„ალიას“ ესაუბრება, ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, რომელმაც ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა, რომ „ოცნების“ საპარლამენტო სიის გამო, ის აღარ იქნება მმართველი გუნდის ამომრჩეველი და მეგობრებს, ახლობლებს, ბოდიშიც მოუხადა. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს და აზრი შეიცვალა თუ არა.
– „ოცნების“ პირველი ოცეული ვნახეთ, ალბათ უარესს ელოდით, მაგრამ, ამბობენ, ის „უარესი“ შემდეგ მოდისო…
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის მიუღებელი პირი, მეოცე იქნება, თუ ორმოცდამეათე? მათი სტატუსი პარლამენტში იქნება ერთი, ყველანი იქნებიან თანასწორნი, სიაში მეხუთე ვიყავი და ან მეთხუთმეტე, ამის მიხედვით პარლამენტში არ იყოფიან დეპუტატები. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება მივიღე პირველი ოცეულის შემდეგ – ზოგადად მთავარია, ვინ იქნებიან ეს ადამიანები მთლიანობაში და ვის უნდა მივცეთ ხმა. მსოფლიო ისეთ გადამწყვეტ მომენტში შესული, იმის მიხედვით, ვინ ახლობელია, ვინ შორეული, ვის როგორი თვალის ფერი აქვს და ვის როგორი ფეხები, მაგით ვერ გავაკეთებთ არჩევანს. მსოფლიოში დაანონსდა ბრძოლა სიკეთეს და ბოროტებას შორის, ღირებულებებს, ტრადიციებს და უღირსობას შორის, ეს არის ბრძოლა კონსერვატორებსა და ნეოლიბერალებს შორის, ეს არის ამერიკაში, ევროპაში და საქართველოშიც. უბრალოდ, საქართველოში უცნაური რამ ხდება, არავინ ამის შესახებ ხმას არ იღებს და გვიწევს არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ არ ვიცით, რას უჭერენ მხარს ესა თუ ის პოლიტიკური ძალები. „ქართული ოცნების“ განცხადებებს თუ მოუსმენთ, ამერიკა მათი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია, მაგრამ რომელი ამერიკა, ამას არ ამბობენ, არადა, ფაქტის წინაშე დავდექით, რომ თურმე, არსებობს ორი ამერიკა, ერთი – ნეოლიბერალური ღირებულებების და მეორე ამერიკა, რომლის სათავეშიც მოიაზრება პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც თქვა, რომ მისთვის და მისი ქვეყნისთვის მთავარი უნდა იყოს ღმერთი, სამშობლო და ოჯახი.
– ასევე არ ამბობენ, რა ფორმითაა ეს პარტნიორობა და მეგობრობა, საერთოდ არსებობს თუ არა?
– ჩემთვის ისიც ძალიან უცნაურია, რომ ამერიკის ელჩის პოზიციაც არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს თავის ქვეყანაში? შევედი ამერიკის საელჩოს გვერდზე და იქ მოქმედი პრეზიდენტის ერთადერთი ფოტოა, რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა ბელორუსში მიმდინარე თემებთან დაკავშირებით გამოიყენა საქართველოში მისთვის მინიჭებული ტრიბუნა და ბელორუსის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, ელჩი, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, რომელ მხარესაა, ბნელი ამერიკის, თუ ნათელი ამერიკის? ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ცხრა წელი ვიცხოვრეთ ქვეყანაში, რომლის სათავეში იყვნენ აგრესიული ლიბერალები, ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავიარეთ და ეს დავამხეთ. ამიტომ არის უცნაური, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს ვუჭერდი, დუმს! თქვეს, რომ მმართველი პარტია ინარჩუნებს დიპლომატიურ დუმილს. დიპლომატიური დუმილი არ არსებობს, ისინი დიპლომატიურად დადუმებულები არიან! როგორ შეიძლება დუმილი შეინარჩუნო და თან ამას დიპლომატია დაარქვა? ამერიკაში ღიად მიდის ომი. მსოფლიოში აღარ იქნება დემოკრატიით შენიღბული ორი პარტია და პოლიტიკური ჭუკჭუკი, იქნება ერთმმართველობა. მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ ორგანიზაცია „ჩვენ ვართ“, ქართველები ტრამპისთვის დამეგობრებულნი ვართ სოციალურ ქსელში თეთრი სახლის გვერდთან და ვდებთ ღიად ვიდეოებს, რომ იცოდნენ, ჩვენ ვართ ტრამპის მხარეს, რომელმაც ბევრი კარგი საქმე გააკეთა.
