ლევან ჯავახიშვილი, ალია
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– თქვენი სიტყვები ხშირად ცხადდება ხოლმე და ვარაუდობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად დაბრუნდება პოლიტიკაში, თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ?
– არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს კვლავ მოუწიოს პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართვა. მისი მეორედ მოსვლა ვნახეთ, მაგრამ მესამედაც რომ მოვიდეს, არ გამიკვირდება. შესაძლოა, გამოგვიცხადოს, სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ და იმიტომ დავბრუნდიო. მე ვფიქრობდი ასე და ეს განცდა, აქამდე გაუჩინარებული ივანიშვილის წერილმა გამიძლიერა. ზოგადად, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს, მაშინ მოევლინება ხოლმე ივანიშვილი მაშველად, ახლა უჭირთ კი არა, რესურსი აღარ დარჩათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. გიორგი გახარიამ გუნდს უღალატაო. ვინ უღალატა? ვინ დარჩა იმ გუნდიდან ხელისუფლებაში, ვინც გახარია როცა მოვიდა პოლიტიკაში, მაშინ დახვდა? არც არავინ. ყველა გაიქცა ან გაქციეს. კახი კალაძეღა დარჩა და ისიც შანტაჟით ჰყავთ დაჭერილი.
– ისე, დაკვირვებული ვარ. კახი კალაძე ცოტა ხისტ განცხადებას გააკეთებს თუ არა, ისეთ რაიმეს თუ იტყვის, რაც ერთი–ერთში არ ჯდება „ქართული ოცნების“ მესიჯებთან, იმავე დღეებში თბილისის რომელიმე გამგეობაში და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, კორუფციის ბრალდებით, ვიღაც უნდა დაიჭირონ. ცხადია, ეს ხალხი კალაძის გუნდი წევრები, ან მათი ახლობლები. უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო. ეს არაპირდაპირი ზეწოლაა კალაძეზე და ერთგვარი მინიშნებაც – თუ ჩვენთან არ იქნები, შენიანებს დავიჭერთ და ბოლოს შენამდეც მოვალთო?
– კი, როგორც კი ცოტა პატარას გაიფხაკუნებს კალაძე, იმ წამსვე პრობლემა აქვს. რაც ფული მოიპარა, იმას დაახარჯინებენ. ადგილობრივ არჩევნებს მას ჩაატარებინებენ, მისი ფული დაიხარჯება ამ არჩევნებზე.
– „ნაციონალებიც“ შევიდნენ პარლამენტში და რა შეიცვალა ამით? ლეიბორისტების გარდა, ყველა პარტია შევიდა.
– უკვე, როდესაც ამდენი პარტია იყო შესული პარლამენტში, მე ვემხრობოდი, რომ შესულიყვნენ სხვებიც –„ნაციონალები“, „ლეიბორისტები“, თაკო ჩარკვიანი. იმიტომ, რომ ესენი ბევრად უკეთესი სპიკერები არიან, ვიდრე სხვა პარტიის წარმომადგენლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომლებიც შეშინებულნი იყურებოდნენ პარლამენტის დარბაზში და „ქართული ოცნება“ დომინირებდა. ერთიც მინდა ვთქვა. ძალინ ცუდი საყურებელია, როდესაც სახელოვანი სპორტსმენი საჩხუბრად არის შესული და არა საქმის საკეთებლად. საკუთარ თავს არ უნდა აკადრო და იმ გულშემატკივრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ტაშს გიკრავდნენ.
– მიხეილ ყაველაშვილს გულისხმობთ?
– არა მარტო მას, ყველას, ვინც ნიკა მელიას გამოსვლის დროს წამოხტა და პოლიტიკურ ოპონენტებზე გაწევ–გამოწევა დაიწყო. ზოგადად, სპორტისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ადგილი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, ცხადია, თუ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვქვს საქმე. პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკოსებმა. ხალხს უყვარხარ, ამაგი გაქვს ამ ქვეყანაზე, ასახელე და აკეთე ის საქმე, რაც იცი. კახი კალაძე ხალხს ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ გულშემატკივრებიდან ბევრი დაკარგა. უხერხულია, ასეთი სახელოვანი ფეხბურთელი იყო და დღეს თბილისის მერიაში მის კორუფციულ სქემებზეა დასაბუთებული ლაპარაკი. ტენდერებით მოპარულ ფულზე, „ატკატებზე“ და ათასგვარ მაქინაციაზე. კაცი, რომლითაც ვამაყობდით, დღეს კორუფციასა და სიბინძურესთან არის ასოცირებული.
– კი, ბევრმა სპორტსმენმა, წლების განმავლობაში მოპოვებული ხალხის სიყვარული, პოლიტიკაში მოსვლით გაანიავა რამდენიმე წელიწადში. მერიაში არსებულ კორუფციაზე უამრავს ვწერდი, სავარაუდო ატკატებზეც, თუმცა, მართლაც, როგორც ჩანს, სანამ კალაძე „ოცნებაშია“, ამ საქმეებს არავინ მოედავება. გიორგი გახარიას მინდა დავუბრუნდე. მის ინტერვიუსაც ვუყურე, პრესკონფერენციასაც, მაგრამ ახალი არაფერი თქვა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
– კი, ვერავინ ძარღვი ვერ დაიჭირა მის ნათქვამში. აი, ასეთები არიან – არც გეგმა, არც ქმედება, უბრალოდ ლაპარაკობენ და მათი სიტყვები წყალია, გახარიასიც და ვინც მას გადაჰყვა „ქართული ოცნებიდან“, ყველასი. ეს ქვეყანაც წყლად აქციეს. ლაი–ლაის მეტი არაფერი შეუძლიათ. საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. ვინც ქვეყნის სასიკეთოდ იბრძვის, ხალხის გასაჭირი სტკივა და ვისაც რაღაც პრინციპები გააჩნია, ესეთ ხალხს იშორებენ, ესეთები მათი მტრები არიან. გახარიაც მაგ ტიპის პოლიტიკოსია, „ქართული ოცნების“ წიაღში აღმოცენებული. ამ დღეებში ამდენი ილაპარაკა ტელევიზიებში და ვერ გავიგე, რა პრინციპები აქვს და ან აქვს თუ არა საერთოდ.
– ჟურნალისტებმა ის ვერ ათქმევინეს, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი არის თუ არაო. არც ჰო თქვა, არც არა. ამ კითხვასაც კი თავი აარიდა.
– კი, ვერც ის თქვა, არის არაფორმალური მმართველიო და არც ის თქვა, არ არისო, ტყუილიც არ უნდოდა ეთქვა, ეგრე გამოვიდა.
კომენტარები