ახალგაზრდა, წარმატებული მეან-გინეკოლოგი შორენა სამუშია თავისი პროფესიონალიზმითა და პაციენტებთან უშუალო, მეგობრული მიდგომითაა ცნობილი. პროფესიულ გზაზე უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, რამაც მხოლოდ გააძლიერა და დღეს მის ანგარიშზე არაერთი გადარჩენილი სიცოცხლეა. იბრძვის ბოლომდე და თითოეულ შემთხვევაში მაქსიმუმს ითხოვს საკუთარი თავისგან.
შორენა სამუშია: ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, ეს ის სფეროა, რომელიც თუ მთელი გულით არ გიყვარს, წარმატებული ვერ იქნები. წარმატებისთვის საჭირო უნარები პროფესიულ გზაზე შევიძინე და გამოვიმუშავე, თუმცა, ვფიქრობ ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწარაფად მიღების უნარი მაინც თანდაყოლილი მაქვს.
– ადამიანების სიყვარული და მათთან განსაკუთრებული გულისხმიერი დამოკიდებულება ყოველთვის გამოგარჩევდათ, როგორც ჩანს შინაურ ცხოველებთანაც მეგობრობთ.
– მაქსიმალურად ვცდილობ ინდივიდუალურად მიუდგე და თბილი დამოკიდებულება მქონდეს პაციენტებთან, ისინი ხომ იმიტომ მოგვმართავენ , რომ ჩვენგან დახმარებას და თანდაგომას ელიან… რაც სეეხება ცხოველებს, მყავს 2 მალამუტი – ჩიკა და შაგუ, მოგეხსენებათ ძალიან რთული და დაძაბული სამუშაო განრიგი მაქვს, ამ სტრესული ცხოვრების ფონზე მათთან ურთიერთობა ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.
– მართლაც როგორ ახერხებთ სტრესისგან გათავისუფლებას?
– ხშირად არაფორმალურ გარემოშიც, არასამსახურეობრივი საუბრების დროსაც, გონებით ისევ პაციენტებთან ვარ, განსაკუთრებით მათზე მეფიქრება რომელთა მდგომარეობაც არასტანდარტულია. ხშირად სიზმარშიც ოპერაციაზე ვარ, მნიშვნელოვანია, რაღაცამ დააბალანსოს ეს სტრესი ამიტომ ხანდახან განტვირთვის საშუალებას ვაძლევ თავს მოგზაურობით, თუმცა მაინც ძირითად განტვირთვას ჩემი ეზო, მცენარეების მოვლა და ძაღლები მანიჭებენ.
– ნებისმიერი ექიმის სამედიცინო ისტორიაში მოიძებნება ყველაზე რთული ქეისი, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი.
– იყო პაციენტი, რომელთანაც განვითარდა ისეთი რთული ტიპის სისხლდენა რომელსაც ჰქვია სისხლის შედედების უნარის დარღვევით განვითარებული სისხლდენა, ვერაფერს შევადარებ იმ მდგომარეობას, რაც იმ წუთებში განვიცადე, ეს ის მომენტია, როდესაც პაციენტის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ხარ. როდესაც დავჯექი პაციენტთან მშობიარობის შემდეგ დათვალიერებისთვის და შემდეგი პროცედურებისთვის და ერთი შეხედვით ყველას გვეგონა, რომ კარგად იყო ყველაფერი, უცებ ვიყვირე, ჩქარა საოპერაციოში-თქო და ყველა გაოცებული მიყურებდა, იმ წამს მივხვდი, რომ თუ წამებში არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, შესაძლოა დაგვიანებული ყოფილიყო. და ეს პაციენტი და ბავშვიც დღეს ჯანმრთელები არიან. არის შემთხვევები, როდესაც ყველაფერს გაიღებს ექიმი მაგრამ შესაძლოა, მაინც ცუდი შედეგი დადგეს, მაგრამ როდესაც შენ მაქსიმუმს გააკეთებ, საკუთარ თავთანაც და პაციენტთანაც მართალი ხარ.
გვყავდა შვიდი კვირის ორსული, პირველი ორსულობა იყო 38 წლის ასაკში, მთელი მუცლის ღრუ შევსებული ჰქონდა გიგანტურ მიომატოზურ კვანძს, საშვილოსნო კვანძის ზეწოლის გამო ღვიძლთან იყო მიბჯენილი, მიომის კვანძი ისე ამოვიღეთ, რომ ეს ორსულობა გაგრძელდა (რაც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო იმ დროს) და ყველაფერი წარმატებით დასრულდა. იმ მომენტში ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ისე ამომეღო მიომა, რომ საშვილოსნო შემენარჩუნებინა. მოგვიანებით, ამ ქალბატონმა მეორე შვილიც გააჩინა,
რთულ მდგომარეობაში განცდილ ემოციებს ვერანაირი თანხა ვერ აანაზღაურებს, არის მხოლოდ ერთი – მადლიერი პაციენტი, ეს უდიდესი სტიმულია.
