ვაგრძელებთ ინტერვიუებს ქართველ მწერლებთან, პოეტებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან. „ალიას“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს პატრიარქის მიერ წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოებული ცნობილი პოეტი მზია ხეთაგური, რომელიც, ბევრი მწერლისგან განსხვავებით, ხოტბას არ ასხამს ბიძინა ივანიშვილის „გასაოცარი დემოკრატიის მმართველობას“, რადგან თვლის, რომ მას მეტი შეუძლია გაუკეთოს საქართველოს და ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიაში საზოგადო მოღვაწედ დარჩეს და არა იმად, რომელსაც წლების შემდეგ მომავალი თაობები, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, ისე დაივიწყებენ.
-ქალბატონო მზია, თქვენ ცხინვალში დაიბადეთ და გაიზარდეთ. თუ აღიარებთ ცხინვალს, როგორც „სამხრეთ ოსეთს“?
-ცხინვალი საქართველოა. ჩემი ფესვები არის საქართველოში, კერძოდ, ცხინვალში, სამაჩაბლოში. მე არასდროს ვაღიარებ, რომ ცხინვალი არის სამხრეთ ოსეთი, რადგან ის საუკუნეების მანძილზე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ რუსეთის პროვოკაციული მიზნების გამო ცხინვალში და მის შემოგარენში დაასახლეს ოსები, რათა ილუზია შექმნილიყო, რომ იქაურობა არის ოსეთი. ქართველებს და ოსებს ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს, რომ ცხინვალი არის ისტორიული ოსეთი. 1956 წელს მაშინდელ ლენინგრადში გამოცემულ წიგნში, რომელიც ოსების ისტორიას ეხებოდა, არის ასეთი ფრაზა: „ჩემთვის ე.წ. ჩრდილო ოსეთიდან, სინამდვილეში ნამდვილი ოსეთიდან მოყოლებული, თითქოს და მთელი ტერიტორია მცხეთამდე არის ისტორიული ოსეთი“. თუ ასეთი ფსიქოლოგიით გაზარდეს ოსი ბავშვები, ეს ძალიან ცუდი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სამაჩაბლოში ყველაზე მაღალი წარმომავლობის გვარის ადამიანები ცხოვრობდნენ. ესენი იყვნენ: მაჩაბლები, ფალავანდიშვილები, ფავლენიშვილები, ამილახვრები, ციციშვილები, კეცხოველები და ა.შ. ბებიაჩემი მაჩაბელი იყო. ბებიაჩემის ბებია იყო ფალავანდიშვილი. კიდევ მეორე ბებია – ამილახვარი. დედაჩემი გვარად თედიაშვილი იყო, რომელიც ოლქის მთავარ პედიატრად მუშაობდა. მამაჩემი ცნობილი მოცეკვავე გახლდათ. მას სუხიშვილებიც აღიარებდნენ. ჩემი გვარი ოსურია და მე ოსად ვითვლები. და საერთოდ, მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს. მომბეზრდა ერთი და იმავეს მტკიცება, რომ სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და გული მტკივა, პარლამენტარები, ჟურნალისტები მას სამხრეთ ოსეთად რომ მოიხსენიებენ. თუ ეს სამხრეთ ოსეთია, მაშინ რას ვერჩით ოსებს, რომლებიც იმავეს ამტკიცებენ და რუსების ზეგავლენით არწმუნებენ მსოფლიოს, რომ ეს საქართველო კი არა, ოსეთია. ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს არასწორი გამოთქმით და მერე გვიკვირს ეს უაზრო მავთულხლართები, რომლებიც თანდათან წინ მოიწევს და, როგორც უკვე ჩემს მიერ ნახსენებ წიგნში წერია, ბოლოს მცხეთამდე აღიარებენ და მსოფლიოს გააგებინებენ, რომ ეს არის ოსეთი. რაღა დაგვრჩა? თბილისი? ახალქალაქს, დავით გარეჯსა და აფხაზეთსაც გვედავებიან, რომ ეს საქართველო არ არის და, თუ გავიხსენებთ ისტორიას, რომ თბილისში ძირითადი შენობა-ნაგებობები სომხებსა და გერმანელებს ეკუთვნის, ასეთ შემთხვევაში, ორივე ერი თუ სინდისზე ხელს აიღებს, თბილისსაც საქართველოდ არ აღიარებს. დავფიქრდეთ გამოთქმებზე, იმაზე, თუ რა გველის. დავფიქრდეთ იმაზეც, რომ კავკასია ყველაზე დიდი ნათესავური ხაზია ქართველებისთვის, ის, რომ საქართველო კავკასიის ხერხემალია და ამ ხერხემლის გატეხვას ცდილობს იმპერიული რუსეთი საქართველოში მცხოვრები მცირე ერების საშუალებით, რათა დაიპყროს მთელი კავკასია. რაღა შორს წავიდეთ, ნამდვილ ოსეთს (ე.