ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, პასუხობს, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კითხვებს.
ნიკა მელია:
-ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როცა დავით კეზერაშვილმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი, მე მას შევხვდი.
გიორგი თარგამაძე:
-მე პირიქით ვიცი, რომ სურვილი თქვენ მიერ გამოითქვა, მე ასე ვიცი.
ნიკა მელია:
-რატომ უნდა ვიკადროთ… თქვენ გგონიათ, მე ციხიდან გამოვედი, გამოვთქვი სურვილი, დათო კეზერაშვილი მინდა ვნახო?
გიორგი თარგამაძე:
-მე როგორც ვიცი, ასეა.
ნიკა მელია:
-ვინ გითხრათ გიორგი, რატომ აკეთებთ ასეთ განცხადებას?
გიორგი თარგამაძე:
-ვინც თქვენ დაგაკავშირათ მასთან.
ნიკა მელია:
-მე გამოვთქვი სურვილი დათო კეზერაშვილთან შეხვედრის? პირველად მესმის ამ ვერსიაზე. თუმცა, ხომ არის რაღაცეები, რაც არ უნდა ვიკადროთ, საოცრებაა.
გიორგი თარგამაძე:
-შეხვდით, ისაუბრეთ…
ნიკა მელია:
-ამ ადამიანმა, თებერვლის თვიდან დაიწყო ის, რაც დაგვირგვინდა 9 ნოემბერს, უკვე ვანო მერაბიშვილთან ერთად. თქვენ თუ გჯერათ, რომ 9 ნოემბრის ბრიფინგი შედგებოდა თუ მათ უკან კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ იდგებოდა, დაგიმტკიცებთ, რომ ეს ასე არ იყო. ისევე, როგორც 2016 წელს არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, უკან თუ არ იდგებოდა დათო კეზერაშვილი. მეუბნებიან, დათო კეზერაშვილი როცა რაღაცაში გეხმარებოდა პარტიას, მაშინ კარგია და მერე ცუდიო?
გიორგი თარგამაძე:
-რა მოთხოვნები ჰქონდა დავით კეზერაშვილს? რა ნაბიჯები გადაიდგა მისი მხრიდან ისეთი, რომ წინააღმდგეობაში მოვიდა თქვენ შეთანხმებასთან?
ნიკა მელია:
-მე დავინახე საფრთხე, ან ეს პარტია გადაიქცევა პოლიტიკური ორგანიზაციიდან ნახევრად ბიზნესორგანიზაციად, ან მთლიანად ბიზნესორგანიზაციად. დავინახე საფრთხე არაფორმალური გავლენების ძალიან დიდი დოზით შემოტანის. კეზერაშვილის და მერაბიშვილის გზები გადაიჯაჭვა და მათი კანდიდატია ახლა ის, ვინც კადრულობს ყველაფერს.
გიორგი თარგამაძე:
-თქვენ თქვით ადრე, რომ კობა ნაყოფიას გადადგომა გთხოვათ, ხო?
ნიკა მელია:
-გაკონტროლებას როცა დააპირებ იქ ნამდვილად სერიოზული პრობლემა შეიქმნება…
გიორგი თარგამაძე:
-ხოდა, რაში გამოიხატა გაკონტროლება? სხვა ეთერში თქვით, რომ ნაყოფიას გადაყენება უნდოდა.
ნიკა მელია:
-ნაყოფიამდე გიყვებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანს, 2015 წლამდე ნაციონალურ მოძრობას ეხმარებოდა დათო კეზერაშვილი? ედგა გვერდში? ედგა, ედგა. 2016 წელს რა გააკეთა, დავინახეთ. მას შემდეგ ჩაიარა წლებმა და მოვედით 2021 წლამდე. დავინახე კონკრეტული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა პარტიის დასუსტებას. როდესაც თანამშრომლობა აღარ გაქვს ადამიანთან და რეალური თანამშრომლობა აღარ მქონდა 2022 წლის იანვრიდან, ამ დროს პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობას აქვს ადგილი. აფუძნებს ანტიკორუფციულ ორგანიზაციას, დიახაც ეს იყო პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობა. როდესაც პარტიაში აფინანსებ რაღაცა ორგანიზაციას და პარტიის თავმჯდომარე საქმის კურსში არ არის…
გიორგი თარგამაძე:
-ანტიკორუფციული მოძრაობა მანამდე რომ იყო დაარსებული, თქვენ ინფორმირებული ხართ… ვასო ურუშაძე და სხვები მანამდეც არსებობდნენ.
