გამიზნული პროვოკაცია, – ასე აფასებს დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ანდრია ჯაღმაიძე ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ივერი მელაშვილი გარეჯში არ უნდა ჩასულიყო, თუმცა სასულიერო პირების ასეთი ქცევაც მიუღებელია.
ანდრია ჯაღმაიძე:
როცა იყო ხსენება გარეჯელი მამებისა, იმ დღეს დაიგეგმა მელაშვილის გარეჯში ჩასვლა. როცა მელაშვილი მსაჯავრდებულია ქართული მიწების გასხვისებაში, უნდა მოერიდოს იქ ჩასვლას. მთლიანობაში გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება, ძალადობას ვემიჯნებით. მამები ამას თავად გააცნობიერებენ და შეინანებენ.
არ არის გამართლებული ძალადობა, გარეჯში მაცხოვრებელი მამაოები ამას მძაფრად აღიქვამენ. გუშინდელ საქმეზე მას არ ვემადლიერებით. ეს არის გადაცდომა, რაც მამაოებმა გააკეთეს, ამაზე იმსჯელებენ ის ორგანოები, ვისაც ევალება. სანამ კადრებს ვნახავდით, იყო მსჯელობა, რომ მელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერას აუკრეს ხელი. ის, რომ მელაშვილი ცემეს, არ ჩანს კადრებიდან. რა აუცილებლობა იყო მელაშვილის ტაძრის კარებთან გამოჩენა და იქ ინტერვიუს ჩაწერა? არ ვამართლებ გუშინდელ ძალადობრივ ქმედებას და არც მელაშვილის იქ გამოჩენას. როცა ვლაპარაკობთ ჟურნალისტური საქმიანობის შეშლაზე, ეს სტანდარტია, ეს საზოგადოებამ უნდა დაიცვას, მაგრამ როცა რელიგიური შინაარსის ღონისძიება მიმდინარეობს და ჟურნალისტები ხელს უშლიან, ამაზეც უნდა ითქვას, მაგალითად ჭყონდიდის ფაქტი. ცალმხრივად მარტო ჟურნალისტების კი არა, არც სასულიერო ღონისძიების ხელის შეშლა არ შეიძლება.
ინციდენტი დავით გარეჯში გუშინ მოხდა, ფაქტზე საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული. საგარეჯოს პოლიციაში სასულიერო პირები უკვე დაკითხეს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები