულად და პროფესიონალურად შეხვდა, შევძელით იმდენი, რომ ინფიცირებულთა მასშტაბი არ გაზრდილიყო სავალალოდ, ჩავკეტეთ ქალაქები, რეგიონები, დავაწესეთ ე.წ კომენდატის საათი, ამ ყოველივეთი კი მაქსიმალურად შევბოჭეთ კორონავირუსის გავრცელების ალბათობა.
რაც შეეხება მეორე ტალღას გადამზადებული მედპერსონალითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით“
ბატონი ლადო, მართალს ამბობს, კი, შევხვდებით და არა შევხვდით, ამ ეტაპზე არც მედპერსონალის მომზადების გვეტყობა რამე და ინფრასტრუქტურაზე ხომ საუბარიც ზედმეტი, გამეორებით არ დავიღლებით, ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის!
ხოდა, დაგველოდება მეორე ტალღა, სანამ ჩვენ მედპერსონალს და ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ და მერე ჩვენ რომ მზად ვიქნები, მერე შევხვდებით, მერე რა რომ დღეს ინფიცირების 448 ახალი შემთხვევაა.
“ალია” შეგახსენებთ, ბატონი ლადო კახაძე, ჯერ იყო და მშიერ ბავშვებს ვერ პოულობდა ქვეყანაში და იძახდა, ტყუილია, საქართველოში არავის შიაო, ახლა კი საკუთარი ფოტო დაავიწყდა, როგორც ჩანს – ფოტო, სადაც მას პირბადე მოხსნილი აქვს და თეა წულუკიანს ხელზე კოცნის მარტშია გადაღებული და ეს ის დროა, როცა მკაცრი რეგულაციები და საგანგებო მდგომარეობა წესდება, მთავრობის წევრები, მედიკოსები და ჩინოვნიკები და მკაცრად მოგვიწოდებენ, გადავეჩვიოთ გადაკოცნას, ხელის ჩამორთმევასაც კი. ეს ის დღეა, როცა პარლამენტარებმა იდაყვებით და მუშტებით მისალმების კულტურა დანერგეს და ბატონ ლადოს, როგორც მამას, ბაბუას, საქართველოს მოქალაქეს და პარლამენტარს კი – ყველა რეგულაცია, ყველა აკრძალვა, ყველა თხოვნა “გამოეპარა” და ყურს მიღმა დარჩა!

კომენტარები