წ. ჩრდილო ოსეთს) ისტორიული სახელი ჰქვია – ძაუ-ჯიკუ, რომელსაც შემდეგ რუსებმა ვლადიკავკაზი დაარქვეს. მოგვიანებით, ბოლშევიზმის დროს, მას ორჯონიკიძე ეწოდა. წლების წინ, როდესაც ორჯონიკიძე გადაარქვეს, მის ნაცვლად ოსებს ისტორიული სახელი ძაუ-ჯიკუ უნდა აღედგინათ, მაგრამ კვლავ რუსეთის გავლენით, დედაქალაქს ვლადიკავკაზი ეწოდა. რუსულად ვლადიკავკაზი ნიშნავს „დაიპყარი კავკასია“. მაშასადამე, ოსები თანახმა არიან, იყვნენ დაპყრობილები. მე ოსიც ვარ და ქართველიც. ამიტომ არც ჩემი ნამდვილი ოსეთის და არც ჩემი ნამდვილი საქართველოს არასწორად მოხსენიების უფლებას არავის მივცემ, თუნდაც ამას შევესწრო. ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ მაშინ, როცა ოსურ-ქართულ ურთიერთობებზეა მსჯელობა, არადა, მე ვარ ქართველი მწერალი. ჩემი მშობლიური ენა არის ქართული. უცხოეთშიც არის დადგმული ჩემი პიესები. თარგმნეს ჩემი ლექსები. 30-მდე წიგნი მაქვს გამოცემული. მქონია შემოქმედებითი წარმატებები და, რა თქმა უნდა, მე არ მომწყინდება ოსურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარი, მაგრამ არის კიდევ სხვა თემები, რომლებზეც შემიძლია ვისაუბრო გაცილებით საინტერესოდ, ვიდრე ქართველ პოლიტიკოსებს და მოაზროვნეებს შეუძლიათ.
-ქალბატონო მზია, ოსებსა და ქართველებს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების დროს, ოსების მხრიდან თქვენს მიმართ ხომ არ იყო რაიმე შემოთავაზება?
-მე შემეძლო, მთელი სიბერე უზრუნველად მეცხოვრა და უფრო ჯანმრთელიც ვყოფილიყავი, ჩემი პოზიციები რომ დამეთმო. თუმცა მე მხოლოდ პატრიარქმა დამინახა და შემაფასა, როგორიც ვარ. სამდურავი არასდროს წამომცდენია ჩემი ცხოვრების გამო. საქართველოს მოსახლეობა გაჭირვებაშია და მეც საქართველოს ნაწილი ვარ.
-ქალბატონო მზია, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც თქვენი პირველი ლექსი შეამჩნია?
-12 წლის რომ ვიყავი, გიორგი ლეონიძეს ცხინვალში მოუწყეს 60 წლის იუბილე, რომელიც ცხინვალის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. მე იქ რამდენიმე ლექსი წავიკითხე. გიორგი ლეონიძემ მომკიდა ხელი, გამიყვანა ავანსცენაზე და ხალხს მიმართა: ცხინვალელებო, თუ ეს პატარა გოგო ნამდვილად თვითონ წერს ამ ლექსებს და არავინ ეხმარება, მაშინ იცოდეთ, რომ ძალიან დიდი პოეტი გეზრდებათ, ხოლო თუ ვინმე ეხმარება, ფეხზე წამოდგეს, რადგან ისიც დიდი პოეტიაო. ხალხმა ბევრი იცინა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ არავინ მეხმარებოდა. ბანკეტზე გიორგი ლეონიძე ჩემს გარეშე არ წასულა და მთელი საღამო 12 წლის გოგომ მის გვერდით მუთაქაზე შესკუპულმა გავატარე. მეორე დღეს ადგილობრივი გაზეთი „საბჭოთა ოსეთი“ წერდა ამის შესახებ, რომ მე და გოგლა ერთად ვიყავით გაჭიმულები სურათზე. ჩემი მშობლები ამბიციურები არ იყვნენ და ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად ჩათვალეს. არასოდეს უცდიათ ჩემი გაპიარება. ასევე დიდი შეფასება მომცა იოსებ გრიშაშვილმა. მოგვიანებით, როდესაც წყნეთში ვიმყოფებოდი სტუმრად, იქ მყოფმა გალაკტიონ ტაბიძემ თქვა: „რაც ამ ბავშვმა გააკეთა, ეს არის ლექსი“. კიდევ მოგვიანებით რეზო ლაღიძეს მოუწყვეს შეხვედრა ცხინვალში, სადაც მე დავუკარი რამდენიმე ნაწარმოები და, მათ შორის, ჩემი საკუთარი ნაწარმოები „კანტანტა“. რევაზ ლაღიძემ თქვა: ეს გოგო უნდა სწავლობდეს ნიჭიერთა ათწლედშიო. ასე მოვხვდი ნიჭიერთა ათწლედში. ჩემი თანაკლასელი იყო ლიანა ისაკაძე, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. მართალია, საზოგადოებაში თამამი ვჩანვარ, ამ დროს ზედმეტად მოკრძალებული ვარ. არასდროს მისარგებლია დახმარებით. მე ვიზიარებ უდიდესი რეჟისორის კონსტანტინე სტანისლავსკის სიტყვებს: „მე მიყვარს ჩემს თავში ლიტერატურა და არა ლიტერატურაში ჩემი თავი“.