– ტრამპი არის ამერიკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ დავამხეთ ნაციონალური მოძრაობა, რა შეცვალა ან ტრამპმა მას შემდეგ, ან „ოცნებამ“? რა შეიცვალა რიგითი მოქალაქისთვის?
– რა უნდა შეცვლილიყო, როცა საერთაშორისო ურთიერთობები მმართველი პარტიის მხრიდან, ჰქონდა ჩაბარებული თამარ ჩუგოშვილს, რომლის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ მაკკეინის დაკრძალვაზე მიიწვიეს, მაკკეინს რომ ძაღლი მიაკვდა სულში, მაგ პროცესს საქართველოდან დაესწრო დავით ბაქრაძე და ჩუგოშვილი, რას ველოდებოდით? როგორც კახელი იტყოდა, მთელი ინგლისი და ამერიკა ინგლისურად ლაპარაკობს, მაგრამ გამაგებინეს რამეო?
– თქვენ „ალიასთან“ ინტერვიუში ჯერ კიდევ თვეების წინ თქვით, რომ თუ „ოცნება“ პარტიულ სიას არ გაახლებდა, არსებულ სიას ხმას არ მისცემდით. ბევრს უთქვამს ეს ფრაზა ინტერვიუში, მაგრამ თქვენ, როგორც ვხედავ, აასრულეთ კიდეც…
– ამ პოლიტიკურ ძალაში ვცემ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს პატივს, ერის წინაშე დამსახურებისთვის და გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკოსს და როგორც ადამიანს. გახარია არ აკეთებს პოლიტიკურ ლაფსუსებს. ის, რომ გახარია პირველი ნომერია სიაში, კარგია. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, თუ მეცოდინებოდა, რომ ის რჩება საკანონდებლო შტოში, ანუ, თუ ის იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. მე მეუბნებიან, რომ გახარია ისევ იქნება პრემიერი, მიხარია ძალიან, რომ მთავრობას სათავეში ჩაუდგება გიორგი გახარია, მაგრამ რა შუაშია პარლამენტის არჩევნებთან გიორგი გახარია? ის ხომ არ იქნება პარლამენტში? მე ხომ პარლამენტი უნდა ავირჩიო? გახარიას მერე ვინც მოდის, კობახიძე მაგალითად, ეს არის სრული ალოგიკურობა, პარლამენტის სიაში ნომერ მეორე არის ადამიანი, რომელმაც თავისი პოლიტიკური 4 წლიანი მოღვაწეობა ჩაატარა უამრავი პოლიტიკური შეცდომებით, გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, გამოაცხადა საპარლამენტო შედეგები და ხალხს ორჯერ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, ვერ ჩაატარა მოლაპარაკება ოპოზიციასთან ისე რომ ზარალი არ მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დამსახურებაა რომ საქართველოში დაფიქსირებულია 2 პოლიტპატიმრის არსებობა… მან დააანონსა, რომ აუცილებლად გაიტანდა პროპორციულ არჩევნებს და კენჭისყრა ჩაუვარდა და ეს ადამიანი არის სიაში მეორე ნომერი. მე რომ „ქართულ ოცნებას“ მივცე ხმა, ეს ნიშნავს, რომ ხმას ვაძლევ პოლიტიკურ შეცდომებს.
– ვის მისცემთ ხმას?
– „პატრიოტთა ალიანსს“, ირმას დიდ პატივს ვცემ, ჩემი მეგობარია, ვიცი, რომ არის ძალიან წესიერი და უყვარს თავისი სამშობლო. ღირებულებები, უფალი, სამშობლო და ოჯახი ამ პოლიტიკური ძალისთვის არის მნიშვნელოვანი და თუკი რამე ტკივილი მიუყენებიათ ირმასთვის, არის იმის გამო, რომ უყვარს პატრიარქი, უყვარს თავისი ქვეყანა და ამის გამო აშაყირებენ.
– რას ფიქრობთ, როგორ გადანაწილდება ხმები პარლამენტში?
– საერთოდ ვერ ვხედავ არჩევნებს. პანდემიის ასეთი გართულების ფონზე, როგორ უნდა ჩაატარო საარჩევნო კამპანია? პოლიტიკოსების და პარტიების მთავარია მიზანია, დაელაპარაკონ ადამიანებს, პირადად გაიცნონ და დაარწმუნო – ბილბორდებია მარტო საარჩევნო კამპანია? ვინ უფრო გაღიმებული და დაფოტოშოპებული ჩაგვიკრავს ბილბორდიდან თვალს? ისეთი ვიღაცები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არ დაელაპარაკებიან ხალხს, თუ ახალი კუთხით არ დაანახებენ თავს და ახალს არ დაპირდებიან, ყველა საშინელი წარსული აქვს.