– რაიმე რიტუალი თუ გაქვთ ოპერაციის წინ?
– როდესაც ოპერაციაზე შევდივარ ყოველთვის ჩემთვის ვამბობ მოკლე ლოცვას და ღმერთის ხსენებით ვიწყებთ მუშაობას, ჩვენი ხელით ვეხმარებით პაციენტს, რეალურად კი, ამ ყველაფრის ძალას ღმერთი გვაძლევს. არის მომენტები, როდესაც დაღლილობისგან ფეხზე ვერ დგახარ, სწორედ იმ დროს შემოდის უმძიმესი პაციენტი და თითქოს მეორე სიცოცხლე გეხსნება, ისეთი ენერგიით იწყებ ახალ შემთხვევასთან ბრძოლას, ეს რაღაც არაბუნებრივი შესაძლებლობაა.
– ძნელია ძლიერი ქალის სტატუსის ტარება?
– ძლიერი ქალის სტატუსამდე და ჩემს პროფესიაში თავის დამკვიდრებისთვის გზა საკმაოდ რთული იყო, მქონდა მომენტები როდესაც დაუმსახურებლად მექცეოდნენ და უპირატესობას აძლევდნენ მას, ვინც არაფრით იყო ჩემზე მეტი, მე ამ ყველაფერს ძალიან მტკივნეულად ვხვდებოდი, ეს იყო ურთულესი გზა ჩემს ცხოვრებაში, რაც ძალიან დიდი ბრძოლის და ნებისყოფის ხარჯზე გავიარე. თუმცა მადლობა ამ ადამიანებს, რომ მასწავლეს, როგორ არ უნდა მოექცე ახალგაზრდებს და დამწყებ ექიმებს, ასევე როგორ არ უნდა დანებდე და იარო წინ.
გარეგან სიძლიერესთან ერთად, ჩვენ ჩვენი სისუსტეები გვაქვს, მათ შორის მეც. არის მომენტები როდესაც ამ რეჟიმით იღლები და უბრალოდ გინდა, ყველაფერს გაეცალო, მაგრამ ეს ყველაფერი წამიერია, რადგან ვფიქრობ, თავის დროზე მოვიწამლე ამ პროფესიით და რა უზრუნველყოფაც არ უნდა მქონდეს ცხოვრებაში, მე მაინც ვიმუშავებდი ამ პროფესიით. იმხელა ადრენალინია ახალი სიცოცხლის მოვლენა, ან წარმატებული ოპერაცია, რომ ვფიქრობ დანარჩენ სტრესებს ეს გვიბალანსებს.
– სტუდენტებთანაც მუშაობთ, რას ურჩევთ მომავალ თაობას, ვინც ამ რთული გზის დასაწყისში დგას?
– დიახ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვასწავლი. ვფიქრობ, რა სფეროც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა, ყველგან ძალიან ძლიერი და მოთხოვნადი უნდა იყოს. საკუთარი თავის და ენერგიის დაზოგვით არაფერი გამოვა, როდესაც ვფიქრობთ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია ზუსტად იქ უნდა შევძლოთ ყველაზე მეტი. მონდომება და პასუხისმგებლობის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში, უნდა გავითავისოთ ჩვენი როლი ადამიანების ცხოვრების ცვლილებაში.
თუ თავად არ განვითარდი, მედიცინისთვის ნებისმიერ ასაკში პატარა იქნები. ეს სფერო საოცარი ტემპით ვითარდება და საჭიროა, ფეხი აუწყო ამ პროცესს.
– ძირითადად რა ოპერაციებზე მუშაობთ, რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ პაციენტებმა?
