ამ დღეებში გერმანიამ საქართველოს ხელისუფლებას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა გადმოსცა. ჰოდა, ნათელაშვილმა, არც აცია, არც აცხელა და დავით ჭაკუაც პოლიტპატიმრად გამოაცხადა. შენი ცოდვა მიეცეს, შალიკო, იმას, ვინც პოლიტიკისის სახელი აგკიდა. რა პასუხს გასცემ შენს „ამომრჩეველს“, ან მამაზეციერს? იქნებ, დაგავიწყდა, 2013 წლის 18 აპრილს „ალიასთან“ მიცემულ ინტერვიუში ბაჩო ახალაიას დაჭერასთან დაკავშირებით რომ განაცხადე, ეს „ნაცმოძრაობის“ ლოგიკური განაჩენიაო. ახალაიას პირველი მოადგილე და ახლა მისი მარჯვენა ხელი დავით ჭაკუა პოლიტპატიმარია? რამდენი გადაგიხადეს, ეს რომ გეთქვა?! ყველა შენნაირი ქვეყნის გამყიდველი პოლიტიკოსი და მიშას ჯალათები რეზინის ხელკეტებით, დუბინკებით, ელექტროშოკერებით, შუბლში ავტომატმიბჯენილი რომ გაგიყვანონ მიწისქვეშა ჯურღმულებით პოლიტიკურ მოუსავლეთში, როგორც დავით ჭაკუას ძალისხმევით 2009 წლის 19 აპრილს, აღდგომა ღამეს, მატროსოვის ქალთა ციხიდან ხელბორკილებით გაიყვანეს ექვსასამდე პატიმარი ქალი, ფაშისტ სააკაშვილის პირდაპირი მითითებით და ციხეების მაშინდელი მინისტრის – დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, მერე რას იტყოდით?. დიახ, ეს ბარბაროსული დავალება შეასრულა დავით ჭაკუამ და ეს ჯალათი არის პოლიტპატიმარი? ფუი, შენს პოლიტიკოსობას, შალვა ნათელაშვილო! ამოიღეთ სატელევიზიო არხებმა ეს შოკისმომგვრელი კადრები და აჩვენეთ მთელ ქვეყანას, მიშას ჯალათები, დავით ჭაკუას მეთაურობით, როგორ მიერეკებოდნენ პატიმარ ქალებს ჯანდაბისკენ, როგორც ესესელები – „გაზის კამერებისკენ“ ტყვეებს. იქნებ, დღევანდელ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს დაგავიწყდათ, დღე-ღამის გასაყარზე, აძუძგულები რომ იდექით მატროსოვის ალაყაფის კარებთან, რომ ქალთა პროტესტისგან პოლიტიკური ქულები მიგეღოთ, მაგრამ პატიმარი ქალების ჯვარცმის შემდეგ იქიდან ისე გაიძურწეთ, რომ არც გიკითხავთ მათი ბედი. არ დამავწყდება არასდროს, ერთადერთი პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია იყო, რომელმაც გადასახლებული ქალები მოინახულა. თქვე გამყიდველო პოლიტიკანებო, იმის შეფასებაც კი არ გაგიკეთებიათ, ჭაკუებმა, კოდუებმა, ქარდავებმა, მატროსოვიდან ცემა-ცემით რომ გაიყვანეს პატიმარი ქალები და მერე რა მოხდა მატროსოვის ციხეში, სააკაშვილის ციხის უფროსმა, მედიკო ალანიამ და მთელმა ციხის ადმინისტრაციამ ცეცხლს რომ მისცეს მატროსოვის ციხე, რათა ციხის მოხელეებისა და დეპარტამენტის მიერ შეჭმული 12 მილიონი ჩამოეწერათ და ზარალი პატიმრებისთვის დაებრალებინათ. ბურუსით მოცული ქალთა ბუნტის საქმე, რომელიც, როგორც ბევრი რეზონანსული საქმე, მთავარი პროკურატურის თაროზე დევს დაგმანული. „ოცნება“, შე უდღეურო, ამოიღე ქალთა ბუნტის საქმიდან ოქროს მოწმის, პატიმრად ქცეული ჟურნალისტის ნანა სულავას, ანუ ჩემი ჩვენება, რომელიც მე მივეცი ადეიშვილის პროკურატურის გამომძიებელს გილიგაშვილს და მიშას სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოადგილეს გიორგი ჩხეიძეს, სადაც თეთრზე შავით წერია: „ჩემი ჩვენება? – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც გასცა ბრძანება, პატიმარი ქალები სამაგალითოდ დასაჯეთო, ჩემი ჩვენება? – ციხეების ყოფილი მინისტრი დავით შაშკინია, რომელმაც ეს ბრძანება შეასრულა და სპეცნაზი შეიყვანა მატროსოვის ციხეში. ჩემი ჩვენება? – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუაა, რომელმაც ამ ჯალათების დავალება შეასრულა. ჩემი ჩვენება? – ქალთა კოლონიის დირექტორი მედიკო ალანიაა, რომელმაც ქალთა ბუნტი დაგეგმა“.
სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას, როდესაც ნაწამებ ქალებს საკანში შემოგვივარდნენ მიშას ჯალათები, არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, იმ ჯალათებიდან ერთ-ერთი იყო დავით ჭაკუა, რომელმაც ჩემი მოთხოვნა უსიტყვოდ შეასრულა, როდესაც მისმა გენერალმა ჭარბაძემ ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და მე მივუთითე, რომ ჩამოეღო მაგიდიდან. ჭაკუამ მას ფეხები მაგიდიდან ჩამოაღებინა და ყველა ზონდერი კამერიდან გაიყვანა. ახლა ყველაფერი გინდათ, დავით ჭაკუას შეახოცოთ ხელზე, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ციხეების მაშინდელმა უფროსმა დიმიტრი შაშკინმა და სახელმწიფოს სხვა პირველმა პირებმა ჩაიდინეს? რატომ არ იჭერთ იმათ, ვინც ჭაკუებს, ახალაიებს უკანონოდ უგზავნიდა ასეულ ათასობით ადამიანს ციხეებში? სააკაშვილები, მერაბიშვილები, ბოკერიები, ოქრუაშვილები, კეზერაშვილები, ადეიშვილები, ბარამიძეები არ იჭერდნენ იმ ხალხს? 2007 წლის პირველი ქალთა ბუნტის დროს, როდესაც ეთერში ციხის უფროსმა მედიკო ალანიამ განაცხადა, რომ ქალთა ციხეში კარგი პირობებია, 8 დუში გვაქვსო და ამ დროს, ნამდვილი „ვირის აბანო“ გვქონდა მაშინ. ეს როცა მოუსმენიათ პატიმრებს, გამოვარდნილან საკნებიდან, ყველა ფანჯარა და კარი ჩაუმტვრევიათ, პასუხს სთხოვდნენ ამ სიცრუის გამო, მაშინ ნამდვილი ბუნტი ყოფილა. ორ საათში შემოსულა ციხეების მინისტრი ბაჩო ახალაია და როცა სპეცნაზის შემოყვანაზე ყოფილა მთავრობიდან ლაპარაკი, უკრაინელი პატიმრის ლენა კრავჩენკოს ნათქვამ სიტყვებს მოვიყვან: „ტოლკა ჩერეზ მოი ტრუპ – სკაზალ ახალაია“. ლენა კრავჩენკო ცოცხალია. ქუთაისში ცხოვრობს, ერთ-ერთი ცნობილი ებრაელი ექიმის ოჯახის რძალია. ეს არის სრული სიმართლე. ბაჩო ახალაია მაშინ სპეცნაზის შემოყვანის წინააღმდეგი იყო და თვითონ დააწყნარა გავეშებული ქალები. დიმიტრი შაშკინი კი ისე შემოვიდა ქალთა ციხეში, როგორც რუსის ჯარი აფხაზეთსა და ცხინვალში. ახლა ახალაია და ჭაკუა არიან განტევების ვაცები და ყველა სიბინძურის იდეოლოგი – ბოკერია, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა, გვერდით გყავთ! ისე გარდაიცვალა მოლაშვილი, რომ ბოკერია მაწამებდაო, ბოლომდე იძახდა. ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი, უშიშროების ოფიცერი ლევან ჩხიკვაძე, გიორგი ბარამიძემ დაიბარა თავის ოფისში, თვითონ არ დახვდა და გადაცმულ ჯალათებს ისე აცემინა კაცი, რომ ცოცხალ-მკვდარი შეაგდეს ციხეში. ამაზე „ალია“ რამდენს წერდა…