– გგონიათ, რომ არჩევნები გადაიდება?
– მე უბრალოდ ვთვლი, რომ ყველაზე დიდი სისულელე რაც შეიძლება მოხდეს, ეს იქნება ამერიკის არჩევნებამდე საქართველოში არჩევნების ჩატარება. ეს იქნება ყველაზე დიდი სისულელე. თუმცა, მაგ მიზეზით ვერავინ გადადებს ოფიციალურად, ოქტომბრის ბოლო კვირაში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციური ნორმაა და არამგონია მაგაზე ვინმემ თავი შეიწუხოს.
– ასეც არ ვიტყოდი. სექტემბერში ბევრი ახალი შემთხვევა იმიტომ გვაქვს, რომ კარვები დაიდგა დიდ ქალაქებში და მეტი ადამიანი დაიტესტა, ივნისში რომ დაეწყოთ ტესტირება, ივნისში იქნებოდა ბევრი ახალი შემთხვევა. რატომ სექტემბერში? ეს დამთხვევაა?
– მე არც ის ვიცოდი, კარვები რომ დადგეს. მე ძალიან წესიერად ვიცავ ამ წესებს, მართალია დღეს ტაქსიში დამაჯარიმეს, არ გეკეთა პირბადეო, არადა, მეკეთა, უბრალოდ ჩანთაში რაღაცას ვეძებდი და თვალზე ამდიოდა, ამიტომ ცალ ყურზე მქონდა ჩამოკიდებული, 20 ლარით დამაჯარიმეს, მაგრამ მართლა წესიერად ვიცავ სულ წესს, სულ მიდევს ჩანთაში სპირტი. ვთვლი, რომ თუ ასეთი მძიმე პერიოდი გვაქვს, თუ პანდემიაა და კრიზისია და ქვეყანა საშველია, ამ სიტუაციაში არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია. თითო უბანზე იქნება 100 ადამიანზე მეტი, (კომისიის წევრები, დამკვირვებლები, ჟურნალისტები, დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები) დისტანცია ხომ უნდა იყოს? სულ ცოტა 200-210 კვ.მ. უნდა იყოს ოთახი, სადაც ჩატარდება არჩევნები, ხვდებით რამხელა ოთახია საჭირო, რომ წესიერად ჩაატარო? და უწესოდ თუ ჩაატარებ, რა გამოდის, ადამიანს ახრჩობ ტაქსიში, სადაც ფანჯრები ღიაა, კლავ წვრილ და საშუალო ბიზნესს და არჩევნების დროს იქცევი უწესოდ? გარეთ უზარმაზარი რიგი იქნება, პირბადით უნდა შევიდეს, სიცხე უნდა შეუმოწმონ, პირბადე უნდა მოიხსნას, რომ მისი იდენტურობა დაფიქსირდეს, მერე ისევ უნდა გაიკეთოს პირბადე… თუ ადამიანები მივიდნენ და იქნა აქტიური პროცესი, იქ იქნება რიგები, კივილი, წივილი, ვიღაცას არ ექნება პირბადე და ა. შ. მარკირების პროცესთან ერთად უნდა მოხდეს ახლა დეზინფიცირება, იქნება მერე შარი, ეს რა დამასხი, არ მქონდა, მაგიტომ ჩანს აპარატზე… მე არ ვიცი, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. პროცესი არჩევნების ჩატარების თუ ვინმემ იცის, მეც ვიცი კარგად და ძალიან წარმოუდგენელია, ამ არჩევნების ჩატარება ადამიანის უფლებების დაცვით. ძალიან ბევრი ამომრჩეველი, შიშის გამო არ მივა უბანზე.
– თქვენ მიხვალთ?
– არ ვიცი, გააჩნია რეგულაციებს. მე მაღაზიაში შესვლასაც ვერიდები ახლა. პირბადეს დიდხანს ვერ ვხმარობ. რამდენჯერმე შევდივარ, რომ 5 წუთზე მეტხანს გაჩერება არ მომიწიოს. არჩევნებზე კი საკმაოდ დიდხანს მოგვიწევს პირბადით ყოფნა და დისტანციის დაცვაც წარმოუდგენელია. მივა ადამიანი და გამობრუნდება უკან, მეორეჯერ მიმსვლელი იქ არავინაა. ძალიან დაბალი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა და მეტ ხმას ამჯერად ის მიიღებს, ვინც კარგად დაამუშავებს ამომრჩეველთა უბნებზე მიყვანის მექანიზმებს.