– ვაკეთებ ყველაფერს თუ რამე არსებობს მეანობა-გინეკოლოგიაში, მაგ: თუ არსებობს დაორსულების თვალსაზრისით ხელისშემშლელი პირობა, მისი მკურნალობა და დიაგნოსტიკა, ორსულობის (მათ შორის გართულებებით მიმდინარე), მშობიარობის მართვა. კლასიკური და რთული რეკონსტრუქციული ოპერაციები, ასევე კოსმეტიკური ოპერაციები – როგორც ვაგინალური, ასევე ენდოსკოპიური მიდგომით, ერთადერთი რისთვისაც არ უნდა მომმართონ, ეს არის აბორტი ცოცხალ ნაყოფზე, არავითარ შემთხვევაში არ ვერევი ამ საკითხში, მქონდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ქალბატონს გადავაფიქრებინე აბორტის გაკეთება, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ჩვენი კლინიკა მეხუთე კლინიკური საავადმყოფო, მთავარი ჰოსპიტალი – „ღია გული“, სადაც სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი ვარ, მაღალი რისკის ორსულებს ემსახურება, გვაქვს ახალშობილების რეანიმაციაც და გართულების შემთხვევაში დედა და ბავშვი ერთ სივრცეში იღებენ სრულ მომსახურებას. ვიღებთ რთულ პაციენტებს და ვემსახურებით მაღალი რისკის ორსულებს, ამიტომ ნებისმიერი სირთულით შეუძლიათ მოგვმართონ.
ასევე შეუძლიათ მომმართონ საკონსულტაციოდ ი. კოხრეიძის ცენტრში, სადაც დამატებით, შესაძლებელია ესთეტიკური და კოსმეტიკური განხრით გინეკოლოგიური მომსახურების მიღება.
– რას ურჩევთ მათ ვინც ახლა აპირებს დაორსულებას?
– ვურჩევ, სანამ ორსულობას დაგეგმავენ ერთხელ მაინც მიმართონ კონსულტაციაზე გინეკოლოგს, რომ კონკრეტულად და ინდივიდუალურ შეირჩეს მიდგომა და მართვა. რაც შეეხება ვაქცინაციასთან არსებულ აქტუალურ კითხვას, გეტყვით, რომ კარგი იქნება დაორსულებამდე აიცრათ და მოემზადოთ ამ ყველაფრისთვის, ამით შეუმცირებთ რისკებს როგორც საკუთარ თავს, ისე ნაყოფს.
– ბევრი ექიმი ფიქრობს რომ იმისთვის რომ ნაყოფმა მიიღოს საკმარისი ვიტამინები დედის ორგანიზმიდან, საჭიროა ორსულმა აქტიურად მიიღოს სხვადასხვა ვიტამინები პრეპარატების სახით, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
– არის გამონაკლისი შემთხვევები როდესაც ტოქსიკოზის გამო ფიზიკურად საკვებს ვერ იღებს ორსული, რა თქმა უნდა, საჭიროა ჯერ ამ პრობლემის აღმოფხვრა და პარალელურად, ვიტამინების მიღების საკითხის განხილვა, სხვა შემთხვევაში რუტინულად ვიტამინებს არ ვუნიშნავ ორსულს. ამის არანაირ საჭიროებას არ ვხედავ მაშინ, როდესაც საკვების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია. მითია ის, რომ რადგან ორი არსებაა ერთ სხეულში აუცილებლად ორმაგი უნდა ჭამოს ქალმა, ნაყოფი თავისთვის საკმარისი საკვების მიღებას ისედაც ახერხებს.
– კოვიდპანდემიის პირობებში როგორ მუშაობთ?
– ჩვენი კლინიკა ამ წუთას კოვიდორსულებს და მშობიარეებს არ იღებს, თუმცა მზადყოფნაშია საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ბლოკი, იმისთვის რომ სხვა კოვიდკლინიკების სრული დატვირთვის შემთხვევაში მივიღოთ ასეთი პაციენტები. რთულია ის დაუდევრობები, რასაც ვაწყდებით, ხშირია როდესაც ოჯახის წევრებს მიაქვთ ორსულთან ვირუსი და საფრთხის წინაშე დგება ბავშვიც და დედაც.
– ასეთი აქტიური სამედიცინო კარიერის პარალელურად რთულია ოჯახშიც საჭირო დოზით ყოფნა, ამ მხრივ ალბათ ოჯახის წევრებისგან დიდი მხარდაჭერა გაქვთ.
– მეუღლეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ჩემს კაერიერასთან არსებული სირთულეები, დამეთანხმებით ადვილი არ არის, როდესაც შეიძლება ორი დღე ისე გავიდეს, სახლში შერბენაც ვერ მოვახერხო, არ ვიცი რა წუთს დამირეკავენ და მომიწევს გაქცევა, მან მიიღო ჩემი პროფესია თავისი სირთულეებით და არასოდეს მიგრძვნია, რომ მისთვის ეს პრობლემაა, პირიქით, ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
ჩემი შვილი ძალიან განიცდის ჩემს ასეთი დატვირთვით მუშაობას, მუდმივად მირეკავს და მეკითხება ცოტა მაინც თუ მოვახერხე დასვენება.
ნინო მახარაძე
კომენტარები