„თალიბანის“ წევრები ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის გარეუბნებში შევიდნენ. ისინი უკვე კალაკანის, ქარაბაგისა და პაგმანის ოლქებში იმყოფებიან.
ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ქაბულში, აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლების მშვიდობიანად ევაკუაციისთვის ჩავიდნენ, ანონიმურად ადასტურებენ ინფორმაციას. მედია წერს, რომ საელჩოს სახურავის მიმდებარედ, კვამლი შეინიშნებოდა და სავარაუდოდ, დიპლომატები ანადგურებენ დოკუმენტაციას, რომელიც არ სურთ, „თალიბანის“ ხელში აღმოჩნდეს.
მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა შენობა ავტომობილებით დატოვეს, საელჩოს სახურავზე ვერტმფრენები დაეშვნენ.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქვეყნის ძირითადი ქალაქებიდან დედაქალაქი ქაბული ახლა ერთადერთი ადგილია, რომელზეც მთავრობის კონტროლი ამ დრომდე ვრცელდებოდა, თუმცა, დედაქალაქის „თალიბების“ მიერ აღებას ჯერ არცერთი მხარე არ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ .რამდენიმე საათის წინ, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადიც აიღო. როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია და ქალაქის მმართველი უბრძოლველად ჩაბარდა.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, რომლის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს უკვე „თალიბები“ აკონტროლებენ, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
კომენტარები