-ქალბატონო მზია, ბოლო 30-მა წელმა დაამტკიცა, რომ იმ სოციალურმა სტრუქტურამ, ეკონომიკურმა სისტემამ, პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა, რაც დამკვიდრდა ძალითა და მოტყუებით, ყველაფერი ქართული ჩაკლა, და ყველაზე მთავარი, თუ 1989 წელს საქართველოში 5 მილიონი ქართველი იყო, დღეს საქართველოში ქართველი 3 მილიონამდეა. ასეთი ტემპით თუ შემცირდა ქართველობა, მწერალმა ვისთვის უნდა დაწეროს?
-თქვენს კითხვას ჩემი ლექსის სტრიქონებით მინდა ვუპასუხო:
„გაქრა ის, რაც იყო, ქრება ის, რაც არის,
სულს უჭირს ეჭვების ზიდვა…
მკითხველი არ არის, არ არის, არ არის!
მწერალი? – რამდენიც გინდა!“
-ქალბატონო მზია, ასეთ მცირეეროვან ქვეყანაში ამდენი რაოდენობის მწერალი და პოეტი მწერალთა კავშირის წევრობას იმსახურებს თუ ხელოვნურად ზრდიან მათ რიცხვს?
-ვინც თავი გამოიჩინა, როგორც მწერალმა, ის უნდა მიეღოთ მწერალთა კავშირის წევრად და არა ასე, ჯგროდ რომ მიიღეს. ეს რაოდენობა გაზრდილია ხელოვნურად ერთადერთი მიზნით, რათა ე.წ. ასეთმა მწერლებმა ქრონიკულად ხმა მისცენ იმ რამდენიმე კაცს, რომლებმაც ის მწერალი გახადეს. აქედან იბადება ეჭვი, რომ აქ არის როგორც მატერიალური, ისე თანამდებობრივი კორუფცია. ამაზე წლების მანძილზე წერდა ცოტა უხეშად თამაზ წივწივაძე. მაგრამ ეს უხეშობა ძალიან ახლოს იყო სიმართლესთან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არ ეწყობა ლიტერატურული განხილვები, არ არის ლიტერატურული კრიტიკა. მწერალთა კავშირში განხილვის ნაცვლად პირდაპირ წიგნების პრეზენტაციები ეწყობა და არანაირი პროფესიონალური მუშაობა არ მიმდინარეობს. მწერალთა კავშირის წევრის დონეს არავინ განიხილავს და ხშირად ისინი არიან წერის მოყვარულები და არა მწერლები.
-თქვენ თუ ბრძანდებოდით ზუგდიდში 15 აგვისტოს, სადაც გაიმართა ფესტივალი და ამ პროექტის მხარდასაჭერად დედაქალაქიდან ჩასულ მწერლებს ზუგდიდელებთან ერთად აფხაზეთის მთავრობამ უმასპინძლა?
-ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონია. თუმცა, როგორც გადმომცეს, ისეთი სისულელეები ყოფილა, ასეთ ღონისძიებებზე თანხის გაღება არასწორად მიმაჩნია. ისიც მითხრეს, რომ ბევრი ისეთი მწერალი ყოფილა მიწვეული, რომლებსაც ნამდვილ მწერლობასთან საერთო არაფერი აქვთ. ჩემი აზრია, ღირებულ ღონისძიებებზე გაიღონ თანხები და არა ასეთზე. სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და ის ნამდვილად იმსახურებს გაცილებით მაღალი დონის პიროვნებებთან შეხვედრას.