– და მაინც, როგორ პარლამენტს ელოდებით? კოალიციური მთავრობა იქნება?
– ეს ძალიან რთული თემაა. კანონის დონეზე, ისეა განსაზღვრული, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ არ დადგეს კოალიციის შექმნის საშიშროება. ჩემთვის ეს არის საშიშროება…
– თქვენ წერდით, რომ კოალიციური მთავრობა თუ შეიქმნება, ხალხი გარეთ გამოვა…
– ერთხელ წამომცდა, სამოქალაქო ომი იქნება-თქო და არ მიყვარს ეს სიტყვა – ომი, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იქნება, არავინ შეეგუება ნაციონალების რაღაცა ფორმით დაბრუნებას ხელისუფლებაში.
– ნაციონალები წავიდნენ ხელისუფლებიდან?
– ნაციონალების დაბრუნება არ ნიშნავს ბოკერიას პარლამენტის წევრობას, ეს ნიშნავს სააკაშვილის დაბრუნებას და ისეთი ბერკეტების დაბრუნებას, რომლითაც შეძლებენ ჩემი ქვეყნის კიდევ ერთხელ დაღუპვას. როდესაც გარკვეული ძალა მოდის ხელისუფლებაში, ის ვერ შეძლებს ღიად რაღაცების გაკეთებას, ქართული ოცნების გვერდით, უკან, ჩასაფრებაში ვართ ადამიანები, ვისაც რაღაცა გაგვიკეთებია და მოთხოვნა გვაქვს ერთი, არ მოხდეს „ნაციონალური მორაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ, უფრთხილდებიან და თუ რაღაცა არის, არის შენიღბული სახით და ნიღაბჩამოხსნილები რომ იქნებიან, ხვდებით მერე რა მოხდება? უნიღბო ნაცების დაბრუნება არ უნდა დავუშვათ.
– ივანიშვილის გუნდს ხმას აღარ აძლევთ, თუმცა, ამბობთ, რომ ივანიშვილს ისევ პატივს სცემთ, როგორ გამიჯნავთ?
– მე სამჯერ მოგეცით ინტერვიუ და ვამთავრებდი ერთი და იგივე სიტყვებით, პატივს ვცემ ივანიშვილს, ვუდგავარ გვერდში, მიუხედავად ამისა, ჩემთვის წარმოუდგენელია-თქო, ვამბობდი, ამ ხათრის გამო, მე მხარი დავუჭირო ირაკლი კობახიძის „ქართულ ოცნებას“. თავად მას პიროვნულად და მის დამსახურებას ვიცავდი და დავიცავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მივესალმო იმ მმართვე ძალას და პოლიტიკას, რომელსაც ეს ადამიანები ატარებენ, დაკავშირებულნი არიან მაკკეინთან, ბაიდენთან, სოროსთან და ენჯეოების თანხებთან. ჰქონდათ შანსი, ამ წლებში ბევრი რამ შეეცვალათ და ეს შანსი არ გამოიყენეს.
– ქართული ანდაზა, მითხარი შენი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო და არ იცის ივანიშვილმა? ვერ ხვდება? არ აინტერესებს?
-ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის ეს ყველაფერი და მას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმა, როგორ მოხდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარება. მე არ ვიცი მისი ხედვა, ამიტომ მე რაღაც მომენტში გამოვეცლები, დავდგები ცალკე და მივცემ ჩემთვის მისაღებ ძალას ხმას და როგორც იტყვიან, ა. ბურთი და ა, მოედანი. შეიძლება ვცდებოდე და ბოდიშიც მქონდეს მოსახდელი.
– თქვენ ახლა მოუბოდიშეთ მეგობრებს, ახლობლებს… რთული იყო ბოდიშის თქმა?
– ბოდიშის თქმა რთული არ იყო, ჩემთვის იყო რთული, მე რომ გამეაზრებია ეს, რომ დავრწმუნდი, რომ ბოდიშია მოსახდელი, ეს ძალიან მძიმეა შინაგანად. ვინც მე მიცნობს, იციან, უკან დახევა, ბრძოლაში ვიღაცის მიტოვება ღალატის ტოლფასია და არ მახასიათებს. რომ ვიცოდე, რომ მოვკვდები, ფიზიკურად გავნადგურდები, მეგობრებს მარტო არ ვტოვებ. რთულია, როცა ხვდები, რომ გიწევს რაღაცებზე გადაბიჯება.
თამო კეშელავა, ალია №33
კომენტარები