მე ჭაკუას და ახალაიას ადვოკატი არ ვარ. მათ თავიანთი ცოდვაც ეყოფათ, მაგრამ ახლა გია ბარამიძე, გიგა ბოკერია, ერთი არხიდან მეორეში ხელებს რომ გვიქნევენ და არჩევნების გზით ისევ მოსვლას აპირებენ, როგორი სანახავია? თუმცა რა, თუ ახლა პარლამენტში 27 „ნაცია“, მომავალი არჩევნების შემდეგ ორით ნაკლები შევა თუ ორით მეტი, ამას არსებითი მნიშვნელობა ექნება ქვეყნისთვის? ამით რა შეიცვლება, სისტემა ხომ შენარჩუნებულია, ის სისტემა, რაც იყო სააკაშვილის დროს. ნიკა გვარამია არ იყო პროკურორი, ის არ იჭერდა ხალხს, დაჭერობანას რომ ეთამაშებით და ახალი თაობის „ტელევიზიონშიკები“ რომ შექმენით, აქეთ გვარამია, იქით – კეზერა, ჭუტა. იქნებ, ვინმეს დაავიწყდა, შევარდნაძის ტირანიის დროს ჭუტა წერეთელმა არაბ ინვესტორს 12 მილიონი რომ აახია. როცა ინვესტორი ჩამოვიდა საქართველოში და მივიდა თავის საწარმოში, ჭუტამ არ შეუშვა. ინვესტორი იხვეწებოდა, ჩემი ფული მაინც დამიბრუნეთო. მას ისეთი საბუთები შეუკერა შევარდნაძის კლანმა, ინვესტორი გააძევეს ქვეყნიდან. ამაში მაშინდელი შს მინისტრი კახა თარგამაძე მონაწილეობდა. ამაზე ბევრი იწერებოდა… ტირან შევარდნაძის კლანიც დღეს დაუსჯელია. იმდენი ქნა „ოცნებამ“, მკვლელი ჟორიკა რურუა პოლიტპატიმარი გახადა. ეს იყო ჩვენი ოცნება? ჩემი ზონდერი მოსამართლე, რეზო ნადოი, რომელიც კონვეირივით ყრიდა ხალხს ციხეებში, მთავარ პროკურატურაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დანიშნა „ოცნებამ“. ჩემი ზედამხედველი პროკურორი, ადეიშვილის პირველი მოადგილე კახა კობერიძე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეა. მე კი ამდენი წელია, სამართალს ვეძებ მთავარ პროკურატურაში. რამდენიმე დღის წინ, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერ გახარიას სახელზე დავწერე წერილი და მივიტანე კანცელარიაში, თუმცა იქ, მოქალაქეთა განცხადებების მიღების განყოფილება საერთოდ გაუქმებული დამხვდა. გახარიას თანაშემწე ქალბატონმა მიპასუხა, ყუთში ჩააგდეთ, პანდემიაა და არ მუშაობს შესაბამისი სამსახურებიო. როგორღაც შევძელი, რომ ჩემი წერილი ვინმე ლევანისთვის გადამეცა, რომელმაც აიტანა ზევით სართულზე და რეგისტრაციაში გაატარა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოქალაქეთა წერილები, არ აღწევს ადრესატამდე. ყველაფერზე მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ, პანდემიააო. არადა, ჩემს მეტი ნიღბით არავინ იყო, იქ მომუშავე თანამშრომლებიდან, არც დაცვა, არც უსაფრთხოება… იქეთ კიდე მე შემრცხვა და წამოვედი, ვფიქრობდი, გვეშველება კი საერთოდ?
ნანა სულავა, „ალია“ #24
კომენტარები