-ქალბატონო მზია, მწერალთა კავშირს ქვიშხეთში ჰქონდა ისტორიული დასასვენებელი სახლი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ, იმ სახლიდან წაიყვანა ე.წ. კაგებემ მიხეილ ჯავახიშვილი სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. იმ დასასვენებელ სახლში თითქმის ყველა ჩვენი სახელოვანი მწერალი, პოეტი და ხელოვანი ისვენებდა ოჯახებთან ერთად, თუნდაც ვერიკო ანჯაფარიძის სახელი რად ღირს, როცა იგი, თურმე, ერთ-ერთი კოტეჯიდან ნაღვლიანად გასცქეროდა საყდარს, სადაც მან და შალვა ამირეჯიბმა ჯვარი დაიწერეს. ამირეჯიბი მალე გადაასახლეს. იქაურობა და ეს სახლიც გავერანებულია და მწერლის ხმა არ ისმის. როგორც ამბობენ, ბევრი იბრძოლეს რევაზ კვერენჩხილაძემ, შარლოტა კვანტალიანმა და თქვენც, მაგრამ უშედეგოდ. მწერალთა კავშირის მდიდარ წევრებს საკუთარი აგარაკები აქვთ მთასა და ზღვისპირეთში და არ იბრძვიან ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელი სახლისთვის? დიმიტრი ყიფიანის სახლის ქვედა ტერიტორიის ნაწილში განთავსებულია ფეშენებელური სასტუმრო, რომლის სახელწოდებაა „მწერლები“ და სადაც ერთი დღე-ღამე 120 დოლარი ღირს. საინტერესოა, ბიზნესმენს ვინ მიყიდა ეს ისტორიული ადგილი, მწერალთა კავშირმა თუ ქონების მართვამ?
-არ ვიცი, სამწუხაროა, იქ რაც ხდება. ჯაყო მხოლოდ ოსური ბუნების მოვლენა არ იყო. ქართველი ჯაყოების რიცხვიც ერთობ დიდია დღევანდელ საქართველოში! ამ თემასაც ჩემი ლექსით ვუპასუხებ:
„… ჯაყოს მზაკვრობამ ამოავსო სული ნაფაზით,
ჯაყოს ბნელ ზრახვებს სულ სხვა ჯურის სახეც მალავდა…
რას დაგვაკლებდა ოსი, რუსი, ანდა აფხაზი,
ქართველ ჯაყოებს ქართველებისთვის რომ არ ეღალატათ!“
-ქალბატონო მზია, ვანო მაჩაბლის მუზეუმიც განადგურდა, თურმე, რა იცით ამის შესახებ, სად წავიდა ექსპონატები?
-ვანო მაჩაბლის სახლი გადაკეთებული იყო მუზეუმად. როცა ეს უბედურება დატრიალდა, ამ მუზეუმს ყურადღება არავინ მიაქცია და გაიძარცვა. ამბობენ, საწყობებად გამოიყენესო. ფაქტიურად, სახლი არსებობს, მაგრამ ექსპონატები თითქმის არ არის. როგორც მითხრეს, იქაურმა მაცხოვებელმა ინტელიგენტმა გადამალა, რომ თუ აღდგა ეს სახლი, დაუბრუნოს. იქ არავინ ცხოვრობს. ერგნეთშიც ჰქონდა ვანო მაჩაბელს პატარა სახლი. იმაზეც ამბობენ, დანგრეულია, ერგნეთი საქართველოს ნაწილია და იქაურ ინტელიგენციას სურვილი აქვს, აღდგეს ეს სახლი. იქ ერთი პატრიოტი კაცი, განათლებული ადამიანი, ანზორ ჩლაიძე ცხოვრობს და ისტორიკოსი, გვარად სიბაშვილი. ისინი ცდილობენ, როგორმე აღდგეს ვანო მაჩაბლის სახლი, მაგრამ ამას ხომ თანხები სჭირდება. ვანო მაჩაბელი მთელი ბავშვობა იმ სახლში ცხოვრობდა.
-ქალბატონო მზია, როგორ შეაფასებთ ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ვითარებას? ქვეყანა არ ვითარდება. ხალხი სიღატაკეშია. ხელისუფლების შეცვლაზე ყოველი მეორე ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ბევრისგან იმასაც გაიგონებთ, აბა, ვინ, ყველა ერთმანეთზე უარესები არიანო. თქვენ რას იტყვით?
-შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხელისუფლების შეცვლითაც არაფერი შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვა ოთხი ისეთი თავგანწირული ადამიანი, როგორებიც იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, თევდორე მღვდელი, მიხეილ თამარაშვილი და ა.შ. სულ რამდენიმე ასეთი ადამიანის თავგანწირვა ნიშნავს მთელი ხელისუფლების ისეთ კადრებად დაკომპლექტებას, რომლებიც ქვეყანას ააყვავებენ და ხალხიც ამოისუნთქავს, დაპყრობილ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაპირებულ არაშენებულ ფაბრიკა-ქარხნებსაც ავაშენებთ, საქართველოში მცხოვრები მცირე ერების სიყვარულსაც მოვიპოვებთ და, როგორც ამბობენ ხოლმე ყასიდად, საქართველო მართლა გაბრწყინდება!
ნანა სულავა, ალია №30
კომენტარები