„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:
„მე ვაფრთხილებდი ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ ჩართულობას და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას სათავისოდ გამოიყენებდა, რეალურად არაფერს შეასრულებდა და მხოლოდ შეეცდებოდა, რომ საკუთარი იმიჯი გამოესწორებინა. სწორედ ასე მოხდა – დღეს გვითხრეს, რომ თურმე არჩევნები არ გაყალბებულა, არც ოქმები შეცვლილა, ყველაფერი თურმე იდეალურად იყო არჩევნებზეც და ყველაფერში ხელისუფლებამ დაადანაშაულა ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ტერმინებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესრულებულ დოკუმენტს ანულირებული არასდროს ჰქვია. ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს დოკუმენტი არ შეუსრულებია, მართლა ანულირება მოახდინა ამ ხელშეკრულების და თქვა, რომ თუ ხასიათზე იქნება, შეიძლება 53%-ის შემთხვევაში დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნების ნაცვლად, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. რეალური ოპოზიცია ვინც არის, ყველამ ყველანაირი განსხვავებულობის, წყენების და აღშფოთებების მიუხედავად, უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა და ვადამდელი არჩევნები მოვიპოვოთ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დიქტატურას გადაურჩეს“
კომენტარები