ნიკა მელია:
-ვასო ურუშაძეს არ ვეხები.
გიორგი თარგამაძე:
-ამ ორგანიზაციაზეა საუბარი. შემდეგ უკვე, ხაბეიშვილი, თქვენ მიერ წარდგენილი, საბჭოს წევრი გახდა, რომელშიც მას დაევალა, ანტიკორუფციული საქმიანობა…
ნიკა მელია:
-იქედან იწყებს ეს ადამიანი იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც მჯერა რომ ვერ განახორციელებს….
გიორგი თარგამაძე:
-ხაბეიშვილი ვერ განახორციელებს ანტიკორუფციულ მონიტორინგს?
ნიკა მელია:
-ამჯერად კრახს განიცდის, იმიტომ რომ ამ გზაზე სიმართლის გარეშე…
გიორგი თარგამაძე:
-ანტიკორუფციული მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის ალტერნატივა შეიძლებოდა ყოფილიყო?
ნიკა მელია:
-როცა პარტიას ჰყავს თავმჯდომარე და თავად საუბრობენ, რომ გეხმარებოდნენ, გაფინანსებდნენ…
გიორგი თარგამაძე:
-ანტიკორუფციკული თქვენ ხელს რაში გიშლიდათ, თქვენ ხომ პარტიის ლიდერი იყავით და ყველას წარმატება საკუთარ თავზე შეგეძლოთ მიგეწერათ.
ნიკა მელია:
-ფულს ხარჯავს ადამიანი, რომ პარტია დაასუსტოს…
გიორგი თარგამაძე:
-რა შუაში თქვენი დასუსტება, ანტიკორუფციული ინტერესი აქვს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც ამ მონიტორინგს აწარმოებს.
ნიკა მელია:
-მალაპარაკე, გავიგე, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში ვარ…
გიორგი თარგამაძე:
-ვერ გაიგებ, იმიტომ რომ კეზერაშვილი არაფერ შუაშია, კითხვებს გისვამ…
ნიკა მელია:
-9 ნოემბერს, რაც მოხდა, ამ ადამიანმა დაგეგმა, რა დროს გადაიკვეთა ვანო მერაბიშვილთან, არ ვიცი.
გიორგი თარგამაძე:
-მანამდე თქვენ მიმართ უკმაყოფილება, ჩვეულებრივი, რიგითი წეერებისგან არ გიგრძვნიათ მთელი შემოდგომის განმავლობაში? არც სოციალურ ქსელებში? შემოდგომაზე უფრო მეტი აქტივობის სურვილი?
ნიკა მელია:
-ვისგან? ამომრჩევლისგან მისაღებია, მაგრამ ამ ადამიანებისგან? რომლებსაც ხელეწიფებოდათ რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ამ ადამიანებისგან მიუღებელია. მე რაც უნდა ვთქვა, შეიძლება არ დამეთანხმოთ…
გიორგი თარგამაძე:
-ანტიკორუფციულს როგორ უნდა გადაეტრიალებინეთ, მართლა ვერ გავიგე, მაგრამ ეს ჩემი აღქმაა. მე ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრი მხარდამჭერის კრიტიკა ვიცი. რა შეიცვლება თქვენ სტრატეგიაში, თუ ისევ გახდებით ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარე?
ნიკა მელია:
-მერე? რა საერთო აქვს მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან ამ ადამიანების გულწრფელ კრიტიკას? როგორც წესი გადაცემა ასე არ მიგყავთ ხოლმე… გულწრფელი ამომრჩეველი არათუ წუხს, ძალიან განიცდის, მაგრამ არაფერი საერთო არა აქვს კეზერაშვილ-მერაბიშვილს ამასთან.
ნიკა მელიამ ინტერიუს მსვლელობისას, ასევე თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის გახდება პარტიის თავმჯდომარე, ცვლილებებს დაიწყებს და მოქმედების გეგმას ფართო საზოგადოებას გააცნობს.
კომენტარები